ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

2020 წლის 21 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ონლაინ შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ბოლო პერიოდში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მწვავედ დასვა აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების გამიზნული პროვოკაციის, კერძოდ, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის საკითხი, რასაც მოჰყვა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე ადგილობრივი მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა. აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საოკუპაციო ძალების მსგავსი ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ განზრახვას ადგილზე ვითარების ესკალაციისა და უსაფრთხოების გარემოს შემდგომი დესტაბილიზაციის კუთხით.

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ჩაკეტილ ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების შედეგად, რვა თვეა, ახალგორის მოსახლეობა სრულ იზოლაციაში იმყოფება და რეგიონში სერიოზული დეფიციტია შექმნილი როგორც მედიკამენტებზე, ისე საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებზე. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ფონზე ყოვლად მიუღებელია სამედიცინო ევაკუაციის პროცესის ხელის შეშლა, რასაც უკვე ემსხვერპლა არაერთი ადამიანის სიცოცხლე.

მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა მსოფლიოში კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების ფონზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მოწოდებას და მზაობა გამოთქვა საქართველოს მხრიდან კონსტრუქციული ჩართულობის გაგრძელებაზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სათანადო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კუთხით.

ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა თანათავმჯდომარეებს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და სთხოვა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტის მიზნით.

თავის მხრივ, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით",-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა