მიხეილ სააკაშვილი - ადამიანების პოლიტიკური ნიშნით განსხვავება იქნება ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება ივანიშვილმა დაგვიტოვოს

ადამიანების პოლიტიკური ნიშნით განსხვავება იქნება ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება ივანიშვილმა თავისი სამარცხვინო მმართველობის დასასრულს დაგვიტოვოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილი მარნეულსა და ბოლნისში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთიანობა და მხარდაჭერაა საჭირო.

„ამ უბედურების ფონზე, როდესაც დაავადება სწრაფად ვრცელდება და ამის პარალელურად, ქართული ლარი მსოფლიო ვალუტებს შორის ყველაზე მეტად დაეცა, ეს ნიშნავს იმას, რომ 2012 წელს პენსია 80$-მდე დავტოვე, ახლა ჩამოსულია 60 დოლარზე. ასევე, უამრავი ადამიანი უმუშევარი რჩება. პრაქტიკულად შეწყდა უცხოეთიდან გზავნილების გამოგზავნა, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ერთიანობა და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ.

მინდა ორ ფაქტზე გესაუბროთ: პირველი, დღეს, ზუგდიდში მრავალი ათასი ადამიანი მოვიდა, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მიერ ნიღბების, სადეზინფექციო ხსნარების, ხელთათმანების, დამცავი პაკეტების დარიგებაზე. ეს პროგრამა ამერიკელი ქართველების, სხვა ადამიანების მხარდაჭერით კეთდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრ ამ საშუალებას ვერ დავარიგებთ. პრაქტიკულად რამდენიმე ათასი პაკეტი, რომელიც რიგდება, იმის მინიმუმის მინიმუმია, რაც საქართველოს სჭირდება. საქართველოს სჭირდება რამდენიმე მილიონი, მაგრამ ჩვენ ვახერხებთ იმას, რასაც ვახერხებთ ჩვენი თავდადებული ახალგაზრდა მოხალისეების დახმარებით, მაგრამ ამ დარიგების დროს იყო რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი, როდესაც რიგში მდგომ ადამიანებს ვიღაცებმა შესძახეს - თქვენ ხომ „ქოცები“ ხართ, თქვენ ხომ სააკაშვილის წინააღმდეგ იყავით, როგორ გაბედეთ და აქ როგორ იღებთ ამ პაკეტებს. მინდა, ყველას ვუთხრა, მეგობრებო, რაც ნიშნავს „ქოცი“ და „ნაცი“, ჩვენ ყველანი ერთიანები ვართ. საერთოდ, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით განსხვავება იქნება ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება ივანიშვილმა თავისი სამარცხვინო მმართველობის დასასრულს დაგვიტოვოს. ნუ დავემსგავსებით მათ და მის ვიწრო ჯგუფს. ჩვენ ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა გავუწოდოთ“,-აცხადებს სააკაშვილი.

მისი შეფასებით, ქვემო ქართლში ძალიან შრომისმოყვარე, პარტიოტი მოსახლეობა ცხოვრობს და მათი ბრალი არ არის, თუ კორონავირუსი გავრცელდა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვირუსის აღსაკვეთად დროულად და ეფექტიანად არ იმოქმედა.

„მინდა შემდეგი რამ ვთქვა, ქვემო ქართლში ძალიან შრომისმოყვარე, ძალიან გამტანი, პარტიოტი საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ეთნიკური აზერბაჯანელია. ბუნებრივია, იქ არიან ეთნიკური ქართველები, სომხები და სხვები. მინდა, ვთქვა, რომ ეს ხალხი საქართველოს გვერდით ყველაზე რთულ მომენტებში იდგა. ამ ხალხის მიერ შექმნილი დოვლათი აცხოვრებდა ძალიან დიდხანს საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ხალხი ინტეგრირებული ყოფილიყო. ჩვენ შევქმენით ახალგაზრდების, ქართველი მაგისტრანტების მიერ ქართულის სწავლების პროგრამები, რომელიც ივანიშვილის მთავრობამ „მოკეტა“. ჩვენ ვუშვებდით მათ უცხოეთში სასწავლებლად და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გავუკეთეთ პროგრამა, რომელიც ასევე „მოიკეტა“. მათი ბრალი არ არის, თუ უფროსმა თაობამ ნაკლებად იცის ქართული, ახალგაზრდებმა უკვე იციან. მათი ბრალი არ არის, თუ ნაკლები ინფორმაცია აქვთ იმის გამო, რომ ენა არ იციან. ეს ხალხი ხომ ძალიან კარგი ხალხია. ის, რომ იქ დაავადების გავრცელება მოხდა, ეს არ არის იმდენად იმ კონკრეტული ადამიანების ბრალი, რამდენადაც იმის, რომ სისტემამ არ იმუშავა, არ შემოწმდა, თუნცა ყველა ნიშანი სახეზე იყო. წინასწარი პროფილაქტიკური ღონისძიებები არ გატარდა, თუმცა ამის სამედიცინო ბაზა იქ არსებობს. ამგვარადად, ხალხისთვის იმის დაბრალება, რაც პრინციპში სისტემამ ვერ შეძლო და სახელმწიფომ ვერ გააკეთა, არასწორი და ძალიან საშიშია. მინდა სრული თანადგომა გამოვუცხადო ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ისინი ნამდვილად ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან, ნამდვილად ჩვენი სისხლი და ხორცია. ასეთი უბედურება მოხდა „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულის დღეებში, მაგრამ ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები, სოლიდარულები და ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელები. ყველაფერი გამოგვივა.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიძნელეს საქართველო გადალახავს. ჩვენ კიდევ უფრო უკეთესად მოვემზადებით შემდგომი ეკონომიკური დიდი, უარყოფითი ტალღისთვის, რომელიც აუცილებლად იქნება, მაგრამ ასევე გადავიტანთ“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს