ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2020

ხათუნა ლაგაზიძე - “რა საფრთხეს უქმნის საქართველოს რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი”

საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ - სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევათა მატებისთვის ემზადებიან

ფატმა სერენ იაზგანი - „თურქეთი მხოლოდ პასუხობს პროვოკაციებს“ (საქართველოში თურქეთის ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ)

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “რა საფრთხეს უქმნის საქართველოს რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი”

“რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ, შეიძლება ითქვას, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა. თუ რუსეთს ეს თავხედობა შერჩა - სამხედრო პასუხს არ ვგულისხმობ - ის უფრო შორს წავა. ნატოს წევრი სახელმწიფოების მხოლოდ შეშფოთების გამოთქმამ პუტინს შეიძლება ხელ-ფეხი გაუხსნას უკრაინის, ბელორუსისა და საქართველოს წინააღმდეგ. 2020 წელი რუსი პოლიტოლოგების მოსაზრებებითაც გადამწყვეტი იქნება პუტინის იმ გეგმის შესრულებაში, რაც პოსტსაბჭოთა სივრცის ხელახლა შემომტკიცებას ისახავს მიზნად. თუ თურქეთის წინააღმდეგ რუსეთის ამ ქმედებას მკაცრი სანქციები არ მოჰყვა, არავინ იცის, კიდევ რას იზამს. გავიხსენოთ, როგორ დაიწყო 2020 წელი რუსეთმა ბელორუსის მიმართულებით ან როგორ აიძულებს კრემლი უკრაინას მინსკის ხელშეკრულებებზე ხელის მოწერას, რაც ყულფში თავის გაყოფაა”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა საფრთხეს უქმნის საქართველოს რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი” / “აშკარად ჩანდა, რომ მინისტერიალისთვის რუსები ნამდვილად გეგმავდნენ პროვოკაციას. გავიხსენოთ კარასინის განცხადება, საქართველოს ვაპატიებთ 20 ივნისს და ჩავალთ თბილისშიო”.

“ოფიციალური თურქეთიდან სხვადასხვა შეფასება გაისმა: ხელისუფლების ერთი ნაწილი რუსეთს ადანაშაულებს, მეორეს კი ეს ასადის კონტროლირებადი ძალების თავდასხმად მიაჩნია. ეს ნიშნავს, რომ თურქეთი მაინც ერიდება რუსეთთან ურთიერთობის უფრო გამწვავებას. ოფიციალური ანკარა აცხადებდა, რომ რუსეთს თითქოს ბოსფორს ჩაუკეტავდნენ და არ მისცემდნენ რუსულ სამხედრო გემებს გადაადგილების საშუალებას. ბოლო ინფორმაციით, ეს მუქარად დარჩა. თუმცა მოვისმინეთ ისიც, რომ შესაძლებელია თურქეთმა რუსეთს სიტუაცია შიგნიდან აუფეთქოს და მრავალმილიონიანი მუსლიმანური თემი აუჯანყოს. ეს პროცესები რომც არ გაგრძელდეს პირდაპირი კონფლიქტის სახით, რამდენიმე გამოწვევა მაინც დადგება დღის წესრიგში, მათ შორის საქართველოსთვისაც - უპირველესად ლტოლვილთა ახალი ნაკადები, რომლებიც ევროპისკენ აიღებენ გეზს, მცირე ნაწილმა კი შეიძლება საქართველოში სცადოს შემოღწევა. შექმნილ ვითარებას შეიძლება მოჰყვეს ტერორიზმის ახალი ტალღაც, რადგან ლტოლვილთა ნაკადს, კაცმა არ იცის, ვინ შეიძლება შეერიოს: იდლიბში მთელი სირიიდან მოიყარეს თავი ჯიჰადისტებმა. ამ პროცესების შემდგომი ესკალაცია პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რადგან მოგეხსენებათ, როგორ არიან ეკონომიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული საქართველო და თურქეთი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ეს ყველაფერი `მსუბუქი~ გვერდითი მოვლენებია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება საქართველოს დაემუქროს რუსეთ-თურქეთის პირდაპირი კონფლიქტის შემთხვევაში, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ თურქეთი ამას თავს აარიდებს. ამ ორ ქვეყანას კონფლიქტი აქამდეც არაერთხელ ჰქონია, თუმცა ასეთი დიდი მსხვერპლი მათ დაპირისპირებას კარგა ხანია არ მოჰყოლია. ახლა მნიშვნელოვანია, რა რეაქცია ექნება დასავლეთს და დაუწესებენ თუ არა რუსეთს მკაცრ სანქციებს. რისი მოწმენიც ახლა ვართ, გამაოგნებელია - გერმანიის ყოფილი კანცლერები თუ მინისტრები ერთმანეთის მიყოლებით დგებიან რუსული ენერგოგიგანტების სამსახურში, რაც რუსეთთან მათი ახლო კავშირების დასტურია. დიდი ალბათობით, ეს კავშირი მათი თანამდებობებზე ყოფნის დროსაც არსებობდა. ამ ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის დაზვერვის ყოფილი უფროსი რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღის - “რაშა თუდეის” წამყვანი იქნება. მეტი ლუსტრაცია ვეღარც წარმომიდგენია. აი, ამ ტიპის ევროპელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებმა პუტინს შეიძლება მართლაც გაუხსნას ხელ-ფეხი პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის აღდგენისთვის, რისი სამიზნე შეიძლება საქართველოც გახდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის სტრასბურგში გამართვასთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, რომ საქართველომ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო. დიდი ალბათობით, რუსეთი საკუთარი დელეგაციის ვიზიტს მორიგი პროვოკაციისთვის გამოიყენებდა. ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ქართველი ჟურნალისტების უპრეცედენტო შეურაცხყოფა, რითაც ლავროვმა და შემდგომ მისმა პრესსამსახურმა უპირველესად საკუთარი თავი დაიხურდავეს და აჩვენეს მსოფლიოს, რამდენად დიდი აგრესია აქვთ საქართველოს მიმართ. წარმოიდგინეთ, ისინი ასეთ მარტივ სიტუაციებშიც თავს არ და ვერ იკავებენ და რა შეიძლება გაეკეთებინათ თბილისში ჩამოსვლის შემთხვევაში. ბოლო თვეებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოსთან დაკავშირებული ყველა განცხადება მიზანმიმართულად გამომწვევი იყო. აშკარად ჩანდა, რომ მინისტერიალისთვის რუსები ნამდვილად გეგმავდნენ პროვოკაციას. გავიხსენოთ კარასინის განცხადება, საქართველოს ვაპატიებთ 20 ივნისს და ჩავალთ თბილისშიო”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “როგორ ფიქრობთ, რუსეთი, რომელიც აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულეს, რა ტიპის მექანიზმებით შეიძლება შეეცადოს ჩვენს საარჩევნო პროცესში ჩარევას?” - პასუხობს:

“მრავალმხრივი მექანიზმით, მათ შორის შეიძლება არჩევნების დღეს სცადოს კიბერშეტევა საქართველოს საარჩევნო კომისიის ელექტრონულ ბაზებზე, თუ დაინახავს, რომ არჩევნები მისთვის არასასურველი შედეგით მთავრდება, რაც დიდ ქაოსს გამოიწვევს ქვეყანაში. ეს, ალბათ, კრემლის მოქმედების ბოლო საფეხური იქნება, მანამდე კი გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც წლებია უკვე ახორციელებს. უპირველესად ეს არის ქართველი პოლიტიკური ლიდერების, საზოგადოებრივი აქტივისტების წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია, რაც მათი ავტორიტეტის ნგრევას ემსახურება. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ გაჩნდნენ ავტორიტეტული პოლიტიკური ლიდერები. ის კვლავაც შეეცდება საზოგადოების პოლარიზაციასაც. რუსული საინფორმაციო ომის კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და უიმედობის მეტად გაღვივება, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესისა და პოლიტიკური სპექტრის მიმართ, რათა საარჩევნო ყუთებთან რაც შეიძლება ნაკლები ცვლილებების მოსურნე ამომრჩეველი მივიდეს. მოკლედ, ვფიქრობ, არჩევნებამდე რუსული დეზინფორმაციულ-პროპაგანდისტული მანქანის მოქმედების სრულ სპექტრს ვიხილავთ”.

“რაც შეეხება არჩევნებზე 40%-იანი ბარიერის საკითხ, როგორც ჩანს, მეტ-ნაკლებად შეთანხმებულია, რაც ნიშნავს, რომ თუ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ პროპორციული სიით 40% მაინც არ აიღო, მას არ ექნება მთავრობის დაკომპლექტების უფლება. მეორე საკითხი - ანუ პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების თანაფარდობა, კი კვლავაც კონსულტაციების თემაა და, სავარაუდოდ, შეთანხმება ამაზეც მოხერხდება. ოპტიმალური თანაფარდობა, ვფიქრობ, 120/30 იქნება. ასეთ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტია 40%-ს აიღებს, ის პროპორციული სიით 48 დეპუტატს გაიყვანს და თუ ყველა მაჟორიტარულ ოლქსაც მოიგებს, სულ 78 დეპუტატი ეყოლება, ანუ უმრავლესობა. თუ “ქართული ოცნება” ამას შეძლებს, ოპოზიციას გასაპროტესტებელი აღარაფერი ექნება. მოკლედ, ახლა დიპლომატებთან ერთად ამ ფორმულაზე მიდის ლაპარაკი. ვფიქრობ, ეს იქნება სამართლიანი მოდელი, რომელიც “ქართულ ოცნებასაც” მისცემს ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას და ოპოზიციასაც გამარჯვების შანსს. “ქართული ოცნება”, თავის მხრივ, შეეცდება მაჟორიტარობის მანდატები 30-ზე მეტი იყოს. ასევე, გააუქმოს ბარიერი, ანუ კვლავ შემოიტანოს ბუნებრივი ბარიერის თემა, რაც მას ოპოზიციურ ერთობაში განხეთქილების შეტანის საშუალებას მისცემს: უბარიერო არჩევნები ისეთი საცდურია, რომელზეც ბევრი პოლიტიკური პარტია წამოეგება იმ იმედით, რომ 2-3 დეპუტატს დამოუკიდებლადაც გაიყვანს”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

“ მმართველი პარტიის პოზიციის შეცვლა ჩვენს ხელისუფლებაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის გამოძახილია. როგორც ჩანს, კარგად აუხსნეს, რომ დღეს არსებული საარჩევნო პირობებით ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდება და “ქართული ოცნება” იძულებულია დათმობაზე წავიდეს, ოღონდ რამდენად, უახლოეს მომავალში შევიტყობთ. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარეც - თუ შეთანხმებას მიაღწიეს, ვის ჩაეთვლება ეს გამარჯვებად. თუ ოპოზიციამ მიაღწია სასურველ შედეგს, გამარჯვებულის ფსიქოლოგიით გააგრძელებს არჩევნებისთვის მზადებას, რაც მნიშვნელოვანია მისი მორალური სტატუსისთვის. მეორე მხრივ, ხელისუფლებასაც სჭირდება გამარჯვებულის რენომე. ეს ძალზე მნიშვნელოვანია “ქართული ოცნების” პარტიული ვერტიკალისთვის. თუ იგრძნეს, რომ დასავლეთმა ისინი კედელთან მიაყენა და იმავდროულად, ცნობიერებაში ამოტივტივდა 2003 და 2012 წლების ანალოგიები, მაშინ შეიძლება `ოცნების~ პარტიულ-სახელისუფლებო ვერტიკალში ფსიქოლოგიური რყევა დაიწყოს...”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, ხელისუფლება უპირველესად ოპოზიციის ერთიანობის დაშლას შეეცდება - განხეთქილების ჩამოგდებას ე.წ. ახალ და ძველ ძალებს შორის. მთავარი გამყოფი ხაზი იქნება ისევ “ნაციონალური მოძრაობისგან” საფრთხობელას შექმნა და ახალ პოლიტიკურ ძალებში შიშის გაჩენა, რომ ის ამომრჩეველს დაკარგავს, თუ ექსსახელისუფლებო ძალასთან რამენაირად იქნება ასოცირებული. ეს კარგად აჩვენა ამ რამდენიმე დღის წინ მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატებზე ოპოზიციის ინფორმაციამ და ამაზე ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის რეაქციამ - მათ თქვეს, რომ ისინი მხოლოდ საარჩევნო სისტემის საკითხზე თანამშრომლობენ და არ მონაწილეობენ მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებაში. ამან აჩვენა, რომ ოპოზიციური ძალების ნაწილი არ მიიღებს საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებს, თუ ისინი დიდწილად “ნაციონალური მოძრაობის” წევრებით დაკომპლექტდება. ლაპარაკია იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებსაც იმ ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი აქვთ, რომელსაც არც “ქართული ოცნება” უნდა და არც “ნაციონალური მოძრაობა”, - ამბობს ექსპერტი.

“ოპოზიციას ვურჩევდი, სანამ შეარჩევს კანდიდატებს, კარგად შეისწავლოს მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, რადგან, თუ მაჟორიტარული ოლქები უპირატესად პოლიტიკური ლიდერებით დაკომპლექტდა და პოლიტიკური ლიდერების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ეს ოლქები წააგო, ეს დამატებითი დარტყმა იქნება ოპოზიციისთვის. ვფიქრობ, მაჟორიტარებად უნდა შეარჩიონ მძიმე პოლიტიკური წარსულისგან თავისუფალი პოლიტიკოსები, შესაძლოა არაპოლიტიკური ფიგურებიც და ასევე საზოგადოებრივი აქტივისტები, რომლებიც რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან მაინცდამაინც არ ასოცირდებიან. ყველაზე გამართლებულად მიმაჩნია, რომ შეარჩიონ ისეთი პირები, რომელთა მხარდაჭერაც ამ პოლიტიკურ ძალებს ამომრჩეველს არ დააკარგვინებს და რომელთაც მოგების რეალური შანსი აქვთ, და არა ისეთები, რომელთა შანსი და ამბიცია ერთმანეთს აცდენილია. მათ შორის, რა თქმა უნდა, შეიძლება პოლიტიკური ლიდერებიც იყვნენ. ეს არის ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა: დროებით უარი თქვან კერძო პოლიტიკურ ამბიციებზე და თუ მაინცდამაინც რომელიმე პარტიას უნდა დიდი წარმომადგენლობით შესვლა პარლამენტში, ჯერ ერთად გაიმარჯვონ და შემდგომ იფიქრონ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 40%, რომელსაც დღეს ოპოზიცია “ოცნებას” უმზადებს საარჩევნო ბარიერად, იმ მახედ იქცევა, რომელშიც თავად გაებმებიან”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ - სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევათა მატებისთვის ემზადებიან

“საქართველოში კორონა ვირუსით დაინფიცირების რაოდენობის მატებას ელიან. “რეზონანსთან” საუბარში ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე აცხადებენ, რომ როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც მოსალოდნელია დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 36 ადამიანს აკვირდებიან, ხოლო კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. რა ღონისძიებების გატარებას აპირებს საქართველოს ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის მატება მოხდება? არის თუ არა მზად ამისთვის როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ასევე საზოგადოება? ან რა ბედი ელით საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ეტაპზე იტალიაში ან სხვა იმ ქვეყნებში იმყოფებიან, სადაც ვირუსი უკვე მასიურად გავრცელდა?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ - სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევათა მატებისთვის ემზადებიან.

“იტალიაში მყოფი ჟურნალისტი სალომე გოგოხია ყვება, რომ ის ამჟამად იტალიაში ქალაქ ბარიში იმყოფება, სადაც ვირუსი გავრცელებული არ არის და არც პანიკა იგრძნობა. მისი თქმით, პანიკა საქართველოდან უფრო მოდის და ის იტალიაში მოგზაურობის გამო ბულინგის მსხვერპლიც კი გახდა. “ჩვენ ემოციური ერი ვართ, სულ ვეძებთ ნეგატიურს, ვცდილობთ ერთმანეთს ვაწყენინოთ, ჩავაშხამოთ სიხარული. და აჰა, კიდევ ერთი მიზეზი კორონას სახით მოგვეცა. ნებისმიერი გრიპი არის საშიში თუ არ გაუფრთხილდები. მაგრამ ის, რომ სრული ისტერიაა ქვეყანაში, ცოტათი მაშინებს. ისეთმა ადამიანებმა მომწერეს სოც ქსელში პირადად თუ საჯაროდ, როგორ თუ გავბედე და წავედიო, რომ მეცინება. სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ განყოფილებაში ისე შედიან, რომ ელემენტარულად არც ნიღაბი უკეთიათ, არც ბახილები აცვიათ და შეხება აქვთ იმ მედიკოსებთან, რომლებსაც თავის მხრივ კონტაქტი აქვთ ვირუსიან პაციენტებთან, არანაირი დეზინფექცია არ უტარდებათ და კონტაქტს აგრძელევენ სხვებთან, ეს ნაკლებად სარისკოა? თუმცა, მათთვის საყვედური არ უთქვამთ. ალბათ იტალია უფრო საშიშად ჟღერს, ვიდრე ინფექციური ბოქსირებული განყოფილება სადაც ელემენტარული შეზღუდვაც კი არ მოქმედებს. როცა დავბრუნდები, აუცილებლად დავიცავ ყველა პროცედურას, მაგრამ ისტერიკა, რამაც საქართველო მოიცვა, კორონაზე უფრო საშიშია”, - ამბობს ჟურნალისტი. კარანტინში მოთავსებული ადამიანები კი მედიასთან საუბრისას იქ არსებულ პირობებზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ", - აღნიშნავს გამოცემა.

“ისინი ამბობენ, რომ ქვეყანა ამ პრობლემას მომზადებული ვერ შეხვდა. მათივე ინფორმაციით, კლინიკა “ლანცეტის” გვერდით არსებულ სასტუმროში, სადაც მათი მოთავსება მოხდა, უმძიმესი პირობებია. არ არის გათბობა და საკვები. ისინი ექიმების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და სასტუმროში განთავსებულებს მედიკოსები ჯერ არ უნახავთ. მათ ეუბნებიან, რომ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს დონეზეა შესაძლებელი და რეკომენდაციებს ელიან, როგორ იმოქმედონ. მათ გარეთ გასვლა ეკრძალებათ. ასევე მხოლოდ პოლიციასთან კონტაქტობენ, რომლებიც ეუბნებიან, რომ პრესცენტრს მიმართონ და მათ არაფერი იციან. ნიკა კვიტატიანი, რომლის დაც ამ სასტუმროშია მოთავსებული, “რეზონანსთან” ამბობს, რომ საკვების და გათბობის პრობლემებია. არ არის სისუფთავე და სათანადო ყურადღება. მისი დისთვის ანალიზები ჯერ არ აუღიათ. სასტუმროში გადაყვანის შემდეგ მას სიცხემ კიდევ უფრო აუწია. მათ მიკროავტობუსში ჯერ მხოლოდ ერთი საათი გაატარეს. სანამ ხმაური არ ატეხეს ყურადღება არავინ მიაქციათ. უცნობია მათ იქ რამდენი ხანი ყოფნა მოუწევთ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ხელისუფლება კი მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, საავადმყოფოების გათავისუფლებას იწყებს. რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკარანტინო ზონად მოწყობა დაიწყო. კლინიკის დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ საავადმყოფო სხვა პაციენტებისგან სრულად დაიცლება, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. გოფოძის თქმით, პალატები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით მოეწყობა და იქ გადაიყვანენ მხოლოდ იმ პირებს, ვინც კორონავირუსის რისკ-ჯგუფებში შედიან, რათა “გამავრცელებლების” შეზღუდვა მოხდეს. დირექტორი ამბობს, რომ პაციენტების მისაღებად უახლოეს მომავალში იქნებიან მზად. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში და სკოლებში 2-კვირიანი არდადეგები გამოცხადდა - 2-დან 16 მარტამდე სწავლას შეწყვეტენ. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და თბილისის მერია კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან. კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი”, თბილისის მერიის დავალებით, ვირუსთან დაკავშირებით, დამატებით უსაფრთხოების ზომებს გაატარებს”, - დასძენს გამოცემა.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ქვეყანას ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობა უწევს, ამიტომაც რთულია, რომ ასე სწრაფად ყველაფერი გამართული იყოს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ვირუსით დაინფიცირების რიცხვის მატებას ელიან - “სამწუხაროდ, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება. იმიტომ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი მთელს მსოფლიოში ჩინეთის გარეთ იზრდება. ერთადერთი ჩინეთში იკლებს, რადგანაც მათ კარანტინი გამოაცხადეს, თუმცა დღეში 300 ახალი შემთხვევა მაინც აქვთ. 56 ქვეყანაში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა, ყველგან იზრდება. ამიტომაც საქართველო გამონაკლისი არ იქნება. იტალიაში, კორეაში, ირანში - ყველგან მატებაა. ჩვენც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ და ველოდებით, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება. აქამდე ვირუსის შემოსვლა გარკვეული დროის განმავლობაში, თითქმის 2 თვის მანძილზე შევაკავეთ. სამწუხაროდ, უკვე 3 ფაქტი დადასტურდა და მატება იქნება. ამიტომაც, მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ პანიკას არ აყვნენ და მზად დავხვდეთ. როგორც საჭიროა, ყველა მხრივ მოვუვლით”, - აცხადებს გამყრელიძე. მისი თქმით, დღეს ქვეყანა გაცილებით უფრო მზად, არის ვიდრე ეს 15 ან 20 წლის წინ იყო”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კი, ბატონო, იყოს კრიტიკა, მაგრამ ეს ნიშნის მოგებას არ უნდა ემსახურებოდეს. რა თქმა უნდა, ბოდიში მოვუხადე და კიდევ ერთხელ მოვუხდი კარანტინში მყოფ ადამიანებს, რადგანაც განსაკუთრებით საუკეთესო პირობები არ დახვდათ. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ საკითხებზე სერიოზულად მუშაობს და მის მოგვარებას ცდილობს. როგორც ვიცი, ძირითადი საუბარი “დიამედის” კლინიკაზე და სასტუმროზე იყო. დანარჩენი ყველა, როგორც ვიცი, ნორმალურია. პირდაპირ ამ კარანტინის მენეჯმენტში ჩართული არ ვარ, მაგრამ მეთოდურ რეკომენდაციებს ჩვენი ცენტრი ამზადებს. გარდა ამისა მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე საავადმყოფოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის საჭიროება შეიქმნა, რადგანაც ინფექციური საავადმყოფო გადაიტვირთა. 29 თებერვლის მონაცემებით 36 ადამიანი იწვა და ისინი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მუშაობა ექსტრემალურ სიტუაციაში მიმდინარეობს. ვიყავით მომზადებული, მაგრამ არ ეყო და ბევრია ე.წ. შესაძლო შემთხვევები. ახლა ბათუმის და ქუთაისის ჩვენი განყოფილების თანამშრომლებს ვატრენინგებთ, რომ დაგვჭირდეს კვლევები იქვე ადგილზევე გავაკეთოთ და გზაში დრო აღარ დავკარგოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან გამყრელიძე.

“რაც შეეხება ქვეყანაში პანიკას და საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს, გამყრელიძე ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკი მაინც იტალიიდან არსებობს. იქიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან და ჩაკეტვას ვერ შეძლებენ. ასევე არსებობდა საფრთხე, რომ საქართველოში ვირუსის შემოსვლა ირანიდანაც მოხდებოდა, რაც რეალურად დაფიქსირდა, თუმცა ამ ეტაპზე ამ ქვეყნიდან საფრთხე ნაკლებად მოსალოდნელია. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეც “რეზონანსთან” ამბობს, რომ ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელია. მისი თქმით, მთელს მსოფლიოში არის დაავადებულთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელი და გამონაკლისი არც საქართველო იქნება. იმნაძე ამბობს, რომ ისეთ ქვეყნებში მოხდა ვირუსის ადგილობრივი გავრცელება, რომ ჯანდაცვის და ეკონომიკური კუთხით ჩვენზე მძლავრი ქვეყნებია. ამიტომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება რთული იქნება. იმნაძე ის ამბობს, რომ კარანტინის დრო 14 დღეა და ამ დროის გასვლამდე ყველა საეჭვო პაციენტი უნდა გადამოწმდეს. თუ ორი ან სამი დღის განმავლობაში არ დაუდასტურდა ვირუსი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელია. ადამიანს შესაძლოა სწორედ 14 დღის თავზე აღმოაჩნდეს, რომ ის დაინფიცირებულია. ამიტომაც კარანტინში მყოფ ადამაინებს მოუწოდებს, რომ სიმშვიდე და მოთმინება იქონიონ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ჩვენი სტარტეგია ახლა ის არის, რომ მაქსიმალურად შევაკავოთ და ვირუსის ადგილობრივი გავრცელება არ მოხდეს. რაც შეეხება კარანტინს და იქ მყოფი ადამიანების უკმაყოფილებას, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში კარანტინი 1970 წლის შემდეგ არ გამოცხადებულა. მაშინ იყო კომუნისტური წყობა და ყველაფერი სახლმწიფოსი იყო. ამიტომაც ასეთი კარანტინის მოწყობა მარტივი იყო. დღეს, როცა სახელმწიფოს მხოლოდ ინფექციური საავადმყოფო აქვს საკუთრებაში, არ არის მარტივი და ადვილი, რომ კარანტინის პირობები ასე სწრაფად მოგვარდეს. სხვა ჩვენზე უფრო მძლავრი და ძლიერი ქვეყნები სამხედრო ყაზარმებში და კარვებში აკეთებენ კარანტინს. მესმის, რომ პირველ დღეს პრობლემებია, მაგრამ ყველაფერი დალაგდება. ასეთი ადვილი არ არის და უკმაყოფილებაც მესმის. გავითვალსიწინოთ ისიც, რომ ის ადამიანები, ვინც კარანტინში არიან, ყველაზე დიდ პრობლემას საკუთარი ოჯახის წევრებისთვის წარმოადგენენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას პაატა იმნაძე.

ფატმა სერენ იაზგანი - „თურქეთი მხოლოდ პასუხობს პროვოკაციებს“ (საქართველოში თურქეთის ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ)

“ჩვენ ავიადარტყმების შედეგად 33 სამხედრო დავკარგეთ. თებერვლის დასაწყისიდან ჩვენმა დანაკარგებმა 45-ს გადააჭარბა. არ გამოგვივლენია, ვის ეკუთვნის საჰაერო ხომალდები, რომლებმაც ჩვენს კოლონასა და ბაზებს შეუტიეს. რადარი აჩვენებს, რომ ასადის რეჟიმისა და რუსული საჰაერო ხომალდები ფრენაში მონაწილეობდნენ. თურქეთი მხარს უჭერს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ ერთიანობას და ამას ხელს შეუწყობს მას შემდეგ, რაც სირიის ინიციატივით და გაეროს მხარდაჭერით პოლიტიკური პროცესის ფარგლებში ჩამოყალიბდება სანდო მთავრობა”, - აცხადებს თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენ არ ვიწყებთ არეულობას, თურქეთი მხოლოდ პასუხობს პროვოკაციებს“ / “რადარი აჩვენებს, რომ ასადის რეჟიმისა და რუსული საჰაერო ხომალდები ფრენაში მონაწილეობდნენ”.

“საერთაშორისო ურთიერთობების ამ ეტაპზე ძნელია იწინასწარმეტყველო, როგორ აპირებს ესა თუ ის ქვეყანა საკუთარი ან მოკავშირეების ინტერესების დაცვას. ჩვენ გვაქვს კრიზისი ერაყში, სირიაში, უკრაინაში, სადაც ყირიმის ანექსია მოხდა და არც შავი ზღვის აუზია ისეთი უსაფრთხო, როგორსაც ვარაუდობდნენ. მოწმე ვართ არასტაბილურობის, არცთუ უსაფრთხო გარემოსი. ეს თურქეთისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. რაც შეეხება საქართველოს, ეს არის მეზობელი, რომელთანაც გვაქვს სტაბილური ურთიერთობა. ყველა სხვა მეზობელი სახელმწიფოსგან განსხვავებით, თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველოს დემარკირებული და ორმხრივად აღიარებული საზღვრები აქვს. საქართველოში ყველა თანხმდება, რომ ქვეყანას ნატოში გაწევრება სურს. ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ, არის თუ არა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები სათანადოდ განვითარებული, არის თუ არა სფეროები, რომელთა გამოსწორებაც საჭიროა, მაგრამ ვერ უარვყოფთ საქართველოს წვლილს ნატოში და ქვეყნის კურსის მართებულობას - მას სურს ნატოში გაწევრება. ამიტომ თურქეთი ფიქრობს, რომ საქართველოს უნდა მიეცეს სამოქმედო გეგმა, ე.წ. მაპ-ი. სწორედ ეს იყო მინისტრ ჩავუშოღლუს მთავარი გზავნილი. ამავდროულად, ეს იყო პასუხი დასავლეთის უსაფუძვლო ბრალდებებზეც, თითქოს ჩვენ არასანდო მოკავშირეები ვართ დასავლეთისათვის, რადგან თურქეთი ცდილობს, რუსეთთან ზოგიერთ საკითხზე დიალოგი გამართოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფატმა სერენ იაზგანი.

“რაც შეეხება თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობას, მიუხედავად სირთულეებისა, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამას არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან და ამ საკითხისადმი ჩვენი მიდგომა უცვლელია. საქართველო აშშ-თურქეთს შორის სადავო თემა ნამდვილად არ არის. ამ საკითხზე ვაშინგტონსა და ანკარას შორის არსებობს მტკიცე ურთიერთგაგება - ორივეს სურს, იხილოს სტაბილური და განვითარებული საქართველო. ორივე ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასე რომ, იმ ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ თურქულ-ამერიკული, ან თუნდაც თურქულ-რუსული ურთიერთობები საქართველოზე მოახდენს გავლენას, მინდა ვკითხო: რატომ გგონიათ ასე? საქართველო საკუთარი 2000-წლიანი ისტორიის განმავლობაში ახერხებდა ლავირებასა და ბალანსის შენარჩუნებას მასზე ძლიერი პოლიტიკური აქტორებით სავსე რეგიონში. როდესაც ამის საშუალება არ იყო, სწორედ მაშინ ექმნებოდა პრობლემები ქართულ სახელმწიფოს. ბალანსისა და ლავირების ეს საჭიროება არსად გამქრალა, ეს დღესაც აქტუალურია, იმის გათვალისწინებით, რომ მულტიპოლარული, არათანამიმდევრული მსოფლიო წესრიგი გვაქვს”, - განაგრძობს თურქეთის ელჩი საქართველოში.

“ჩვენ ვმუშაობთ რუსეთთან და არა მარტო ჩვენ - ამას ყველა ქვეყანა აკეთებს. როცა ნატოს სხვა წევრი ქვეყნები ცდილობენ რუსეთთან საერთო ენის გამოძებნას, ეს პრობლემად არ აღიქმება, აი, ჩვენ კი რატომღაც გამონაკლისად ვიქეცით. სუსტი, იზოლირებული, არასანდოდ მიჩნეული თურქეთი ვის ინტერესებს შეესაბამება? დარწმუნებული ვარ, საქართველოს ინტერესებს - არა. თურქეთის პოლიტიკური ქცევის მეთოდიკა, განსხვავებით ბევრი ჩვენი დასავლელი მოკავშირისაგან, ადვილი წასაკითხია - ჩვენთვის ჩვენი მიწა წმინდაა. ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელი კონცეფციაა. ჩვენი ქვეყნის ერთ მტკაველსაც არ დავტოვებთ დაუცველს. ჩვენ არ ვიწყებთ არეულობას, თურქეთი მხოლოდ და მხოლოდ პასუხობს პროვოკაციებს. ვფიქრობ, იგივე ღირებულებები აქვს საქართველოსაც. დიპლომატია ყოველთვის უპირატესი მეთოდია და ამიტომ ვცდილობთ, რუსეთთან დიალოგი შევინარჩუნოთ. უნდა დავარწმუნოთ რუსი მეგობრები, რომ ამ რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობა ყველა ჩვენგანისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე კონფლიქტები”, დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ფიქრობთ, რომ რეგიონში სტაბილურობასთან დაკავშირებით რუსეთისა და თურქეთის თვალსაზრისი ერთმანეთს ემთხვევა?” - პასუხობს:

“ჩვენი მიზანია, დიპლომატიის მეშვეობით ეს თვალსაზრისი ერთმანეთს დაუახლოვდეს. ინტერესების სრული დამთხვევა შეუძლებელია, მაგრამ დიპლომატიური ოსტატობა სწორედ ის არის, რომ შევიმუშაოთ საერთო თვალსაზრისი, რომელიც ყველა მონაწილისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პრინციპული არ ვართ, მაგალითად, რუსეთთან საქართველოს საკითხზე ვაჭრობას არ დავიწყებთ, რადგან მათი და ჩვენი შეხედულება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით განსხვავებულია. თურქეთი დამოკიდებულებას არ შეცვლის, ეს დისკუსიისა და კომპრომისის საგანი არ გახდება”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა