ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პოლიტიკური შეთანხმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები” ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კონსენსუსის მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის უცხოელ პარტნიორებს მიუძღვით.

როგორც „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფრაქცია მიესალმება კონსენსუსის მიღწევას, რომელიც გულისხმობს 2020 წლის არჩევნებისათვის 120 პროპორციულ/30 მაჟორიტარულ მოდელს,

„2020 წლის 8 მარტს საქართველოში დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევის შედეგად მიღწეულ იქნა პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება.

კონსენსუსის მიღწევის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს და აშშ მისიის მოადგილის ელიზაბეთ რუდის წვლილი.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მიესალმება კონსენსუსის მიღწევას, რომელიც გულისხმობს 2020 წლის არჩევნებისათვის 120 პროპორციულ/30 მაჟორიტარულ მოდელს, 1%-იან ბარიერს პროპორციული მანდატებისათვის, საარჩევნო ოლქების გადანაწილებას +/- 15% სხვაობით და საერთო სულისკვეთებასა და ძალისხმევას, რომ მოხდეს პოლიტიკური გარემოს დეესკალაცია.

ფრაქცია აქვე აღნიშნავს, რომ მიღწეული შეთანხმება ძირითადად პასუხობს მმართველი ძალისა და ოპოზიციური გაერთიანების მიერ მოთხოვნილ პოზიციებს. სამწუხაროა, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიერ დაყენებული მთავარი მოთხოვნა - საყოველთაო სავალდებულო არჩევნების საკითხი - არ ყოფილა გათვალისწინებული არათუ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტში, არამედ ფორმალური და არაფორმალური მოლაპარაკებების პროცესის არც ერთ ეტაპზე.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ საყოველთაო სავალდებულო არჩევნები იქნებოდა უმნიშვნელოვანესი (1) პოლიტიკური სპექტრის რეალური დეპოლარიზაციისათვის; (2) არჩევნების შედეგებზე ფინანსურად ძლიერი პარტიების დაფინასების გავლენის შესამცირებლად; (3) არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის; (4) საქართველოში ახალგაზრდა დემოკრატიის განსამტკიცებლად და (5) პარლამენტსა და შესაბამისად აღმასრულებელ ხელისუფლებაში უფრო ფართო პოლიტიკური პლურალიზმისათვის.

მიუხედევად ზემოთ აღნიშნულისა, საარჩევნო სისტემაზე საყოველთაო კონსენსუსის მისაღწევად, წინასაარჩევნო გარემოს ნორმალიზებისა და საქართველოს გრძელვადიანი პილიტიკური სტაბილურობისათვის, ჩვენ ხელს ვაწერთ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას იმ პირობით, რომ სავალდებულო არჩევნების საკითხი გახდება კონსტიტუციური პროექტის გარშემო დაგეგმილი საჯარო განხილვების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემდეგ”, - ნათქვამი განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს