მაია ცქიტიშვილი - ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილები და ორიენტირებული იმაზე, რომ მოქალაქეებს გავუმარტივოთ სახელმწიფოსთან ურთიერთობა

დახმარების პაკეტი ეხება უკლებლივ ყველა მოქალაქეს, რომელიც იყო დასაქმებული, იღებდა ხელფასს და დარჩა მის გარეშე. დახმარება ეხება ასევე, უხელფასო შვებულებაში გაშვებულ მოქალაქეებსაც. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო, უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 1200 ლარით დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარით.

,,გვესმის, რომ 1200 ლარი არ არის ბევრი, თუმცა ეს გამომდინარეობს იმ ბიუჯეტიდან და შესაძლებლობებიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ასევე იმ საჭიროებებიდან, რომელიც აქვთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ბევრად უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა თავის მოქალაქეებს შესთავაზეს პრაქტიკულად ანალოგიური პაკეტი“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, სამთავრობო გუნდი ეცადა, მაქსიმალურად მოეცვა მოსახლეობის ყველა ფენა და განაწილება ყოფილიყო რაც შეიძლება სამართლიანი. მან ასევე აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.

,,თვითდასაქმებულებზე მინდა დავაზუსტო, რომ ყველა დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქციები ამ ადამიანებისთვის იქნება უკვე შემდეგი კვირის დასაწყისიდან ხელმისაწვდომი. ჩვენ მივაწვდით მოქალაქეებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა მიმართონ, სად უნდა დარეკონ და რა უნდა გააკეთონ. ყველა ის თვითდასაქმებული, რომელიც რაიმე სახის დეკლარაციას აბარებდა საშემოსავლო სამსახურში, ანუ იყო დარეგისტრირებული ინდმეწარმედ ან მცირე მეწარმედ და იყო აღრიცხული შემოსავლების სამსახურში, მას არ სჭირდება დამატებით იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც ადასტურებს მის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაბმულობას, ხოლო, ვინც არ იყო მათ მოეთხოვებათ რომ რაიმე ფორმით დაადასტურონ, რომ ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. მაგალითად, თუ ესენი არიან ბაზრობაზე დასაქმებული პირები მათ შესაძლოა ჰქონდეთ იურიდიული პირიდან ანუ ბაზრობის მესაკუთრისგან დასტური იმისა, რომ ეს ადამიანები ვაჭრობდნენ, ან ეკუთვნოდათ სავაჭრო ფართი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დიდი ბიუროკრატია შევქმნათ, მაქსიმალურად ვცდილობთ გავუმარტივოთ ჩვენ მოქალაქეებს ყოფა და შევთავაზოთ დახმარების პაკეტები, ამიტომ ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილები და ორიენტირებული იმაზე, რომ მოქალაქეებს გაუმარტივოთ სახელმწიფოსთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვართ იმაშიც, რომ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ სფეროში იყვნენ დასაქმებულები ეკონომიკის ამოქმედებასთან ერთად სწრაფად შეძლებენ დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას”,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა