ნიკა ჩიტაძე - ჩვენ გვაწყობს, რომ დაძაბულობა არ არსებობდეს - საქართველომ არავითარი პროამერიკული და მითუმეტეს, პროირანული განცხადება, არ უნდა გააკეთოს

ირანსა და აშშ-ის შორის სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში, დასავლეთს ყურადღება ექნება ახლო აღმოსავლეთზე და არა შავი ზღვის რეგიონზე, სადაც საქართველო მდებარეობს, - ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნიკა ჩიტაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროცესები სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზრდება, ახლო აღმოსავლეთზე დასავლეთის ყურადღების გადატანის პარალელურად, რუსეთს შესაძლებლობა მიეცემა პოსტსაბჭოთა სივრცეზე საკუთარი გავლენა გააძლიეროს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა რუსეთს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის დამყარების მიზნით აწყობს, არამედ ეს ხელს აძლევს მის ეკონომიკასაც.

„დაძაბულობა აწყობს რუსეთს, რადგან ბუნებრივია ირანის გარშემო შექმნილი დაძაბულობა ხელს შეუწყობს მსოფლიო ნავთობზე ფასების ზრდას, ჩვენ ვიცით, რომ ირანი ფლობს ნავთობის უზარმაზარ მარაგებს, ბუნებრივია, გაიზრდება ფასები ნავთობზე. თავის დროზე, 21-ე საუკუნის პირველ დეკადაკში, გახსოვთ, ერაყში დაძაბულობის და ირანის ბირთვული პროგრამის გამო როგორ ავარდა ფასები ნავთობზე და ამის შედეგად, რუსეთის სავალუტო რეზერვებმა 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა,“- ამბობს ნიკა ჩიტაძე.

თუმცა, ექსპერტი ვარაუდობს, რომ აშშ ირანზე სახმელეთო შეტევას არ განახორციელებს. ამ მოსაზრების გასამყარებლად ნიკა ჩიტაძეს რამდენიმე არგუმენტი აქვს, მათ შორის ირანის ტერიტორიული მასშტაბი და სამხედრო შესაძლებლობები, ასევე, თავად აშშ-ის ისტრიოული გამოცდილება.

„ირანი ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე ერაყი, რომელზეც აშშ-მ 2003 წელს რამდენიმე თვეში დაამყარა კონტროლი. ირანის ტერიტორია ორ ნახევარჯერ აღემატება ერაყის ტერიტორიას, შეიარაღებული ძალებიც გაცილებით ძლიერია, მას ჰყავს 1000-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, 1000-მდე ტანკი, 12 მილიონამდე რეზერვისტის მობილიზაცია შეუძლია. გარდა ამისა, ირანის ცალკე ჰყავს რევოლუციური გვარდია, რომელიც 500 000 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება.

სავარაუდოდ, უფრო მოსალოდნელი იქნება სარაკეტო დარტყმები საკუთრივ ირანის ტერიტორიაზე, რადგან სახმელეთო ტიპის ოპერაციების შემთხვევაში, ამერიკას ძალიან დიდი ხნით მოუწევს ომში ჩართვა.

ამასთან, ვიცით, რომ რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა ჩაატარეს ერთობლივი წვრთნები, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთიც მიაწვდის შეიარაღებას ირანს, ჩინეთიც ირანის გვერდზე დადგება (შეიძლება არა სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ შეიძლება ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინოს). გლობალურ საფრთხეს შეიცავს ეს ყველაფერი და ამის გათვალისწინებით, აშშ არ უნდა წავიდეს სახმელეთო დაპირისპირებაზე, ალბათ, უნდა გაითვალისწინოს ისტორიული გამოცდილებაც, თუნდაც, ის თუ რამდენად ძვირი დაუჯდა ვიეტნამში სახმელეთო ძალების განთავსება თავის დროზე, 10 წელი იმყოფებოდნენ იქ აშშ-ის ჯარები. ასევე, კორეის მაგალითი, სადაც ბოლომდე, მთელს ნახევარკუნძულზე ვერ მოხდა კონტროლის დამყარება,“- აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი ამ შემთხვევაში ეკონომიკური სანქციებია, რომელიც ირანს ისედაც დაწესებული აქვს. თუმცა, ექსპერტი ამბობს, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად, სავარაუდოდ, ნავთობის ფასების დაცემაზე იმუშავებს.

„მე მიმაჩნია, რომ თუ აშშ გამოიჩენს კეთილგონიერებას, ყველაზე კარგი იქნება ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება, რა თქმა უნდა, ეკონომიკური სანქციები აქვს აშშ-ს შემოღებული ირანის მიმართ, მაგრამ აქ ვგულისხმობ იმას, რომ აშშ-ს აქვს პოტენციალი იმუშაოს იმაზე, რომ ნავთობის ფასები დაეცეს. ვიცით, რომ აშშ-ის მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში არის საუდის არაბეთი, აქედან გამომდინარე როგორც ეს მოხდა, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, როცა აშშ გაურიგდა საუდის არაბეთის ხელისუფლებას და საუდის არაბეთმა გაზარდა ნავთობის მოპოვება, რის შედეგადაც მაშინ ნავთობზე ფასები დაეცა, ამან კი საბჭოთა ეკონომიკას შეუქმნა დიდი პრობლემა, ახლაც მე მგონია, რომ ირანის წინააღმდეგ ყველაზე რაციონალური აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება იქნება, რათა ნავთობზე ფასები დაეცეს. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი. ასევე, შესაძლოა, სარაკეტო დარტყმებთან ერთად აამოქმედოს აშშ-მ ეს ეკონომიკური ბერკეტები.

რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს დაძაბულობა არანაირად არ აწყობს, რადგან დასავლეთს გაუჩნდება დამატებით თავის ტკივილი და ახალი პრობლემები ირანის სახით. მართალია ირანის ბირთვული პროგრამის სახით დიდი ხანია პრობლემა არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სამხედრო ხასიათის დაპირისპირებას. ასეთ შემთხვევაში რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, რომ გააძლიეროს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რადგან დასავლეთს არ ეცლება პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, მისი ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე, კერძოდ ირანზე იქნება კონცენტრირებული. ასე რომ, ჩვენ გვაწყობს, რომ დაძაბულობა არ არსებობდეს. თუმცა, ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, არავითარი განცხადება პროამერიკული და მით უმეტეს, პროირანული არ უნდა გაკეთდეს,“- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა