უცხოური პრესა გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

წამყვანი უცხოური გამოცემები უზენაესი სასამართლოს მიერ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას, მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურებიან.

„2012 წლიდან დღემდე, მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტია დაამარცხა, კორუფციისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საქართველოში თანამდებობის ათობით ყოფილი პირია დაკავებული, მათ შორის ყოფილი პრემიერ მინისტრიც,“- წერს „როიტერსი“.

სააგენტოს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გიგი უგულავა თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულეს და 38 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდებას ოპოზიცია აპროტესტებს და „პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.“

"როიტერსი" ასევე წერს, რომ უგულავას მსგავსი დანაშაულისთვის 2015 წლის სექტემბერში 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა "2017 წლის იანვარში, სასჯელის შემცირების შემდეგ, გაათავისუფლეს. ერთი წლის შემდეგ, უგულავას, რომელიც 2005-2013 წლებში თბილისის მერი იყო, ახლა კი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპიზიციონერი ლიდერია, იმავე საქმეზე 15 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ სასჯელი მოხდილად ჩაითვალა."

"მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ზაფხულში დაწყებული მასობრივი პროტესტის ფონზე ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული და რამდენიმე პირია დაკავებული,“- აღნიშნავს „როიტერსი“ და განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნოს სისტემის რეფორმას ითხოვენ.

სააგენტოს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „დასავლეთის ქვეყნებმა შეშფოთება გამოხატეს, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნის მთავრობა პოლიტიკური ოპონენტების დევნის მიზნით შერჩევით სამართალს იყენებს, თუმცა ამ ბრალდებას ხელისუფლება უარყოფს.“

უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენზე წერს „დოიჩე ველეც“. გამოცემა აღნიშნავს, რომ გიგი უგულავა მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს „პოლიტიკურად მოტივირებულად“ და ბიძინა ივანიშვილის „პერსონალურ გადაწყვეტილებად“ აფასებს.

„მილიარდერ ოლიგარქს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2012-2013 წლებში ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჟამად სახელმწიფო თანამდებობის პირი არაა, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ის ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი პირი და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკან მდგომი რეალური ძალაა,“- წერს „დოიჩე ველე“.

გამოცემა საპროტესტო აქციების თემასაც ეხება და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ განხორციელებული სადამსჯელო ზომების გამო, ივანიშვილის პარტია უცხოეთმა გააკრიტიკა.

„ნოემბრის საპროტესტი ტალღა გამოიწვია იმან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა დაპირება საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოცემა წერს, რომ უგულავას გარდა სისხლის სამართლის დევნა ხორციელდება ოპოზიციის რამდენიმე სხვა ლიდერისა და დამოუკიდებელი მედიის მფლობელის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, გუშინ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. უგულავა უკვე ე.წ. მატროსოვის ციხეშია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა