ადვოკატი - ირაკლი ოქრუაშვილის გადასაწყვეტია მიმართავს თუ არა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, თუმცა, პრეზიდენტს მიმართვაც არ სჭირდება, ისე შეუძლია პატიმრის შეწყალება

20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებულ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, თუ ოქრუაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში უნდათ, ამის ბერკეტი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალებაა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მამუკა ჭაბაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, მიმართავს თუ არა თავად ირაკლი ოქრუაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით.

„თუ უნდათ, რომ უახლოეს დღეებში, თუ თვეებში ირაკლი ოქრუაშვილი გამოუშვან და იქამდე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ მოესწრება, მაშინ პრეზიდენტის შეწყალება რჩება. მიმართავს თუ არა, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, ეს ირაკლის გადასაწყვეტია, თუმცა, პრეზიდენტს მიმართვაც არ ჭირდება, ისე შეუძლია მას პატიმრის შეწყალება“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ჭაბაშვილმა ჟურნალისტებთან მოსამართლის გადაწყვეტილებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ განაჩენის გამოტანისას სასამართლო კანონს არ დაყრდნობია.

ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდება ორი ნაწილისგან შედგებოდა, მას ძალადობის ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას ედავებოდნენ. ხელმძღვანელობაში ის მოსამართლემ გაამართლა, მონაწილეობაში გაამტყუნა. იმ კადრებში, რაც თქვენ ნახეთ, ასობით ადამიანი იყო და მაინც და მაინც ირაკლი ოქრუაშვილი გამოარჩიეს და სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ნამეტანი გამოვიდოდა, ხელმძღვანელობაშიც რომ გაემტყუნებინა. რა კადრებიც მთელ საქართველოს აქვს ნანახი, ის სასამართლოში რამდენიმე პოლიციელმა გაიმეორა, ისინი ჰყვებოდნენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იქ იყო და ხალხის მასა რომ გვაწვებოდა, მათ შორის იყო ოქრუაშვილიცო, სხვა არაფერი არ უთქვამთ, არც ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ირაკლი ვინმეს ფიზიკურად შეეხო.

მე ვთვლი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში კანონი არაფერ შუაში არ იყო, არც მისი დაკავების დროს და არც ახლა, განაჩენის გამოტანისას. ბუნებრივია, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, მაგრამ ძალიან დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ აპელაციაში განაჩენი შეიცვლება. როცა პოლიტიკა უფრო წინ არის, ვიდრე სამართალი, ალბათ, მერე სხვა გარემოებებმა უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი ოქრუაშვილის გადასაწყვეტია, მიმართავს თუ არა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით - ადვოკატი

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება