მეუფე დანიელი - სამყაროს აღსასრული დგება მაშინ, როდესაც ადამიანთა ცოდვები მიაღწევს კულმინაციას

სამყაროს აღსასრული დგება მაშინ, როდესაც ადამიანის ცოდვები მიაღწევს კულმინაციას, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე დანიელმა დიდი მარხვის მნიშვნელობასა და მეორედ მოსვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ:

„გვიახლოვდება დიდი მარხვა და ეკლესიის ტრადიციისამებრ ეკლესია გვამზადებს, ამზადებს ჩვენს გულსა და გონებას ამ დიდი სულიერი ღვაწლის აღსასრულებლად. რადგანაც დიდი მარხვა ჩვენ მიგვაახლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რაც არის სიმბოლო მოსალოდნელი საყოველთაო აღდგომისა. მარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, დღევანდელი დღე არის გახსენება საშინელი სამსჯავროსი, რომელიც შეგვახსენებს საყოველთაო აღდგომის შესახებ. ხშირად სიტყვა „საშინელი“ ასოცირდება ტრაგედიასთან, მწუხარებასთან, ტანჯვასთან, მაგრამ ბიბლიის ენაზე საშინელი ასევე ნიშნავს წარმოუდგენელს, მიუწვდომელს, აღმატებულს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ძალებზე. აბა, სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ის საოცრება, როდესაც ღმერთი გვაძლევს თავის ხორცს და სისხლს და ჩვენ, ადამიანები ვღებულობთ ამას და ის მკვიდრდება ჩვენს ხორცსა და სისხლში, ასევე სულშიც, როგორც უდიდესი სულიერი მადლი“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

როგორც მეუფე დანიელმა ქადაგებისას ბრძანა, „ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე, რომელიც დასახლებულია, როგორც ღვთის მორწმუნე ადამიანებით, ასევე ადამიანებით, რომლებიც განშორდნენ უფალს. ამიტომ დედამიწა დამძიმებულია ცოდვით“.

„ცოდვის შედეგი არის სწორედ ის ტრაგედიები, რომელიც ხდებოდა და დღესაც მოხდება. ვინაიდან სამყაროს აღსასრული დგება მაშინ, როდესაც ადამიანთა ცოდვები მიაღწევს კულმინაციას, შესაბამისად, კულმინაციას მიაღწევს ტრაგედიებიც. ეს არის სრულიად კანონზომიერი. ეს ყველაფერი დასრულდება და იქნება ახალი ცა და ახალი მიწა. ჩვენ, ყველანი ვისაც უფალი გვწამს, მთელი ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი, რომელმაც ქრისტიანულად იცხოვრა გააგრძელებს მარადიულ, ნეტარ ცხოვრებას უფალთან. ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით, შევხვდებით ჩვენს წინაპრებს. ეს არის ჩვენი მოლოდინი.

როგორც არ უნდა გვიჭირდეს, უნდა ვეცადოთ ვაკეთოთ სიკეთე. უნდა გვიყვარდეს მოყვასი და გავიზიაროთ მისი ტკივილი. ეს არის ღვთისნიერი ადამიანის გული. ცოდვა ადამიანის გულს აქვავებს. აღსარებით და ზიარებით ჩვენი გული ისევ თბება. როგორც არ უნდა უჭირდეს ადამიანს იმაზე ფიქრობს ვის როგორ დაეხმაროს. ამ დახმარებაშია ყველაზე დიდი ნეტარება. რაც უფრო დრო გადის ჩვენ გვიჭირს. ჩვენი ერი ყოველთვის გამოირჩეოდა სიყვარულის უნარით, არც დღეს დაგვიკარგავს ეს უნარი, მაგრამ ჩვენს წინაპრებთან შედარებით, ძალიან დასუსტებულია თანაგრძნობის, მიმტევებლობის ხარისხი, ეს უნდა აღვადგინოთ ჩვენ ცოდვათა შემსუბუქებით, მიტევებით, ცოდვათაგან გათავისუფლებით, ეს კი მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება.

სახარებაში უფალმა ნიშნები მოგვცა, რომ გვახსოვდეს საშინელი სამსჯავრო. ჩვენ ვხედავთ, რომ ნიშნების აღსრულების ხარისხი იზრდება და რაც დრო გადის უფრო სწრაფად ხდება. ამიტომ ბრძანა პატრიარქმა, რომ ჩვენ უნდა ვემზადოთ ამ ბოლო ჟამისთვის. როცა ცოდვა გამრავლდება, ბოროტი სული ყველაფერს გააკეთებს, რომ ცოდვილ ადამიანებში მეტი ცდუნება შეიტანოს. ამიტომ ბრძანებს პატრიარქი, რომ ბოლო ჟამს ეშმაკი შეეცდება რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოსწყვიტოს ღმერთს. ამიტომ ყველაზე მეტად უნდა ვეცადოთ, რომ ბოლო ჟამს ჩვენი თავი დავიცვათ“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს