ნიკა ჩიტაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კვლავ გაკეთდა უპასუხისმგებლო განცხადებები

პრეზიდენტის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლას, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კვლავ გაკეთდა გარკვეული ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებები, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ამ ეტაპზე ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, სალომე ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოხატა, რომ მიიღოს რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. ჩიტაძის თქმით, აქ უკვე კითხვებიც არ არსებობს.

„თუნდაც, იგივე სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოსული არ იყო, როგორც კერძო პირი, არამედ ჩამოვიდა კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაძაბული ვითარება შეიქმნა, პრეზიდენტი ისევ გამოხატავს მზადყოფნას, რომ მიიღოს რუსეთის დელეგაცია, ამავდროულად, საუბრობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბუნებრივია, აქ კითხვები ევროპის საბჭოს მიმართაც არსებობს, რადგან რუსეთს დაუბრუნა ხმის მიცემის უფლება, თუმცა ეს ცალკე საკითხია“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილის კიდევ ერთ განცხადებას, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს „პარლამენტის აღების საკითხი“ მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარე პოსტიდან გადადგა, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილის მხრიდან ეს კიდევ ერთი უპასუხისმგებლო განცხადებაა.

„ბოდიში, მაგრამ ხელისუფლების დამხობის შესახებ არანაირი მოწოდება იქ არ იყო. თვითონ ქალბატონი ზურაბიშვილი იყო 2007 წლის 7 ნოემბერს ერთ-ერთი აქტიური პირი, ვინც პარლამენტის წინ იდგა და განცხადებები კეთდებოდა საქართველოს ხელისუფლების დამხობის შესახებ. მე არ ვამართლებ წინა ხელისუფლების ქმედებებს, როცა უფლებამოსილებას გადააჭარბეს, თუმცა ამ ქალბატონს არანაირი მორალური უფლება არ აქვს ილაპარაკოს იმაზე, რომ 20 ივნისის აქცია თურმე არ იყო მშვიდობიანი, მითუმეტეს როცა საფუძველი იყო ის, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა. მეორე - ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, რადგან ირაკლი კობახიძე 20 ივნისს ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარე იყო და პოსტიდან მეორე დღეს გადადგა. თუმცა, აქ უფრო სიღრმისეული პრობლემა არსებობს და პრობლემა მხოლოდ ზურაბიშვილში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალბატონი აცხადებდა იმას, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიას ბომბავდა და ა.შ. მოსახლეობის ნაწილმა 5-6 კილო კარტოფილის ფასად ხმა მისცა ზურაბიშვილს არჩევნებზე, ეს არის პრობლემა და პასუხისმგებლობა საზოგადოების ნაწილსაც ეკისრება. სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, არის შედეგი, ცალკეული მოქალაქეების უპასუხისმგებლობის, ისე როგორც ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა