ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მას ერთ-ერთ საკარანტინო შენობაში მოთავსებული ადამიანის აუდიო ჩანაწერი აქვს, საიდანაც ირკვევა, რომ საკარანტინო შენობაში შესაბამისი პირობები არ არის

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მას ერთ-ერთ საკარანტინო შენობაში მოთავსებული ადამიანის აუდიო ჩანაწერი აქვს, სადაც იგი პრობლემებზე საუბრობს. ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჩანაწერში ეს პირი ყვება, რომ საკარანტინო შენობაში, გუშინ ღამით ყველანაირი განმარტების გარეშე მოათავსეს. მისივე ინფორმაციით, ამ შენობაში მყოფ ადამიანებზე მეთვალყურეობას არავინ ახორციელებს, მათ შორის არც მედპერსონალი და არც პოლიცია. ამასთან, ჭიაბერაშვილის თქმით, აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ საკარანტინო შენობაში შესაბამისი პირობები არ არის შექმნილი.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, აღნიშნული აუდიო ჩანაწერის ნამდვილობა უტყუარია.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ადამიანმა თავად მიაკითხა ინფექციურ საავადმყოფოს და მას შემდეგ, რაც მას ტესტი აუღეს, რომლის პასუხები არ ვიცი, როგორც რისკმატარებელი, მოათავსეს კარანტინში. მანდ მთავარი პრობლემა არის ის, რომ იმ შენობაში არ იმყოფებოდა არანაირი მედპერსონალი, ვინც სათანადოდ იქნებოდა ეკიპირებული და ამ ადამიანებს ყურადღებას მიაქცევდა. ასე, სრულიად უპატრონოდ იყვნენ გაყინულ შენობაში მთელი ღამის განმავლობაში. დილითაც იგივე მდგომარეობაა. არავინ მათთან არ მისულა და როდესაც რეკავენ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, უთიშავენ. ერთადერთი, სადაც უპასუხეს, ეს იყო პრევენციის ცენტრი და დაპირდნენ, რომ მათ პრობლემებს მოაგვარებდნენ. ჩანაწერში ეს ადამიანი ამბობს, რომ ამავე შენობაში იმყოფება ერთი პირი, რომელსაც სიმპტომები აქვს: ცხელება და ხველება.

მას შემდეგ რაც ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავწერე და მედიამაც გაავრცელა ინფორმაცია, ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტროც ჩაერევა პრობლემის მოგვარებაში,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, საკარანტინო შენობების სათანადო პირობებით უზრუნველყოფა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი ადამიანი კლინიკების მიმართვისგან თავს შეიკავებს, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ქმნის.

„28 იანვრიდან მთავრობა აცხადებს, რომ კორონავირუსის შესაძლო დაფიქსირებისთვის ვემზადებითო, 1 თვის თავზე კი ვხედავთ, რომ ასეთი ქაოსია. საბედნიეროდ, ჯერ ძალიან ცოტაა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც კარანტინში მოთავსება დასჭირდა. შფოთვას იწვევს ის ფაქტი, რომ თუ ასეთ მცირე მასშტაბზე ასეთი თავმოუბმელობა და ქაოსია, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თუკი მასშტაბი გაიზრდება. აქ შემაშფოთებელია ისიც, რომ ბევრი ადამიანი, რომელმაც იცის მთავრობის თავმოუბმელობა და კარანტინში ასეთი პირობების შესახებ, თავს შეიკავებს კლინიკების მიმართვისგან, რის შედეგად შეიძლება უფრო გავრცელდეს ვირუსი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მთავრობის მხრიდან სწორ კომუნიკაციას ხალხთან,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა