გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს.

როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უგულავას გასათავისუფლებლად „პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს“.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებაში საუბარია ასევე, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის საკითხზეც, რომელთა გასათავისუფლებლად სხვა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს, მათ შორის შესაძლოა, ეს იყოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

„როგორც შეხვედრაზე შესვლამდე, ასევე შეხვედრის დროს, ერთ-ერთი მთავარი პირობა ჩვენგან იყო სწორედ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. შეიძლება ვერ ვთანხმდებით „ქართულ ოცნებასთან“ და ისინი ამათ არ ეძახიან პოლიტპატიმრებს, მაგრამ მეორე დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, მითითებულია პრეზიდენტის ჩართულობის შესახებ. ეს დოკუმენტი ხელმოწერილია იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას მექანიზმები, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ საპატიმრო დაწესებულებებიდან. ღიად ვიტყვი, აქ საუბარია თამლიანზე, რურუაზე, ოქრუაშვილზე, როგორც 20 ივნისის შემდგომ პატიმრობაში მყოფ ადამიანებზე (მათ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ), მეორე მხრივ, საუბარია გიგი უგულავაზე. პრეზიდენტის ინსტიტუცის მექანიზმი უნდ იქნას გამოყენებული საბოლოო შეთანხმების ჩამოსაყალიბებლად, რომ გიგი უგულავამ დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. ფორმალურად და პროცედურულად შეიძლება ამას შეწყალება ერქვას, თუმცა რეალური შეწყალებისგან ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან შორს არის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ვაშაძე ამბობს, მას აქვს მოლოდინი, რომ თამლიანთან, ოქრუაშვილსა და რურუასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ახლო მომავალში იქნება მიღებული, გიგი უგულავას საკითხზე კი პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს, რა დრო დასჭირდება.

„ეს არ უნდა იყოს ვრცელი ვადა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ისინი უნდა გათავისუფლდნენ,“ - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუშინ შეთანხმდა. ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები შემდეგი პრინციპით ჩატარდება: 120/30-ზე, რაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს ითვალისწინებს; გარდა ამისა, საარჩევნო ბარიერი 1% იქნება, ასევე მემორანდუმის თანახმად წესდება 40%-იანი ჩამკეტი, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, უმრავლესობას ვერ მიიღებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

მემორანდუმის თანახმად, 2020-დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა