დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს რუდოლფ მიხალკას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქემთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრს წარუდგინა ეუთო-ს ალბანეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები 2020 წლის მანძილზე. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ გამოხატა მზაობა, აქტიურად ითანამშრომლოს თავმჯდომარეობასთან პრიორიტეტების განხორციელების კუთხით. ამასთან, მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუდოლფ მიხალკას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო ძალის ქმედებებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას, მის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და ეუთო-ს როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში.

„ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან საუბრის ძირითადი თემა გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გამშვები პუნქტების დაკეტვაზე, რაც მიუღებელია. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი შეფასება იყო, მოვთხოვეთ თანათავმჯდომარეებს მიიღონ ზომები იმისთვის, რომ ის ფუნდამენტური უფლება, რაც ქართული მოსახლეობის მიმართ იზღუდება, იყოს დაუყოვნებლივ აღდგენილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გვექნება მსჯელობა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, რომლებთანაც უახლოეს დღეებში იქნება შეხვედრა და ბუნებრივია, ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება თავისუფალი გადაადგილება. აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ იყოს მიღებული ზომები, თანათავმჯდომარეების მხრიდან, ყველა ძირითადი აქტორის მხრიდან, ვინც ჩართულია ამ პროცესში და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის წინადადებებზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს