ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2020

“გვილპებოდა ტონობით კიტრი და მწვანილი” - მარნეულში პროდუქტის ჩასაბარებელი ფასით უკმაყოფილო არიან

რა მოხდა მარნეულში და რატომ აბრალებს ხელისუფლება საპროტესტო აქციის ორგანიზებას ოპოზიციას

***

“გვილპებოდა ტონობით კიტრი და მწვანილი” - მარნეულში პროდუქტის ჩასაბარებელი ფასით უკმაყოფილო არიან

“მას შემდეგ რაც მარნეულის 5 სოფლის მცხოვრებლები 22 აპრილს ქუჩაში გამოვიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, ხელისუფლებამ კონკრეტულ სადისტრიბუციო კომპანიას უფლება მისცა, რომ რაიონში შესულიყო და ადგილობრივებისგან ბოსტნეული ჩაებარებინა. თუმცა, 23 აპრილს დილიდან მარნეულში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. სოფელ აღმამედლოში შეკრებილი მოსახლეობა სადისტრიბუციო მანქანებს დილიდან ელოდა, რათა მათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზება შეძლონ. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოქალაქეებს უსაფთხოების მიზნით პირბადეები დაურიგეს. გარდა ამისა, ადგილზე სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “გვილპებოდა ტონობით კიტრი და მწვანილი” - მარნეულში პროდუქტის ჩასაბარებელი ფასით უკმაყოფილო არიან

"ადგილობრივების უკმაყოფილება პროდუქტის ჩასაბარებელმა ფასმა გამოიწვია. ფერმერები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში შემოსული სადისტრიბუციო კომპანია მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. სხვა ალტერნატივის არქონის გამო კი, იძულებულები არიან საკუთარი პროდუქტი დაბალ ფასში გაყიდონ. მათ კიტრის ჩაბარება 80 თეთრად მოუწიათ. ხოლო მაღაზიებში მისი ფასი 7 და 8 ლარი იქნება. ამიტომაც, ჩაბარებულ პროდუქტიდან აღებული თანხით ბანკის ვალებსაც ვერ დაფარავენ. ადგილობრივი აჰმედ მამედოვი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მას ბანკის ვალები აქვს და 80 თეთრად კიტრის ჩაბარება მიუღებელი თანხაა, თუმცა სხვა ალტერნატივის არქონის გამო, იძულებულია, რომ ამ ფასად ჩააბაროს. „გუშინ ქუჩაში რომ არ გამოვსულიყავით, ჩვენი პრობლემები არავისაც არ ადარდებდა. ასე გვილპებოდა ტონობით კიტრი და მწვანილი. სათბურები აქვს ხალხს და ზოგს დასაკრეფი ასე აქვს დარჩენილი. “მოიყვანეს დისტრიბუტორები და 80 თეთრს გვთავაზობენ კილოში. ეს ხომ წარმოუდგენელი ფასია? ახლა მოგება ამათ რამდენი ექნებათ. ასე ყველა ჩვენს კისერზე ფულის შოვნას როგორ ცდილობს? კიდევ გვაყვედრიან მადლობა მოიხადეთ, რომ არ დაგილპათო“, - ამბობს ადგილობრივი "რეზონანსთან“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მარნეულის მერის ზაურ დარგალი კი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობას პროდუქტი არ გაუფუჭდეს და რეალიზების საშუალება ჰქონდეთ. "10 სოფელში მივა სატვირთოები. სხვა სავაჭრო ქსელებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მოსავალი გაიტანონ მარნეულიდან. დღეს ადგილობრივი ხელისუფლება და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ერთობლივად, რომ მოსახლეობას დაეხმარონ პროდუქტის გადყიდვაში. “დიდი მაღზიები, რესტორნები, კაფეები, სასტუმროები დაკეტილია და მოსავალი იმოტმაა ბევრი. არ დავუშვებთ რომ გლეხის მოსავალი გაფუჭდეს. მოსახლეობაში უკვე სია გამზადდა და რიგითობის მიხედვით ჩააბარებენ მოსავალს,"- ამბობს მარნეულის მერი. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ხმაური და დაპირისპირება ადგილზე მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ნავერიანის ადგილზე გაამოჩენას მოჰყვა. ის მოსახლეობას შეხვდა და პრობლემის გარკვევას შეეცადა, რასაც მასსა და ერთ-ერთ ადგილობრივს შორის კამათი მოჰყვა. ამ ამის შესახებ კომენტარი რადიო "მარნეულთან“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ადგილზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ასეთია სიტუაციაა, ჩამოვიდა კომპანია “ ჯიბე“, მოვიდა ეს პროვოკატორი და რას აკეთებს ახლა აქ. ამაზე მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მოსახლეობა კომპანია „ჯიბე“-ს წარმომადგენლებს თავად ესაუბრება. არ ვიცი კიტრის ფასი რატომ გაიაფდა და ახლა რა ფასშია, აქ კომპანიის წარმომადგენლები არიან“,-განაცხადა ნავერიანმა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა კი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში შეკრებილებს მიმართა, სადაც პროდუქციის ჩაბარებისას მოსახლეობა სოციალური დისტანციას არ იცავდა. „აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. მისი თქმით, ხვალიდან პროცესი უფრო ორგანიზებული იქნება, რადგან დაიწერება სია, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა პროდუქციას ჩააბარებს. „უბრალოდ ვხედავთ აქ სხვა ძალიან ბევრ დარღვევას, რაც დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით და პრევენციასთან მიმართებით არის დაუშვებელი. უნდა გავწეროთ ჩვენ ამ ოჯახების სია, ვისაც ეცოდინებათ დღეს, ხვალ, ზეგ, რა რიგითობით იქნებიან, რომ აქ მთელმა სოფელმა არ იაროს და დისტანცირება არ დაგვრჩეს დაუცველი. ეს არის მთავარი გამოწვევა და მე მაქსიმუმს გავაკეთებ დღეიდან, რომ ეს პროცესები უფრო მეტად გამართული იყოს. დღეს რაც ხდება, იგივე რაც ხდებოდა გუშინ, არის ძალიან საგანგაშო, პროდუქცია კი გადის, მაგრამ ეპიდემიასთან ბრძოლის მიმართულებით ყველაფერი დარღვეულია“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კი აცხადებს, რომ ის, რაც ქვემო ქართლში მოხდა, პოლიტიკური ოპონენტების მიერ ქულების დაწერის მცდელობაა. "ბუნებრივია, რომ ეს მორიგი მცდარი ინფორმაციაა, რომლის გავრცელებასაც ოპონენტები ცდილობენ. სამწუხაროა, რომ მოვლენები, რომელიც გუშინ ქვემო ქართლში განვითარდა, ოპონენტებმა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენეს, თუმცა ეს მათ არ გაუვათ, რადგან მათი მცდელობა მინიმუმ არამორალურია და პოლიტიკურ ეთიკას სცილდება,"- განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

რა მოხდა მარნეულში და რატომ აბრალებს ხელისუფლება საპროტესტო აქციის ორგანიზებას ოპოზიციას

"მარნეულში 22 აპრილს რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა და ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. ამასთან, ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც - აქციაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მივიდა, რასაც „ევროპული საქართველოს" წევრ ახმედ იმამკულიევსა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარი ფაქტი შეაფასეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. უმრავლესობის თქმით, ეს აქცია „ევროპული საქართველოს" მიერ იყო მართული, ხოლო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ადგილობრივების დამშვიდებას ცდილობდნენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა მოხდა მარნეულში და რატომ აბრალებს ხელისუფლება საპროტესტო აქციის ორგანიზებას ოპოზიციას

"შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებად და მარნეულიდან კიდევ უფრო მეტი პროდუქტის რეალიზებისთვის აქტიურად მუშაობენ. მხარის რწმუნებულმა აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ შეეცდებიან, მარნეულიდან მეტი პროდუქტის რეალიზება მოხდეს. მისივე თქმით, ეს აქცია პოლიტიკურად მართულია. ეს არის დაგეგმილი აქცია, პოლიტიკური და ეს უნდა ვუთხრა მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს დისტრიბუცია აწყობილი და ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი, ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით გადმოიტანონ და რეალიზება მოხდეს მარნეულის პროდუქტის, მათ შორის ბოლნისშიც შევიდეს. ახლავე სამივე მანქანა შევიდა იმ სოფლებში, დავიწყეთ დატვირთვა და გადატანა. დღევანდელ ფორსმაჟორში რაღაც გაურკვევლობისგან არავინაა დაზღვეული, იდეალური პროცესი შეიძლება, არსად არ იყოს, რაღაც ხარვეზმა შეიძლება იჩინოს თავი", - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე განცხადებით, ქალაქის მოსახლეობა გასულია რეგიონებში, ქალაქში იმდენი მოთხოვნილება არ არის, როგორიც იყო და ამიტომ მოსაგვარებელია რეგიონების მომარაგება. „ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვართ საქმიან, ყოველწუთიერ ურთიერთობაში, ველაპარაკეთ სადისტრიბუციო კომპანია „ჯიბესაც" და მათ აქვთ სურვილი, რომ მათ თანამშრომლებს არ შეეხოს ე.წ. კომენდანტის საათი, რათა ისინი დარჩნენ, იმიტომ, რომ დახარისხება მოასწრონ ამ პროდუქტის და უფრო მეტი ტემპით გავიდეს პროდუქტი, რომ აქედანაც გავიტანოთ უფრო მეტი", - განაცხადა გუბერნატორმა. „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც სამართლებრივ წესრიგს არღვევს. ამის შესახებ მან პარლამენტის საგანგებო სესიაზე განაცხადა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველას, ჩვენი პოლიტიკური ძალის, „ევროპული საქართველოს" მომხრეებს, ნებისმიერ სხვას, რომ ამ ურთულეს ვითარებაში როგორი საფუძველიც არ უნდა ჰქონდეთ აღშფოთების და აქვთ ეს საფუძველი, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება, სამართლებრივი წესრიგი დაარღვიოს. ეს არის მკაფიო პოზიცია. „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები არიან მარნეულში და ცდილობენ, დაამშვიდონ ეს ხალხი. გაითვალისწინეთ ერთი რამ, როცა ზღვარს სცდება ვითარება, როცა ჩაკეტილი გყავს ხალხი და არ აძლევ შესაძლებლობას, რომ ოჯახი შეინახოს, შეუძლებელი შეიძლება გახდეს კონტროლი. ამას მოგიწოდებდით მშვიდად და კონსტრუქციულად, მაგრამ ყური არ შეიბერტყეთ", - განაგრძობს გამოცემა.

"ბოკერიას გამოსვლას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე. როგორც მან თქვა, ბოკერიამ ამ გამოსვლით აღიარა, რომ მარნეულში მიმდინარე საპროტესტო აქცია „ ევროპული საქართველოს" დაორგანიზებულია. „ბატონმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი დაორგანიზებულია მარნეულის აქცია, თუმცა მას დამატებითი აღიარება არ სჭირდებოდა. ბატონი იამამკულიევი და ბატონი სულეიმანოვი აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში, როგორც ლიდერები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ზოგადი მოწოდებების ნაცვლად, რაც გავიგეთ ბატონი ბოკერიასგან, სჯობს, აიღონ ტელეფონი, დარეკონ იამამკულიევთან და სულეიმანთან და დააბრუნებინონ ის ხალხი სახლში, რომელიც მათ გამოიყვანეს აქციისთვის. ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი", - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, „ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ". როგორც კობახიძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, აქციას მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის" ორი განშტოების წარმომადგენლები მართავენ. „ახლა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ამ სხდომას და ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, მარნეულში „ნაცმოძრაობის" ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას. ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ", - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა