ლევან ბოძაშვილი - თუ ირანი აშშ-ის გარდა კიდევ 2 სხვა სახელმწიფოს დაარტყამს, ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობა მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე დადგება

თავისთავად, ირანის მხრიდან დარტყმა არის ომის გამოცხადების აქტი, ასეთი პირდაპირი იერიშის მიტანა ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების 2 ბაზაზე ნიშნავს ომის აქტს, - ასე შეაფასა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ბოლო 24 საათში აშშ-სა და ირანს შორის განვითარებული მოვლენები.

ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სავარაუდოდ, ირანის შეტევა მსხვერპლით არ დასრულებულა (ტრამპის განცხადება, რომ ყველაფერი კარგადაა, ამას ნიშნავს), ეს აშშ-ის საშუალებას აძლევს, კარგად აწონ-დაწონოს ყველაფერი და ეს მისაღებია ირანისთვისაც, რადგან აშშ-სგან ავტომატურ დარტყმას არ მიიღებს.

მისივე თქმით, როგორი განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს, ამას დღეს აშშ-ის მიერ გადადგმული საპასუხო ნაბიჯი გამოაჩენს, თუმცა, ლევან ბოძაშვილი ამბობს, რომ თუ ირანმა შეტევა მართლაც მიიტანა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე ვდგებით.

„მსოფლიო ომი პირობითი ცნებაა, საერთაშორისო სამართლებრივად ნიშნავს მასში 5 სახელმწიფოს ჩართულობას სხვადასხვა კონტინენტიდან. თუ ირანი კიდევ 2 სხვა სახელმწიფოს დაარტყამს აშშ-ის გარდა, ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე დადგება კაცობრიობა. აქ უბრალოდ მასშტაბებია განსხვავებული, შედარებაც კი არ შეიძლება აშშ-ის და ირანის სამხედრო პოტენციალისა. ასევე, ისრაელის და ირანის სამხედრო პოტენციალის, თუ ეს დარტყმა განახორციელა ირანმა და ასეთი სიგიჟე მოუვიდათ თავში,“- განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ბოძაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის მიზანი ახლო აღმოსავლეთში არა ომი, არამედ მშვიდობის დამყარება და ტერორისტული და ე.წ. პროქსი ძალების განეიტრალებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ბოლო 20 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს დაიწყებდა ომს. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე საათში ირანის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დიპლომატიური არხებით პროცესების უკან შებრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„სწორედ ირანის ექსტრემისტული და ტერიტორისტული ბრძოლების გამოა ის, რაც ხდება, ამიტომ როგორც იტყვიან აშშ-მ დრაკონს მოაჭრა ერთი მნიშვნელოვანი თავი, რომ ის პროცესი გაეჩერებინა, რომელსაც ეს დრაკონი ახორციელებდა მთელი ამ წლების განმავლობაში ტერორისტული გასამხედროებული ძალების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში. სიტუაცია, რომელიც დღეს არის, აბსოლუტურად განსხვავდება აქამდე არსებულისგან, რადგან დღეს, როცა ირანის მხრიდან ასეთი სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, დიალოგით და დიპლომატიური არხებით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება პროცესის უკან შეტრიალება,“- აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

მისივე თქმით, აშშ-მ ირანელი გენერლის ლიკვიდაციით უკვე იტვირთა სამხედრო ლიდერის როლი, ხოლო სტრატეგია, რომელიც კონფლიქტებში აშშ-ის როლის შემცირებას გულისხმობდა და რომელმაც დადებითი შედეგი ვერ მოიტანა, შეიცვალა. ამას ემატება ისიც, რომ ირანმა უკვე განაცხადა, რომ ბირთვულ შეთანხმებას დაარღვევს, რაც უკვე არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ევროპის თავის ტკივილიცაა.

„ევროპა ბოლო მომენტამდე იცავდა ბირთვულ შეთანხმებას და ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის გასვლას ამ შეთანხმებიდან, თუმცა, ფაქტობრივი მდგომარეობა ჩვენ გვეუბნება, რომ ამერიკამ იტვირთა სამხედრო ლიდერის როლი და გვახსოვს, ამდენი წლის განმავლობაში აკრიტიკებდნენ იმას, რომ აშშ უკან იხევს და მას აღარ სურს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში კეთილი ჟანდარმის როლის განხორციელება. სწორედ ამაშია საქმე, რომ ამ ტაქტიკურმა უკან დახევამ არ მოიტანა დადებითი შედეგები, პირიქით გაძლიერდა ტერორისტული ძალები და რუსეთი ცდილობს ეს ყველაფერი გამოიყენოს დასავლური სამყაროს წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდებით, ჩაფრინდა სირიაში, დღეს ერდოღანს ხვდება. თანმიმდევრულია თუ არა ტრამპი, ის არის გადამწყვეტი და დღეს ვნახავთ, ჩვენ რა შედეგები მოჰვება ამას. ფაქტია, რომ ტრამპი ამას არ აჰყვა უცებ, თქვენ იცით, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი სამხედრო ყოფნა არსებობს, ეს ზღვიდან იქნება, ჰაერიდან თუ ა.შ. ამიტომ მათ აქვთ საშუალება მანევრები კარგად გათვალონ და მოკავშირეები იყვნენ დაცულნი.

ეს გადაწყვეტილება (სოლეიმანის ლიკვიდაცია), რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო, მანამდე განიხილა აშშ-ის ყველა ადმინისტრაციამ, მაგრამ ასეთი გადამჭრელი ზომა არავის მიუღია. ამიტომ ახლა ძალიან მაღალია ესკალაციის საშიშროება, ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე აქამდე იყო. მაგრამ თეთრად და შავად ნუ შევხედავთ ყველაფერს, დინამიკას უნდა გავყვეთ. დარწმუნებული ვარ, ირანის ეს ნაბიჯი არ დარჩება საპასუხო ქმედების გარეშე და არც უნდა დარჩეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა პროპორციას აირჩევს აშშ. ეს გამოაჩენს იმას, რეალურად რა მოხდება შემდგომი კვირების და დღეების განმავლობაში რეგიონში,“- ამბობს ლევან ბოძაშვილი.

რაც შეეხება საქართველოს წინაშე ამ პროცესების ფონზე არსებულ საფრთხეებსა და შესაძლებლობებს, ლევან ბოძაშვილის თქმით, საქართველო აშშ-ისთვის სამხედრო თვალსაზრისით ნაკლებ საინტერესოა, თუმცა, შესაძლოა, წამოიწიოს სრულიად სხვა საკითხმა, რომელიც აშშ-ის ინტერესშია და რომელიც ერაყში ქურთული სახელმწიფოს აღიარებას უკავშირდება. ბოძაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქართველომ პარტნიორის ტვირთი ბოლომდე უნდა ზიდოს, თუმცა, ხაზს უსვამს იმასაც, რომ აქედან მომავალი რისკები კარგად უნდა იყოს შეფასებული.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა, დაუდასტურებელი, რომ ერაყის ქურთულმა რეგიონმა, რომელსაც დამოუკიდებლობა აქვს გამოცხადებული და სეპარატისტულია, ერაყის პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ აშშ-ს შესთავაზა, თავიანთი ბაზები გადაიტანონ ამ რეგიონში. ვიცით, რომ კანადამ გაიყვანა 500-მდე სამხედრო, გერმანიას გაჰყავს 150, ბრიტანელები ცდილობენ გაიყვანონ, ყველა ცდილობს, რომ თავისი კონტიგენტი აღარ დატოვოს და ერაყში ამერიკული ბაზებისთვის პრაქტიკულად დელეგიტიმაციის საფუძველი იქმნება, ამ ეტაპზე აშშ-ისთვის ჯარების გაყვანა რა თქმა უნდა, სტრატეგიულად მიუღებელია, ამიტომ სთავაზობენ ქურთები მათ, რომ ეს ბაზები ამ რეგიონში განათავსონ. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ უნდა მოხდეს ქურთული სახელმწიფოს ლეგიტიმაცია, რაც ნიშნავს რომ უნდა მოხდეს ქვეყნების მხრიდან მისი აღიარება. ეს აღიარება წამოვა აშშ-ის მოკავშირეებიდან და პარტნიორი ქვეყნებიდან, მათ შორის ჩვენგანაც. თუმცა, ეს ჩვენთვის რამდენად მარტივი გადაწყვეტილება იქნება, ეს დასაფიქრებელია, რადგან ჩვენი პრობლემები გვაქვს: არაღიარების პოლიტიკა, პარტნიორული ურთიერთობები რეგიონში. პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც შეიძლება დავდგეთ საფრთხის წინაშე, რომ ჩართული ვიყოთ ამ ყველაფერში. ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს კარგად - სტრატეგიული პარტნიორობა (აშშ-სთან), არ ნიშნავს ცალმხრივ პარტნიორობას. პარტნიორობა არის მათი მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც და ჩვენ უნდა ვიყოთ სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორები. ამიტომ გადამწყვეტ მომენტებში ჩვენ ამ პარტნიორობის ტვირთის ზიდვა პატიოსნად მოგვიწევს, თუმცა, ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ თვითინიცირებით, რადგან საფრთხეები გაგვაჩნია, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით. მომხდარა ასეთი რაღაცები საქართველოს პოლიტიკაში, როცა ჩავრეულვართ იქ, სადაც არ უნდა ჩავრეულიყავით მაშინ, როცა ამის თხოვნა არ იყო. ამიტომ იმ შემთხვევაში თუ ეს საკითხი აშშ-ისთვის გახდება საინტერესო და ეს, მე ვფიქრობ, ამ ჭრილში - ქურთების რეგიონთან დაკავშირებით, შეიძლება მოხდეს, მაშინ მოგვიწევს დაფიქრება და ამერიკელებთან მუშაობა, რომ რისკები იქნას თავიდან აცილებული, რადგან როცა არაბულ სამყაროში შენ აღიარებ კონკრეტული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, აუცილებლად იმ რეგიონის მუსლიმური სახელმწიფოების მხრიდანაც დადგება საპასუხო საკითხი აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში. ბევრი რისკია, იმის გარდა, რომ იქ თურქული ინტერესებია და ა.შ. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დაითვალონ უსაფრთხოების საბჭოზე, ეს ყველაფერი უნდა იყოს აწონილი და ქართულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ინსტრუქციები, თუ როგორ იმოქმედონ კონკრეტულ შემთხვევაში და უნდა იყოს მინიმალური მზაობის ეტაპი, რომელიც შეიძლება აქამდე განხორციელებულიც კი უნდა იყოს. მეორე საფრთხე ეს არის ეკონომიკური და ჰუმანიტარული რისკებისგან თავის პრევენციული დაცვა. სხვადასხვა რეზერვების შექმნა, სახელმწიფო და საემიგრაციო სისტემების მაქსიმალური ტესტირება, რათა ვიცოდეთ სად არის ხვრელები და სად შეიძლება ჩავარდნა მოხდეს, რათა ვიმუშაოთ ამაზე.

თურქები, როგორც ვიცით ინჯირლიკის ბაზის გამოყენებაზე დათანხმდნენ ამერიკელებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ წმინდა სამხედრო თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო ვართ აშშ-სთვის. მაგრამ საგარეო და გეოპოლიტიკური რისკები ამ პროცესს ჩვენთვის მოჰყვება და აქ გარკვეული ტვირთის ზიდვა ჩვენ, როგორც პარტნიორ სახელმწიფოს მოგვიწევს. საზოგადოებაში არ უნდა იყოს ასეთი აზრი, რომ მხოლოდ ისინი უნდა გვეხმარებოდნენ და ჩვენ არაფერი უნდა გავაკეთოთ. პარტნიორობა ნიშნავს იმას, რომ მის გვერდით დგახარ ბოლომდე, მითუმეტეს, პარტნიორის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მილიარდებით გეხმარება და ცდილობს ნორმალური ქვეყანა ჩამოაყალიბოს. პარტნიორობა არ ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გარეშე. მე ნაკლებად ვთვლი, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების წინაშე დავდგებით, თუმცა, თუ რეგიონში სამხედრო თვალსაზრისით დიდი ესკალაცია მოხდა, ამის პოტენციური რისკები და შესაძლებლობები არსებობს,“ - აღნიშნავს ლევან ბოძაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო