ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენ არ ვაპირებთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში  ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან, მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებისას

ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან, მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებისას, -ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო იყენებს ყველა საკომუნიკაციო არხს, რათა ორივე ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობა ინფორმირებული იყოს იმაზე, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ თავის დასაცავად, ასევე სახელმწიფო მზად არის დაეხმაროს მოსახლეობას დიაგნოსტიკის და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამკურნალო სერვისებით.

„საუბედუროდ იცით, რომ ოკუპაციისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობებს, რომ იქ გავატაროთ ისეთი ღონისძიებები, რასაც ვატარებთ საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. იცით თქვენ, რომ შესაძლებლობების დეცენტრალიზება ხდება დედაქალაქს მიღმაც. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, წლებია ჩვენ ჯანდაცვის სერვისებს ვავრცელებთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაზე, გარკვეული სამედიცინო საშუალებებით ადგილზე ვეხმარებით, ხოლო უფასო სამედიცინო სერვისებზე წვდომა აქვს ჩვენ მოსახლეობას და არც ეს იქნება გამონაკლისი.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ ეს დღეებია, ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, ასევე ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა გავატაროთ უფრო კონკრეტულად აფხაზეთის მიმართულებით გარკვეული საპრევენციო ღონისძიებები, ასევე ორივე რეგიონში მოსახლეობა იყოს მეტად ინფორმირებული, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ იმისთვის, რომ თავი დაიცვან. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ დავეხმაროთ მოსახლეობას დიაგნოსტიკის და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამკურნალო სერვისებით.

რა თქმა უნდა ეს ჩაკეტილობა და ზოგადად წვდომის არქონა , განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, რომელიც პანდემიამდეც დიდი ხნით ადრე, თვეების განმავლობაში სრულიად მიზანმიმართულად იზოლირებული გახლავთ და დღეს, როდესაც ასეთი სიმწვავის პრობლემები დგას მსოფლიოს მოსახლეობის წინაშე, მაგალითად იგივე ცხინვალის აფთიაქებში ქართული წარწერებიანი მედიკამენტების ამოღება ხდება, ალბათ მხოლოდ დღეს შევიკავებ თავს კიდევ დამატებით შეფასებისგან, არაერთხელ გამიკეთებია ეს შეფასება და მოსახლეობისთვისაც ნათელია“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, დღეს არის მობილიზაციის დრო.

„მე მინდა მოვუწოდო მათაც და რა თქმა უნდა, ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ვითარება არ არის კონტროლირებადი, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ რუსეთ-საქართველოს საზღვრის იმ მონაკვეთებს, რომლებიც ეხლა გახლავთ ოკუპირებული და ამიტომ ცხადია ძალიან რთულია იქ ანალოგიური ღონისძიებების გატარება, თუნდაც სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით. მაგრამ გარკვეულ შესაძლებლობებს რა თქმა უნდა ვეძებთ, ჩვენ მზად ვართ და ხაზგასმით ვამბობ ამას კიდევ ერთხელ, დღესაც მუშაობაც მიდის და გარკვეული ღონისძიებებიც იმისთვის, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ და გვინდა მათ იცოდნენ, არ იგრძნონ არცერთი წუთით, რომ საქართველოს სახელმწიფო დატოვებს მათ. კიდევ ერთხელ, მთავარი არის ის, რომ მთლიანად საქართველოს მასშტაბით საპრევენციო ღონისძიებები იქნას მაქსიმალურად ეფექტურად გატარებული“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა