არჩილ ჩოფიკაშვილი - აფგან მუხთარლის 1000 მანათის ჯარიმა შეეფარდა - გათავისუფლება მისთვისაც მოულოდნელი იყო, მოულოდნელად გამოიყვანეს ციხიდან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საპატიმროდან 1000-მანათიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა, აფგან მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განუცხადა.

როგორც ჩოფიკაშვილი განმარტავს, აფგან მუხთარლის გათავისუფლებაში დიდი როლი როგორც საზოგადოებრივმა პროტესტმა შეასრულა, ასევე იმ ფაქტმაც, რომ მუხთარლის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

„თითქმის, 2 წელზე მეტი გავიდა თბილისიდან აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ. ეს 2017 წლის 29 მაისს მოხდა. როგორც ცნობილია, მას აზერბაიჯანში 6-წლიანი პატიმრობა გამოგონილი ბრალდებით ჰქონდა მისჯილი. მუხთარლიმ 2 წელზე მეტი მოიხადა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ დარჩენილი სასჯელი არასაპატიმრო სასჯელით - 1000 მანათიანი სასჯელით შეეცვალა. მას 1000 მანათი ჯარიმა შეეფარდა და გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. აფგან მუხთარლი გუშინვე მოსკოვის გავლით თავის ოჯახთან გერმანიაში ჩავიდა.

სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო მოსალოდნელი, ვინაიდან მუხთარლის პატიმრობა დიდ პროტესტს იწვევდა, როგორც საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებში, ისე, საქართველოში და აზერბაიჯანში უფლებადამცველებში. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პირველივე დღიდან ვიცავდით და ვიცავთ აფგან მუხთარლის ინტერესებს. მისი საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში განიხილება, სადაც მე და ნიკოლოზ ლეგაშვილი წარმოვადგენთ მუხთარლის ინტერესებს. უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ერთის მხრივ, ევროსასამართლოში დაჩქარებულმა საქმის წარმოებამ და მეორეს მხრივ, დიდმა საზოგადოებრივმა პროტესტმა, როგორც კავკასიაში, ასევე მსოფლიოში, განაპირობა, რომ საბოლოო ჯამში მუხთარლი ვადამდე გათავისუფლდა, სასჯელის ნახევარიც არ იყო გასული, რომ მას პატიმრობა ჯარიმით შეეცვალა. ვფიქრობ, ამით აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს საკუთარი პასუხისმგებლობა შეიმსუბუქოს, ვინაიდან ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში მუხთარლი თავისუფლებაში იქნება“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, ციხიდან გათავისუფლება აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„მისთვისაც მოულოდნელი იყო, მოულოდნელად გამოიყვანეს ციხიდან, ჩაუტარეს პროცესი და გაათავისუფლეს“, - აცხადებს ჩოფიკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო