კორნელი კაკაჩია - აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი საკმაოდ დაგვიანებულია, ამიტომ, არა მგონია, რომ ამ ვიზიტმა რამე შეცვალოს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი” თსუ-ს პროფესორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში ვიზიტით გაემგზავრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და შეეცდება ამერიკელ კონგრესმენებს აზრი და მიდგომები საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეაცვლევინოს.

ვაშინგტონიდან მიღებულ კრიტიკულ გზავნილებზე აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ იგი კონგრესმენების წერილებს პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს. მისთვის მიუღებელია წერილების ტონი და ის, რომ მასში მოხვედრილი ინფორმაციები არაზუსტი იყო.

რამდენად წარმატებული შეძლება აღმოჩნდეს სპიკერი არჩილ თალაკვაძის ვიზიტი ვაშინგტონში?

- მე მაინც მგონია, რომ აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი საკმაოდ დაგვიანებულია. ამიტომ, არა მგონია, რომ ამ ვიზიტმა რამე შეცვალოს.

შესაძლოა, ზოგმა კონგრესმენმა თავისი პოზიციები და კრიტიკა, რომელიც არა ჩვენი ქვეყნის, არამედ მმართველი ძალის მიმართ იყო გამოთქმული, შეარბილონ, მაგრამ არა მგონია ამ ვიზიტმა მთლიანობაში შეაჩეროს ის კრიტიკა, რომელიც მიმართულია „ქართული ოცნების“ და არა საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თავად არ აგვერიოს ეს კრიტიკა.

კრიტიკა, რომელიც მოდის დასავლეთიდან, არ ეხება მხოლოდ ამერიკელი კონგრესმენების წერილებს, არამედ ევროპარლამენტშიც გაისმა ასეთი ხმები, ეხება მმართველი ძალის პოლიტიკას, რომლის გამოც გაჩნდა კითხვები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით. ხშირად საუბრობენ, რომ შესაძლოა საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეფერხდეს.

არა მგონია ამ ვიზიტმა მთლიანობაში შეაჩეროს ის კრიტიკა, რომელიც მიმართულია „ქართული ოცნების“ და არა საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თავად არ აგვერიოს ეს კრიტიკა

შესაძლოა, კონკრეტრული კონგრესმენები მართლაც იყვნენ დაკავშირებული გარკვეულ კომპანიებთან, მათ შორის „ფრონტერასთან“, მაგრამ მთლიანობაში ამაზე აქცენტის გადატანა არ იქნებოდა სწორი იქედან გამომდინარე, რომ კრიტიკის ძირითადი ნაწილი ეხება არა კონკრეტულ ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ მმართველი გუნდის ქმედებებს, რომელიც დაკავშირებულია იგივე საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ხელისუფლების მიერ უარის თქმასთან.

ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, საარჩევნო გარემო, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის ვიდრე ის საკითხები, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ აქცენტების გაკეთებას და ყურადღების გადატანას.

- კონგრესმენები პროპორციულზე უარის თქმის გარდა ასევე გვსაყვედურობენ იმას, რომ მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მოსამართლეებად შეერჩიათ მხოლოდ იმდენი მოსამართლე, რამდენიც უზენაესი სასამართლოს საქმიანობას არ შეაფერხებდა.

სწორს ბრძანებთ, როგორც ჩანს, ყველაზე აქტუალური მაინც არჩევნების პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა უნდა იყოს.

ამერიკულ პოლიტიკურ მოედანზე აქტივობის შემდეგ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თავის პოზიციებში მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს?

- ჩვენ გვახსოვს, რომ ხელისუფლება თავად იყო ინიციატორი განეცხადებინა, რომ იგი მზადაა მხარი დაუჭიროს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მაგრამ, შემდეგ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ კარგად დათვალა საპარლამენტო არჩევნებზე თავისი შესაძლებლობები და როცა ნახა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში არჩევნებს წააგებდა, მათში გადარჩენის ინსტიქტმა იძალა.

თან ეს შეიძლება მომხდარიყო იმ პირობებში, როცა არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ივანიშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს არანაირი გარანტია არ ექნებოდა იმის თაობაზე, თუ როგორ იქნებოდა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკას თავისი წესები აქვს. მხედველობაში მაქვს ის, რომ არჩევნების დამარცხების შემდეგ განვითარებული პროცესები ხშირად ვენდეტას ემსგავსება.

სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასი ჯერჯერობით ვერ გაიზარდა იქამდე, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი ჩატარდეს ცივილიზებულად, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება.

თუ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ამერიკაში ჩასულ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში რაიმე გარანტიას მისცემენ ეს იქნება სასწავლი, მაგრამ თეორიულად გამორიცხული არ არის. რამდენად წავა ამაზე თავად ივანიშვილი და ხელისუფლება, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

თუ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ამერიკაში ჩასულ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში რაიმე გარანტიას მისცემენ ეს იქნება სასწავლი, მაგრამ თეორიულად გამორიცხული არ არის. რამდენად წავა ამაზე თავად ივანიშვილი და ხელისუფლება, ეს კიდევ ცალკე საკითხია

ჩვენ გვახსოვს, რომ მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარების დიდი სურვილი არც სააკაშვილს არ ჰქონდა, მაგრამ 2012 წელს ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში ამერიკელებმა სააკაშვილს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. ვიმეორებ, თეორიულად გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ რამდენად წავა ამაზე თავად ივანიშვილი ეს კიდევ ცალკე საკითხია.

ვაშინგტონში, რეალურად საუბარი იქნება იმაზე, სავარაუდოდ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე არ დათანხმდა. არ გამოირიცხება, რომ გარკვეული სანქციები იქნას დაწესებული მმართველი გუნდის მიმართ. ამაში იგულისხმება დასავლეთში მათი იმიჯის შელახვაც.

ამ წინადადებების მიღების შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს იმაზე დაფიქრება რამდენად უღირს მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ასეთი გამარჯვება.

ვაშინგტონში, რეალურად საუბარი იქნება იმაზე, სავარაუდოდ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე არ დათანხმდა. არ გამოირიცხება რომ გარკვეული სანქციები იქნას დაწესებული მმართველი გუნდის მიმართ. ამაში იგულისხმება დასავლეთში მათი იმიჯის შელახვაც

შესაძლოა, მმართველმა ძალამ არჩევნებში გაიმარჯვოს კიდეც, მაგრამ მას აშკარად ექნება ძალაუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ასეთ ვითარებაში რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შენარჩუნებას, ესეც კიდევ ცალლე საკითხია.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს შევარდნაძის შემთხვევაც. 1999 წელს შევარდნაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში კი გაიმარჯვა, მაგრამ საპრეზიდენტო ვადის დროზე ადრე შეწყვეტამ მოუწია.

- თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ხელისუფლების გადაბარება. სოციოლოგიური კვლევებითაც კარგად ჩანს, რომ პოლიტიკურ ველზე ხელისუფლების რეალური ალტერნატივა არ ჩანს.

გასაგებია, რომ შესაძლოა, საუბარი იყოს კოალიციურ მთავრობაზე, სხვადასხვა ძალებს შორის თანამშრომლობაზე, მაგრამ ხელისუფლების გადაბარების პერსპექტივა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე გადაჭარბებულადაც კი გამოიყურება...

- ჩვენ ჯერ ისიც არ ვიცით, რომელი საარჩევნო სისტემით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ წინასწარ რამის თქმა მართლაც რთულია. მმართველ პარტიას სხვა პარტიებთან შედარებით ცოტა მეტი აქვს რეიტინგი, მაგრამ ბოლო პერიოდში მისი რეიტინგიც საგრძნობლადაა დაცემული.

არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა ვერ მიიღოს, მაგრამ მას ექნება შესაძლებლობა პატარ-პატარა პარტიებთან აქტიურად ითანამშრომლოს და შეინარჩუნოს ხელისუფლება. ასევე არ უნდა გამოირიცხოს ისიც, რომ მას მიუწიოს ხელისუფლების გადაბარებამ. საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ იზრდება კრიტიკული განწყობა.

არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა არ მიიღოს, მაგრამ მას ექნება შესაძლებლობა პატარ-პატარა პარტიებთან აქტიურად ითანამშრომლოს და შეინარჩუნოს ხელისუფლება. ასევე არ უნდა გამოირიცხოს ისიც, რომ მას მიუწიოს ხელისუფლების გადაბარება. საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ იზრდება კრიტიკული განწყობა

„ქართული ოცნება“ ქვეყანას მერვე წელია მართავს და არ შეინიშნება არანაირი ახალი ხედვები ქვეყნის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ მმართველ გუნდს მოკლე სათადარიგო სკამი აქვს. ეს ის თემებია, რომლებიც ხელისუფლებიო სასარგებლოდ არ მეტყველებს.

- პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ "ოცნების" მთავარი პრობლემა საზოგადოებასთან კავშირის დაკარგვა.

მეტიც, მისივე თქმით, ივანიშვილი არ ჩქარობს პასუხი გასცეს კითხვაზე თუ რატომ უნდა მისცეს ხმა ხალხმა „ქართული ოცნება“ კიდევ 4 წლით. მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაციონალები" არ დაბრუნდნენ? თუ ასე არაა, უნდა გვითხრას რას აპირებს მომდევნო ოთხ წელიწადში, რის გაკეთებასა ჯერჯერობი რ აპირებს. თქვენც ასე ფიქრობთ? - ის, რომ ბევრს არ უნდა „ნაციონალების“ დაბრუნება, ეს ცალკე თემაა, მაგრამ მან ამით არაერთხელ უკვე საკმაოდ კარგად ისარგებლა. მხედველობაში მაქვს ის, რომ სააკაშვილის მიუღებლობის თემით „ოცნებამ“ არაერთი არჩევნები მოიგო.

თანდათან ახლოვდება ის პერიოდი, როცა საზოგადოებაში აქტიურად განიხილება თემა, რომ ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს ძალაუფლების მთელ პაკეტს და ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველი თავს უფრო დაცულადაც კი იგრძნობს.

თანდათან ახლოვდება ის პერიოდი, როცა საზოგადოებაში აქტიურად განიხილება თემა, რომ ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს ძალაუფლების მთელ პაკეტს და ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველი თავს უფრო დაცულადაც კი იგრძნობს

მეტიც, ხალხი განთავისუფლდება ერთპარტიული მმართველობისგან, რაც ამ წლებში ტრადიციადაც კია ქცეული. ვხედავთ, რომ ამომრჩევლთა უმრავლესობისთვის მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი არ არის მიუღებელი.

პრობლემა ისაა, რომ მმართველი გუნდი, რომელიც ქვეყანას მერვე წელია მართავს, საზოგადოებას ვერ სთავაზობს ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების ახალ იდეებს, კონცეფციებსა და ხედვებს.

აშკარაა, რომ ძველი დაპირებებით მმართველი გუნდი ვერც ეკონომიკაში, ვერც პოლიტიკაში შორს ვერ წავა, რადგან სამწუხაროდ, ბევრი მიმართულებით სტაგნაციაა. ქვეყანა ვერ ვითარდება იმ ტეპებით, როგორიც საჭიროა. ამას ემატება ის, რომ სოციალური ფონი სულ უფრო მძიმდება. ამიტომ, არა მგონია უსაფუძვლო იყოს მოსაზრებები ხელისუფლების ცვლლების შესახებ.

არა მგონია, უსაფუძვლო იყოს მოსაზრებები ხელისუფლების ცვლლების შესახებ

- გასაგებია, რომ ოპოზიცია არაერთგვაროვანია, მაგრამ ვხედავთ, რომ ოპოზიციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციაში, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, არ ჩანს ძალა, რომელსაც ელექტორატის უმეტესობა „ქართული ოცნების“ ალტერნატივად განიხილავს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რაა იმის მიზეზი, რომ ოპოზიციის ვერც ერთი ფრთა ვერ ახერხებს ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად წარმოჩენას?

- ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ოპოზიციას არ აქვს ისეთი ფინანსური რესურსები და შესაძლებლობები, როგორც მმართველ ძალას. ბევრია სუბიექტური მიზეზი, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ფრაგმენტაციას. ოპოზიციას, თუნდაც დროებით უნდა ჰყავდეს ერთი, გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც ამ გარდამავალ, საარჩევნო ეტაპზე შეასრულებდა ლიდერის როლს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უცნობია თუ რა სისტემით ჩატარდება არჩევნები, ოპოზიციას უნდა ჰყავდეს ერთი, გამაერთიანებელი ფიგურა, რომელიც საარჩევნო კამპანიას ჩაუდგებოდა სათავეში. ვფიქრობ, ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური ლიდერების პერსონალური ამბიციები უშლის ხელს ოპოზიციის ერთობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უცნობია თუ რა სისტემით ჩატარდება არჩევნები, ოპოზიციას უნდა ჰყავდეს ერთი, გამაერთიანებელი ფიგურა, რომელიც საარჩევნო კამპანიას ჩაუდგებოდა სათავეში. ვფიქრობ, ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური ლიდერების პერსონალური ამბიციები უშლის ხელს ოპოზიციის ერთობას

ძველი ლიდერების წინ წამოწევა, ვგულისხმობ ამ პროცესებში სააკაშვილის, ანაც ვინმე სხვისი აქტიურობა, მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს.

- რა შანსები აქვს „ლელოს საქართველოსთვის“, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ყველასთვის, მათ შორის ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს?

- ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველი გახლავთ ის, თუ რამდენად შეძლებს დარჩენილ მოკლე პერიოდში „ლელო საქართველოსთვის“ გაზრდას. რამდენად შეძლებს ის რეგიონებში ძლიერი და გავლენიანი თანამოაზრეების გაერთიანებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ რამდენად მოახერხებენ „ლელოს“ ლიდერები საზოგადოებაში საკუთარი რეიტინგის გაზრდას. ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად გასაგებად აუხსნის ის ელექტორატს თავის იმ პროგრამას, რომელიც მას ქვეყნის განვითარების პერსპექტივად ესახება.

- ევროსაბჭოში უკრაინის და საქართველოს დელეგაციებთან ერთად ბალტიის ქვეყნებმა გააპროტესტეს ევროსაბჭოში რუსეთისათვის ხმის აღდგენის უფლება. ვიცით, რომ ამ საკითხსაც განიხილავენ, მაგრამ ამ ეტაპზე რომ ჩვენთვის სასურველი შედეგი ვერ დადგება, ვიცით.

იმის ფონზე თუ რა ხდება რუსეთში, ვგულისხმობ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის მართლმსაჯულების საკითხებში მისთვის აუცილებლად შეასრულებლად აღარ განიხილავს, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ევროსტრუქტურები რუსეთის მიმართ უფრო ადეკვატური იქნებიან?

- ევროპაში რუსეთთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები არსებობს. რუსეთის მხარდამჭერ ჯგუფებს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ხელმძღვანელობს.

იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შერბილებაა საჭირო. აუცილებელია რუსეთთან დიალოგი.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ევროპაში საკმაოდ არიან პოლიტიკური ძალები, ქვეყნები, რომლებიც მაკრონის ამ შეხედულებებსა და პოზიციას არ იზიარებენ. იმ მოვლენების ფონზე რაც ახლა რუსეთში ხდება, არა მგონია დიდ სიმპატიებს იწვევდეს საერთაშორისო თანამეგობრობაში.

ევროპაში რუსეთთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები არსებობს. რუსეთის მხარდამჭერ ჯგუფებს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ხელმძღვანელობს

იმ კრიზისების ფონზე, რაც ახალ სირიაში, ლიბიაში, იგივე ირანში ხდება, ევროპაში ის ძალები უფრო მეტნი არიან, რომლებსაც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ნორმების იგნორირება აშინებთ. საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოება აიძულებთ მათ გარკვეული შეხების წერტილები იპოვონ რუსეთთან. რამდენად რაციონალურად გამოიყენებს რუსეთი ამას, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა.

ვიმეორებ, ევროპაში არსებობენ სხვა პოლიტიკური ჯგუფები, თუნდაც ევროკავშირში და სხვაგანაც, რომლებიც სერიოზულად ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ნებისმიერ ფასად დაახლოებას.

- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს ასამბლეის დეპუტატების წინაშე ჯერ სიტყვით წარსდგება და შემდეგ მათ კითხვებსაც უპასუხებს.

ვიცით, რომ ჩვენი პრეზიდენტის განცხადებებს ხშირად მოსდევს ხოლმე ხმაური, რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო სკანდალები. გაქვთ იმის, მოლოდინი, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის პასუხები ევროპარლამენტართა კითხვებზე სკანდალების გარეშე ჩაივლის?

- სამწუხაროდ, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ კიდეც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეპოტაჟურ გამოსვლებსა თუ განცხადებებს. შესაბამისად, ამჯერად რომ ეს პროცესი ხმაურის გარეშე ჩაივლის, ამის მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს.

იმედს ვიტოვებ, ვიდრე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციების წინაშე წარსდგება, გავლილი ექნება კონსულტაციები თავის მრჩევლებთან და ჩვენი საგარეო უწყების დიპლომატებთან.

იმედს ვიტოვებ, ვიდრე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციების წინაშე წარდგება, გავლილი ექნება კონსულტაციები თავის მრჩევლებთან და ჩვენი საგარეო უწყების დიპლომატებთან

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორუმებზე ის ძირითადი მესიჯები გაჟღერდეს, რომელიც ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი. და არა ისეთი წინააღმდეგობრივი მოსაზრებები, რომელსაც, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახმოვანებს და რის გამოც ჩვენი ინტერესებიც ილახება და მისი იმიჯიც ზარალდება.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ლევან დოლიძე - სირიაში მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იქნება იმაზე, რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებს ნატო, აშშ და თურქეთი, თუმცა, საქართველოში სირიიდან მიგრანტების დიდ ნაკადს არ ველი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე  -  1.1 ტრილიონიანი დანაკარგი
ყველა ბიზნეს პროცესის ავტომატიზაცია - Nova-სა და BDO-ს პარტნიორობა
აღნიშნეთ დედის დღე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (R)