გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტია ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს და იმ მოქალაქეების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, ვისაც საზღვარგარეთ დახმარება სჭირდება

პარტია"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, ქართული სახელმწიფო ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც „ახლა პოლიტიკური ეგოიზმის დრო არ არის“.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შექმნილ ვითარებაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს და იმ თანამოქალაქეების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, ვისაც საზღვარგარეთ დახმარება ესაჭიროება.

„ჩვენი სახელმწიფო ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით, მარნეულის ინციდენტის შემდეგ. დღეს, ამ მდგომარეობიდან გამოსვლისთვის საჭიროა მთლიანად ერის გაერთიანება, ერთობა, სოლიდარობა, თანადგომა. ამის გარეშე ჩვენ ამ პრობლემებს ვერ დავძლევთ. ამიტომ, მინდა განვაცხადო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს ხელისუფლების ყველა წინმსწრებ, მკაცრ და გონივრულ ნაბიჯს. მაგრამ ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს ხელისუფლების საგანგებო უფლებამოსილებას და საგანგებო პასუხისმგებლობას. ამიტომ, წინმსწრები, ძალიან კარგად მოფიქრებული, მაგრამ მკაცრი ზომები დღეს აუცილებელია.

ნიაღვარივით მოდის შეტყობინებები ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოდან და ქალაქებიდან იმის შესახებ, რომ თავშესაფრის და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები, ზოგი მათგანი აეროპორტში, ზოგი -ქუჩაში, ზოგი მათგანი თავშესაფრის ძიებაში არიან ჩარჩენილები. ახლა საუბარი აღარ არის ჩარტერულ რეისებზე, მითუმეტეს, კომერციულ რეისებზე, ახლა საჭიროა სამაშველო ოპერაციის ჩატარება. ამისთვის საჭიროა მობილიზება, რომ საქართველოს მოქალაქეები სასწრაფოდ ჩამოვიყვანოთ. ეს ადამიანები ბედის ანაბრად არიან მიტოვებულები“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი განმარტებით, მოქალაქეების დასახმარებლად პარტია „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში“ შტაბი შეიქმნა. როგორც ვაშაძე განმარტავს, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ მათ დაუკავშირდნენ და ინფორმაცია მიაწოდონ.

„იმისთვის, რომ ხელისუფლებას დავეხმაროთ, ჩვენს პარტიაში შტაბი შეიქმნა. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება საზღვარგარეთ, ვთხოვ, დაგვირეკონ და კიდევ უკეთესი, შემოიფარგლონ „ვოთსაფის“, „ვაიბერის“ ან სმს შეტყობინებით, მოგვწერონ სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, ადგილსამყოფელი, ქვეყანა და რამდენი ხანია იქ იმყოფებიან. ასევე ვეცდებით, სატელეფონო ზარით, „ვაიბერით“, ან „ვოთსაფის“ შეტყობინებით გავცეთ პასუხი. შემდეგ ჩვენ ამ შეგროვებულ ინფორმაციას ხელისუფლებას გადავცემთ. ეს ჩვენი მხრიდან დახმარებაა. ახლა ნამდვილად არ არის პოლიტიკური ქულების, პოლიტიკური ეგოიზმის და წინასაარჩევნო ეკვილიბრისტიკის დრო. ყველამ უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ბედის ანარაბა არ დარჩნენ. ვიცი, რა დღეში იქნებიან ახლა ჩვენი საელჩოს, საკონსულოების წარმომადგენლები, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავეხმაროთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა