ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2020

ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციას და ბოლო ვადა 9 მარტი - ვინ დათანხმდება ახალ ინიციატივას

კორონავირუსის გამო საქართველოში უცხოური ფულადი გზავნილები შემცირდება

ვახტანგ ძაბირაძე - თუ მაინცდამაინც უნდათ, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადავიდეს, ამის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება

* * *

ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციას და ბოლო ვადა 9 მარტი - ვინ დათანხმდება ახალ ინიციატივას

“საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ოპოზიციას ორ ვარიანტს სთავაზობს, - 100/50-ზე და 110/40-ზე. თუმცა ოპოზიციური სპექტრისთვის ორივე შეთავაზება მიუღებელია, რადგან, მათი თქმით, ეს წინადადება პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული არ არის. ამასთან, “ქართული ოცნებამ” ოპოზიციას შესთავაზა საარჩევნო ბარიერი თავად დაასახელოს. პატარა პარტიებს კი ურჩევს ეს შანსი გამოიყენონ იმისათვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ. თუკი ოპოზიციის უმრავლესობისთვის ხელისუფლების წინადადება მისაღები იქნება, შესაძლოა სწორედ მათთან მოხდეს შეთანხმება და ამ შემთხვევაში ერთი ან ორი პარტიის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ მიენიჭება. ოპოზიციონერი ლიდერების აზრით, საარჩევნო ბარიერის დასახელებასთან დაკავშირებით ახალი შეთავაზება ოპოზიციის დაყოფის მცდელობაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციას და ბოლო ვადა 9 მარტი - ვინ დათანხმდება ახალ ინიციატივას.

“ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის საარჩევნო ბარიერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და აღნიშნავს, რომ სხვა უფრო საჭირბოროტო საკითხებია მოსაგვარებელი. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის თქმით, საარჩევნო ბარიერის დასახელების შესახებ გაკეთებული განცხადება პატარა პარტიების გადაბირებას ემსახურება. “საარჩევნო ბარიერი საერთოდ თემა არ არის ჩვენთვის, ეს ერთი იქნება, ორი თუ სამი, არ გვაინტერესებს. ამით უნდათ რომელიღაცა პატარა პარტია, რომელსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, დაითანხმონ, მაგრამ ჯამში, ოპოზიციური ერთობა იმ ორ საკითხზე, რაც არის პროპორციული არჩევნები და პოლიტიკური დევნის დამთავრება, იგივე რჩება”, - ამბობს კაპანაძე. 110/40-ზე სისტემა ასევე მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობისთვის”. „110/40-ზე მიუღებელია ოპოზიციისთვის. ჩვენთვის მისაღებია პროპორციულთან მიახლოებული სისტემა, რომელიც არ არის 110/40-ზე. რადგან ხელისუფლებამ საზოგადოება მოატყუა 150/0 სისტემის შემოღების შესახებ, კეთილი ინებონ და ისეთი სისტემა შემოიტანოს, რომელიც ოპოზიციისთვის მისაღები იქნება... საარჩევნო ბარიერს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ბარიერი იქნება ის, რაზეც პარტიების უმრავლესობა შეჯერდება. ჯერ არაფერია, არც ზეპირად და არც დოკუმენტურად”, - თქვა რომან გოცირიძემ. რაც შეეხება “პარტიოტთა ალიანსს”, თანახმაა გაიზიაროს და მიიღოს ის შეთავაზება, რასაც უმცირესობის უმრავლესობა გადაწყვეტს. თუკი ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი თანახმა იქნება 110/40-ზე, თავადაც დათანხმდება, თუმცა ამას მთელი რიგი ცვლილებები უნდა მოჰყვეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“წარვადგინეთ 135/15-ზე სისტემა, რომელიც მისაღებია, რადგან ყველა რეგიონს უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. რაც შეეხება 110/40-ზე შეთავაზებას, უფრო მეტი პროპორციულობისკენ მიდის და თუ ამას ექნება შესაბამისი ბარიერი, ასევე შემაკავებელი ბარიერი, ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, მხარი დავუჭიროთ. არ გვინდა საერთო კონსენსუსი ჩავშალოთ. თუ სხვა პოლიტიკური ძალებისთვის ეს მისაღები იქნება, ჩამოვყალიბდებით ამის მხარდაჭერაზე, ოღონდ მხოლოდ ეს პუნქტები არ განსაზღვრავს საარჩევნო სისტემას, უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ველოდებით ამ ყველაფრის ფურცელზე გადატანას. ყველა საკითხს აქვს თავისი წონა. უმთავრესი საკითხი არის პროპორციული სისტემა. მზად ვართ საერთო კონსენსუსისთვის. რასაც გვთავაზობენ, პირველ რიგში ველოდებით ხელისუფლებისგან ამის ფურცელზე გადატანას კანონპროექტის სახით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “პარტიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე.

“ცნობისათვის ხელისუფლებამ ოპოზიციას ვადა 9 მარტამდე მისცა. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუკი საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდება, ძველი შერეული სისტემა დარჩება. ხელისუფლებისა და ოპოზიციის არაფორმალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა, ორივე მხარე რადიკალურად განსხვავებულ და თითქმის საპირისპირო მოსაზრებას აჟღერებდა. კერძოდ, „ოცნება" იმედოვნებს, რომ შეთანხმება შედგება, თუმცა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეჭვობს, ხელისუფლებასთან რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიონ. 28 თებერვალს საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. 27 თებერვალს ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მსგავსი შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ჩატარდა”, - დასძენს გამოცემა.

კორონავირუსის გამო საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდება

“ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი წილი, უცხოეთიდან ფულად გზავნილებს უჭირავს, რომელსაც ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან რიცხავენ. კორონავირუსის გამო კი, მას შემცირება ემუქრება. გადმორიცხვებით იტალია მეორე ადგილზეა, ამ ქვეყნაში კი ახალი ვირუსი ევროპაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული. 2020 წლის იანვარში საქართველოში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 125,6 მილიონი (362,2 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 8,6 პროცენტით მეტია 2019 წლის იანვრის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან განხორციელდა - 26,17 მლნ დოლარი. 21,06 მილიონი გადმოირიცხა იტალიიდან, საბერძნეთიდან კი - 14,87 მილიონი დოლარი. ჯამში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში 52,45 მილიონი გადმოირიცხა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოში უცხოური ფულადი გზავნილები შემცირდება / იტალიაში მყოფი ემიგრანტები ამბობენ, რომ მალე საკუთარი თავის რჩენაც კი გაუჭირდებათ.

“ჯერჯერობით, რუსეთში კორონავირუსის მასშტაბები დიდი არ არის და დადასტურებულად მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს, შესაბამისად, იქ ნაკლებია პანიკაც და საფრთხეც. თუმცა მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში, აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ ირანის მსგავსად მონაცემებს აყალბებს რუსეთიც. რაც შეეხება გადმორიცხვის ოდენობით მეორე ქვეყნას იტალიას, იქ ეპიდემიამ ნამდვილად იფეთქა და ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2263-ს მიაღწია. მარტო ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა 27-ით გაიზარდა და ამჟამად 79 კაცს შეადგენს. განკურნებულთა რაოდენობა კი მხოლოდ 11 კაცით გაიზარდა და 160 გახდა. გარდაცვლილები 55-დან 101 წლამდე ასაკის, ძირითადად, 70-80 წლის ხანდაზმულები არიან. შემთხვევები, ძირითადად ჩრდილოეთ იტალიაშია და შესაბამისად, როგორც ქვეყნის ამ ნაწილში, ასევე მთლიანად სახელმწიფოში, შესუსტებულია ეკონომიკური აქტივობაც... ნინა გელაშვილი, რომელიც წლებია იტალიის ქალაქ ბარიში ცხოვრობს, ამბობს, რომ ჯერჯერობით მის ქალაქში არ შეინიშნება კორონავირუსის მასობრივი გავრცელება, თუმცა უკვე იგრძნობა პანიკა და ვარაუდობს, რომ შემდეგ თვეებში იქ დასაქმებულთა შემოსავალიც შემცირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რეალურად აქ მომუშავეთა უდიდესი ნაწილი ოჯახებში მუშაობს და არა მგონია მათ სამსახურზე და შემოსავალზე დიდად აისახოს. რაც შემეხება მე, აქ ლეგალურად ვარ და რესტორანში ვმუშაობ, ამიტომ ჩემზე უკვე მოახდინა გავლენა ეპიდემიამ. რესტორანი თითქმის ცარიელია. იმის გარდა, რომ ტურისტები აქ ჩამოსვლას ერიდებიან, ადგილობრივებიც აღარ გადიან დიდად გარეთ. ყველა სახლში დარჩენას ამჯობინებს, შესაბამისად, შემოსავალი შეუმცირდა რესტორანს და მეც. იმედია, მალე გაივლის ეს რთული პერიოდი და როცა დაცხება, მართლა შეწყდება ვირუსის გავრცელება, თორემ თანხის გამოგზავნა კი არა, თავი როგორ ვირჩინოთ უკვე ეს საკითხი დგას დღის წესრიგში“, - უთხრა ემიგრანტმა “რეზონანსს”. იქ, სადაც ვითარება ყველაზე რთულია კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი თამრიკო ცხვედიანი ცხოვრობს. მილანი დღეს, ფაქტობრივად, პარალიზებული ქალაქია და იქედან ფულადი გადმორიცხვები ძალიან გართულდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მილანი, სადაც უამრავი ტურისტი ირევა და ცხოვრება ძალიან აქტიურია, დღეს პარალიზებული ქალაქია. მართალია, ოჯახში მომუშავეებს სამსახურის დაკარგვა ალბათ არ გვემუქრება, მაგრამ ღმერთმა არ ქნას ასეთი ვითარება დიდხანს გაგრძელდეს. ხელფასი აუცილებლად შეგვიმცირდება. ის ხალხს, ვინც დამლაგებლად მუშაობს პერიოდულად, ან კაფე-ბარებსა და რესტორნებში, ამ ეტაპზე საქმე აღარ აქვთ. აქ ურთულესი ვითარებაა და შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც აქედან ოჯახებს არჩენენ საქართველოში, ახლა საკუთარი თავის გატანაზე არიან ორიენტირებულნი”, - თქვა თამრიკო ცხვედიანმა. ევროპის უდიდეს ნაწილში, კორონავირუსის შემთხვევები უკვე დაფიქსირებულია. თვითონ ვირუსზე მეტად კი ეკონომიკას პანიკა აზიანებს, რომელიც იმდენად დიდია, რომ იმ ქვეყნებზეც ახდენს გავლენას, სადაც დაავადების ჯერ არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეკონომისტი პაატა აროშიძე ამბობს, რომ კორონავირუსის შედეგზე მეტად ეკონომიკა, პანიკამ დააზარალა. ერთი მხარეა, რომ ემიგრანტებს სამუშაო შეუმცირდებათ და გარდა ამისა, იმ თანხის გადმორიცხვაც გაძნელდება, რომელსაც ადგილზე გამოიმუშავებენ”, - დასძენს გამოცემა.

“ფულად გზავნილებზე, რა თქმა უნდა, აისახება იმიტომ, რომ ქართველი ემიგრანტთა უმეტესი ნაწილი წასულია იტალიაში. თითოეული ემიგრანტი თითო ოჯახს არჩენს. ეპიდემია მთელ ქვეყანაში არ არის ჯერჯერობით გავრცელებული, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა დიდი საზოგადოებრივი ღონისძიება გადაიდო და ეს ადასტურებს, რომ პანიკაა. შემოღებულია კარანტინის ზომები, გადაადგილება გართულებულია, ემიგრანტებს ანგარიშსწორებაც გაურთულდებათ. არა მგონია, რომ უმეტესობას იქ ინტერნეტ ბანკი ჰქონდეს. სამწუხაროა, მაგრამ ემიგრანტთა უმეტესობა არალეგალია და შესაბამისად, ასეთ რესურსებზე წვდომა არ აქვს. მათი შემოსავლის შემცირების გარდა, პრობლემა იქნება იმის გადმორიცხვაც, რასაც გამოიმუშავებენ. გადმორიცხვებთან ერთად შემცირდება ტურიზმი იტალიის მიმართულებით და პირიქით... ვფიქრობ,გაზაფხულის დადგომასთან ერთად, უკან დაიხევს ეს ვირუსი. თუმცა პანიკა კიდევ ორ კვირას მაინც გასტანს. ეს ეკონომიკას დიდ ზარალს აყენებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ მაინცდამაინც უნდათ, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადავიდეს, ამის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება

“ხელისუფლება 110/40-ზე ლაპარაკობს, 130/20-ზე-ოპოზიცია, საშუალო 120/30-ზეა, მგონია, რომ თუ ორივე მხარეს შეთანხმება სურს, მისაღები უნდა იყოს და თუ მაინცდამაინც უნდათ, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადავიდეს, მაშინ ამის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თუ მაინცდამაინც უნდათ, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადავიდეს, ამის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება” - ძაბირაძე

“რაც შეეხება განცხადებას, რომ “პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პოლიტიკურ პროცესში პოზიტიური წვლილის შეტანა შეუძლია”, - საუბარი იყო შეწყალების კომისიის შექმნაზე, დღეს ეს კომისია მუშაობს თუ არა, არ ვიცი, პრობლემა ის კი არაა, ზურაბიშვილი შეიწყალებს თუ არა, პრობლემა ისაა, ეს საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან როგორ იქნება აღქმული. ეს თუ აღქმული იქნება, რომ ხელისუფლებას შეეშინდა და პოლიტპატიმრები გამოუშვა, მაშინ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე არ წავა და ბუნებრივია, ზურაბიშვილიც ამას არ გააკეთებს. მეორეც ის, რომ ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ ექსპერტებს ჩამოიყვანს, და ნახავენო, რომ ფული მოიპარაო და არანაირი პოლიტპატიმარი არააო და ა.შ.”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ოპოზიციამ ხელისუფლებას საარჩევნო ფორმულა 130/20 შესთავაზა, რამდენად შესაძლებელია, რომ საპარლამენტო არჩევნები ამ სისტემით წარიმართოს?” - პასუხობს:

“თუ ლაპარაკია იმ პრინციპით რა პრინციპითაც ოპოზიცია ლაპარაკობდა, 40%-იან ბარიერს ფაქტიურად 120/30-ზეც უზრუნველყოფს, 125/25-ზე კი მთლიანად გამორიცხავს იმ თეორიულ შესაძლებლობასაც კი, რომ ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ ერთპიროვნულად დააკომპლექტოს მთავრობა, ოპოზიციას რატომ უნდა მაინცდამაინც 130/20-ზე, ეს უკვე აღარ მესმის. თუ კომპრომისზეა ლაპარაკი, ხელისუფლება 110/40-ზე ლაპარაკობს, 130/20-ზე-ოპოზიცია, საშუალო 120/30-ზეა, მგონია, რომ თუ ორივე მხარეს შეთანხმება სურს, მისაღები უნდა იყოს, და თუ მაინცდამაინც უნდათ, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადავიდეს, მაშინ ამის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება. შეთანხმების საგანი 130/20 ფორმულაა, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგას და ოპოზიცია ამაზე თუ არ წავა, ყოველ შემთხვევაში ხელისუფლება პოლიტიკურად მოგებული იქნება”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს