გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა

მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას.

„გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით მოვისმინეთ კონკრეტული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და სამივე ინსტნციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება მისცა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ამ პოლიტიკური ძალის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარ ფიგურას. კოორდინირებული მოქმედებებისა და შეჯერებული პოლიტიკის განმსაზღვრელს. უვიზო მიმოსვლის შემოღების გუშინდელი უარყოფითი შეფასება ამ იდეოლოგიის კიდევ ერთი დადასტურებაა. უტიფრობაა ისიც, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დამრბევი, ფოტორეპორტიორების, ჯაშუშების ბრალდებით დაკავების ორგანიზატორი, არაერთი მედიასაშუალების კონტროლის ქვეშ მომქცევი, „რუსთავი 2-ის“ მიმტაცებელი ადამიანი საუბრობს მედიაგარემოზე, თავისუფლებაზე და საუბრობს იმ ტელევიზიების მეშვეობით, რომლებიც უმოკლეს დროში დაარეგისტრირეს და ეთერში ყოველგვარი შეფერხების გარეშე გავიდნენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას არაერთხელ მოუსმენია ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები საქართველოში ვითარების დაძაბვისა და რევოლუციური სცენარის განვითარების თაობაზე.

„მისი გუშინდელი განცხადება არაორაზროვნად უკავშირდება კონკრეტულ მოვლენებს და ნათელს ხდის იმ მიზეზს, თუ რატომ გაუჩნდა გამოძიებას კითხვები 20 ივნისის მოვლენებთან, მისი პირდაპირი, უშუალო კავშირის შესახებ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა