დავით უსუფაშვილი - საარჩევნო საკითხებზე მისაღები ვერსიის მაგიდაზე დადებასთან  ახლოს ვართ - ამ წკიპურტებში არავის ავყვები

ჩვენ ახლოს ვართ საარჩევნო საკითხებზე მისაღები ვერსიის მაგიდაზე დადებასთან - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ამ წუთის მდგომარეობითაც მხარეთა პოზიციები განსხვავდება, მაგრამ ის ახლოსაა შეჯერებასთან - ყველაზე ახლოს, ვიდრე დღემდე ყოფილა.

„ოპოზიციას სრული ნორმალიზაციის მცდელობა გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ყურადღებით ვართ იმისათვის, რომ სრული ნორმალიზაციის ვერმიღწევის გამო, სრულ არანორმალურობაში არ გადავჩეხოთ ქვეყანა. ამიტომ, უახლოეს დღეებში ჩვენ „ლელოს“ წარმომადგენლები ამ პროცესში არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ გონივრული კომპრომისი მოიძებნოს, რომელიც ნორმალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და სრული ნორმალიზაციისთვის გახსნის შესაძლებლობებს. ამიტომ, დეტალებში შესვლა, ვისთვის რა არის „წითელი ხაზი“, რომელზეც არ გადავა და ა.შ. მგონი, ამ დღეებში ამაზე საუბრი არ ღირს მათი მხრიდან, ვინც შეთანხმებისთვის არის მზად. მე ძალიან დიდ შინაარსს ვდებ სიტყვებში, რომ სრული ნორმალიზაციის მცდელობამ არ უნდა მიგვიყვანოს სრულ არანორმალურობამდე. სრული არანორმალურობა იქნება ამ მოლაპარაკებების ჩაშლა, ან პარლამენტში ინიცირება რაიმე კანონპროექტის და მაისში მისი ჩაგდება, ან ისეთ შეთანხმებაზე წასვლა, რომელიც მიუღებელი იქნება საზოგადოებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის. ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენ გვინდა, რომ დარჩენილ დღეებში, იმ დღეებში როდესაც ხელისუფლებამ სრულიად აშკარად დაინახა, რომ შეთანხმება საჭიროა ქვეყნისთვის, საჭიროა მათვისაც. ეს სრულიად აშკარაა და ეს არის ჩვენი გულწრფელი მეგობრებისა და კონკრეტული ადამიანების დამსახურება. ამიტომ, ბოლო დღეებში ამ საჯარო წკიპურტების გაცვლამ არ უნდა მიგვიყვანოს პროცესის ჩაშლამდე. ამიტომ, მე არ ავყვები ამ წკიპურტებში არც ხელისუფლებას და არც არავის. მონდომებული ვარ იმისათვის, რომ შეთანხმება მოხდეს. შეთანხმების ფორმულა რა არის?! ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ პარტიამ იმისათვის, რომ ქვეყანა მართოს, უნდა მიიღოს მინიმუმ 40-%-ზე მეტი მხარდაჭერა”, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა