გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას - დღევანდელი განკითხვის დღე, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე

დღევანდელი განკითხვის დღე, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე, - ასე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გამართულ ბრიფინგზე.

ვაშაძის შეფასებით, ევროპარლამენტის დეპუტატებმა უმკაცრესი, უმძაფრესი შეფასება მისცა ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

„დღევანდელ ჩვენ ჩართვას ძალიან სამწუხარო მიზეზი აქვს და ამაზე სრულ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აგებენ ის ხალხი, ვინც თავის თავს „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეძახის. მათ ეყოთ „გამბედაობა“ ჩასულიყვნენ ევროპის კავშირის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ევროპარლამენტში დაეწყოთ საუბარი იმ „გასაოცარ დემოკრატიაზე“, რომელიც მათ საქართველოში ვითომდა ააშენეს. არ ჩამოვთვლი ყველა ევროდეპუტატს, რომლებმაც უმკაცრესი, უმძაფრესი შეფასება მისცა ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. არ მოვიყვან ციტატებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ არ დარჩენილა ფრაქცია, საიდანაც არ გამოსულიყოს წარმომადგენელი და არ გაეხსენებინათ ამ კორუფციული დაჯგუფებისთვის „გავრილოვის ღამე“, საქართველოს მოქალაქეების მოტყუება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, კორუფცია, პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესები და მათი პროკურატურაში ტარება. ის დაპირებები, რომელიც რეფორმებზე იყო და არ განხორციელებულა. მაგალითად, ომში მყოფი უკრაინა მოუყვანეს, რომელიც საქართველოს ასწრებს პოლიტიკური რეფორმების გატარების სისწრაფით. არც ერთი ევროდეპუტატი არ დარჩენილა, რომ არ გამოსულიყო და არ დაემთავრებინათ თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით - „როგორი ევროპელები ხართ თქვენ და რა ევროპული დემოკრატიაა ის სისტემა, რომელიც თქვენ ქვეყანაში გაქვთ?“

მინდა საქართველოს მოქალაქეებს გავახსენო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის შემდეგ მთლიანად ოპოზიცია და განსაკუთრებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ თქვენ გადალახეთ წითელი ხაზი, საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი მოკავშირეების მოთმინების ფიალა არის ამოწურული. დღევანდელი განკითხვის დღეც კი, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა