ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2020

როგორ იცავენ კორონავირუსიან პაციენტებთან შეხებაში მყოფი ექიმები თავს და გარშემო მყოფებს

რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა და რა ზომები ტარდება ამ დროს

***

როგორ იცავენ კორონავირუსიან პაციენტებთან შეხებაში მყოფი ექიმები თავს და გარშემო მყოფებს

“მედ-პერსონალი, რომელსაც შეხება უშუალოდ კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან აქვთ, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, არადა მათი ჯანმრთელობა თითოეული ჩვენთაგანისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩინელი ექიმები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე პაციენტებთან ურთიერთობაში შეცდომები დაუშვეს, რის შედეგადაც ბევრი მკურნალი ექიმი დაინფიცირდა და გარდაიცვალა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო უკონტროლო გახადა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როგორ იცავენ კორონავირუსიან პაციენტებთან შეხებაში მყოფი ექიმები თავს და გარშემო მყოფებს

"ქალაქ უხანში მოღვაწე ექიმები, საიდანაც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, აცხადებენ, რომ დღეს ევროპელი ექიმები ზუსტად იგივე შეცდომას უშვებენ, რაც მათ ჩინელ კოლეგებს მოსდიოდათ, რამაც ჩინეთი პრაქტიკულად კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი" წერს. ეს შეცდომა კი თავად სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი დაცულობა იყო. იანვრის პირველი ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსზე თავად ჩინელ ექიმებსაც საკმაოდ მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. გარდა ამისა, ინფექციისაგან თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებები - სამედიცინო ნიღბები და ა.შ. - ავადმყოფებისთვისაც არ გააჩნდათ საკმარისი რაოდენობით. ამის გამო სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი ზერელედ უყურებდა მათ პირად უსაფრთხოებას. შედეგად, დაახლოებით 1000 ექიმი და ექთანი თავად დაავადდა კორონავირუსით და 46 მათგანი გარდაიცვალა კიდეც. ამან კი თავის მხრივ ახალი პრობლემა წარმოშვა - სამედიცინო პერსონალის მკვეთრი დეფიციტი უხანსა და სხვა ქალაქებში”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რა ვითარებაა ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში? თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძე "რეზონანსთან" აცხადებს. რომ ევროპელი ექიმების შეცდომა მსუბუქი შემთხვევების უგულებელყოფა იყო, რაც დაინფიცირების მთავარი წყაროა. ევროპელი ექიმები იმ შეცდომებს უშვებდნენ, რომ საავადმყოფოებში ავადმყოფები გართულებული ფორმით მიდიოდნენ, მთვარია მსუბუქი შემთხვევების იზოლაცია, რომლებიც გადადების წყაროა, ეტყობა იტალიაშიც იმიტომ დამძიმდა სიტუაცია, რომ იქაც ძალიან ბევრი მსუბუქი შემთხვევები იყო, რომელსც არა აქვს მნიშვნელოვანი სიმპტომატიკა, დადიოდნენ და მათგანაა ეს გადამდებლობა ყველაზე საშიში, ვფიქრობ, რომ ესაა შეცდომები. ამ მხრივ ჩინეთმა რომ გაამკაცრა ვითარება, შემთხვევები შემცირდა და პრინციპში აღარცაა," - განაგრძობს გამოცემა.

"ენდელაძე მიიჩნევს, რომ მედიკოსების დაინფიცირების რისკი საქართველოში ნაკლებია. მგონია, რომ ასეთი შეცდომები ჩვენს ქვეყანაზე არ გავრცელდება იმიტომ, რომ ჩვენთან თავიდანვე უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების შემთხვევების იზოლაცია თავიდანვე მოხდა და ადამიანებს თუ არ ექნებათ იმის შეგნება, რომ იზოლაციაში უნდა იყვნენ, ეს უკვე ისევ ჩვენი ბრალი იქნება, აქ რომ მოხდეს გავრცელება. ჩვენ ექიმებს ძალიან სერიოზული ეკიპირება გვაქვს, უშუალო შეხებაში მყოფ პაციენტებთან ბევრი არ ვართ, დაყოფილები ვართ და ყველა ექიმი პაციენტებთან არ შედის, ჩვენს საავადმყოფოში ამ პაციენტებთან სულ 5-6 შევდივართ, დანარჩენებს მათთან კონტაქტი არ აქვთ, რაც შეგვეხება ჩვენ ექიმებს ყველას გვყავს საკუთარი მანქანა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში საერთოდ არ ავდივართ და უმეტესობა ვერ გავდივართ აქედან, მე თუ გავედი გავდივარ ღამის სამ საათზე და დილით მოვდივარ. არ მაქვს საშუალება, რომ გავიდე, თორემ თვითიზოლაციაში არ ვარ, თან ყოველ მეორე მესამე დღეს ვიმოწმებთ ინფექციას და არცერთს არ გვაქვს, ჯერჯერობით არავისთან არ დაფიქსირებულა”,- დასძენს გამოცემა.

“ვინც ავადმყოფებთან შევდივართ არცერთს იმის დრო არ გვაქვს, რომ სადმე მაღაზიაში შევიდეთ, რაიმე ვიყიდოთ, ან რამე გავაკეთოთ, ჩვენ აბსოლუტურად ამ პაციენტების რეჟიმში ვცხოვრობთ და თითქმის 24 საათი საავადმყოფოში ვართ. ექიმები ვინც სახლში მიდიან, ყველს თავისი ოთახი აქვს, ჩვენ ყველაზე მეტად ვიცით ეს ინფექცია რა არის და ჩვენ ისეთ კონტაქტში არ შევდივართ რითაც შეიძლება დაინფიცირება მოხდეს, ცალკე ოთახი, ცალკე სააბაზანო, აქ პაციენტებთან ვინც მუშაობს, ეს პირობები ყველას აქვს," - განაცხადა ენდელაძემ. პეკინის სამედიცინო კოლეჯის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი დუ ბინი კი ამბობს, რომ უხანის ექიმებიდან კორონავირუსთან ბრძოლის დროს, დაინფიცირების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად ოტორინოლარინგოლოგები (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმები) და ოკულისტები (თვალის ექიმები) დაზარალდნენ, რადგან მათ პანციენტებთან, როგორც წესი, უფრო ახლო კონტაქტი აქვთ, ვიდრე სხვა პროფილის ექიმებს. განსაკუთრებით ჩინელმა ექიმებმა ყურადღება მიაქციეს სიფხიზლის აუცილებლობას მაშინაც კი, როდესაც ინფექციის გავრცელება ლოკალიზებულია. ეს არის იმის გამო, რომ ინფექციის ახალი შემთხვევები არ არის გამორიცხული”, - წერს სტატიის ავტორი.

რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა და რა ზომები ტარდება ამ დროს

"ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რომელმაც ადამიანებს დღის წესრიგი კარდინალურად შეუცვალა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამაზე საქართველოშიც აქტიურად ალაპარაკდნენ. მართალია გუშინ პრემიერმა თქვა ამის აუცილებლობა არ არისო, თუმცა ყველა ხვდება, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ეს აუცილებელი გახდება. საინტერესოა, რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა და რა ზომები ტარდება ამ დროს

"კონსტიტუციის თანახმად, "საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე" (მუხლი 77, მე-7 პუნქტი)”, - აღნიშნავს გამოცემა.

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, მთავრობას შეუძლია განახორციელოს შემდეგი სახის ღონისძიებები:

  1. შემოიღოს ქვეყანაში მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;
  2. აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება;
  3. აუკრძალოს მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე;
  4. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ტერიტორიაზე აკრძალოს კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;
  5. აკრძალოს გაფიცვების მოწყობა;
  6. შემოიღოს კარანტინი და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი;
  7. კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი დააწესოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;
  8. შემოიღოს კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;
  9. შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი;
  10. შემოიღონ კომენდანტის საათი.

დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას თუ გადავხედავთ, ამ პუნქტების უმრავლესობა, ამა თუ იმ ფორმით, უკვე ამოქმედებულია”, - წერს სტატიის ავტორი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს