დიმიტრი ხუნდაძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე - ჯობია წამალს დააკლდეს პაციენტი, ვიდრე პაციენტს - წამალი

ჯობია წამალს დააკლდეს პაციენტი, ვიდრე პაციენტს - წამალი. ეს არ არის წამლის გასაღების პროგრამა, ის ემსახურება პაციენტის განკურნებას, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს შეტევა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, რაც ხუნდაძის განცხადებით ბოროტებაა.

„საყოველთაო საპატიმრო პროგრამის" ავტორები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემქმნელებს C ჰეპატიტის ელიმინაციას უწუნებენ და თავს ესხმიან სიკეთეს. ეს შემთხვევით არ ხდება, რადგან მათ უნდათ მსოფლიოში უპრეცედენტო პროექტის გაუფასურება - ოღონდ დააზიანონ ხელისუფლება, ოღონდ ჩრდილი მიაყენონ „ქართულ ოცნებას“, ისინი არ ერიდებიან ამ მნიშვნელოვანი სიკეთის დისკრედიტაციას. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ამ მასშტაბით ხორციელდება.

წარსული მძიმე იყო, ციხეებიდან ყოველ 5 დღეში 3 გვამი გამოჰქონდათ და გარეთ, დამატებით, კიდევ ორს ითხოვდნენ. ხალხი ქონებას ჰყიდდა, რომ მკურნალობის საფასური გადაეხადათ. დღეს კი კლინიკები სავსეა პაციენტებით და მათ ჯანმრთელობაზე ჯანდაცვის გასამმაგებული ბიუჯეტი იხარჯება. მიუხედავად სისტემაში არსებული ხარვეზებისა, დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, ამ დროისთვის 65 000 ადამიანმა ისარგებლა. აქედან 58 000-მა უკვე დაასრულა მკურნალობა და მათი განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მეტია.

„ამ პროგრამას იწუნებენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც ციხეებში ჰყავდათ გამომწყვდეული 25 000-მდე პატიმარი და აქედან, თითქმის ნახევარი C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული და სიკვდილის რეალური კანდიდატი იყო.

მაშინ ამ ვითარებამ ევროპულ სასამართლომდეც კი მიაღწია და 5 საქმეზე დაუდგინდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა არაადეკვატურ მკურნალობასთან და სისტემურ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც არა მხოლოდ პაციენტთა ჯანმრთელობის, არამედ სახელმწიფოს იმიჯისთვისაც საკმაოდ საზიანო იყო.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემიდან დაიწყო და შემდეგ მის გარეთაც გაფართოვდა. საქართველოში სკრინინგის მოცვის პროგრამა, რომელიც ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო გავრცელდა და გაშლილია მთელი ქვეყნის მასშტაბით 1200 წერტილში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული, მაგრამ არ მოსწონს ჭიაბერაშვილს. გაურკვეველ კალკულაციებს აკეთებს, ივიწყებს წარსულს და ცდილობს, რეალობა თავდაყირა დააყენოს. დაგვიწუნა 65 000 ნამკურნალები პაციენტი და ბრალი დაგვდო, კიდევ 2000 პაციენტის სამკურნალო პრეპარატი გქონდათ და რატომ არ გამოიყენეთო? თითქოს ამ 2000 პაციენტს უარი ვუთხარით მკურნალობაზე. ის კი არ იცის, ან არ უნდა იცოდეს, რომ წამლის მარაგის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია და 3-5%-ის ფარგლებში მეტობა დასაშვებია“- განაცხადა დიმიტრი ხუნდძემ.

ხუნდაძემ განცხადებებს, რომ ფინანსური ბარიერი იყო პაციენტთა დაბალი აქტივობის მიზეზი, სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ ამ პრობლემის სრულად მოხსნის შემდეგაც პაციენტთა ჩართულობის ტემპი რადიკალურად არ გაზრდილა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა