ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2020

“ახლა სლოგანი უნდა იყოს - “გადი სახლიდან უსაფრთხოდ” - რა აუცილებელი პირობაა შესასრულებელი ქვეყნის ეტაპობრივი გახსნისთვის

რა საბუთს მოგვთხოვენ უცხოეთში გასამგზავრებლად

მდგმურებმა ბინების დაცლა დაიწყეს - გამქირავებლების დიდ ნაწილს მოუწია ფასის განახევრება, ნაწილმა კი გადასახადი გადაავადა

* * *

“ახლა სლოგანი უნდა იყოს - “გადი სახლიდან უსაფრთხოდ” - რა აუცილებელი პირობაა შესასრულებელი ქვეყნის ეტაპობრივი გახსნისთვის

“ალგორითმი, რომლის მიხედვითაც კორონავირუსზე ტესტირებები ჩატარდება, ფართოვდება. ქვეყნის გახსნასთან ერთად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მიზნობრივი ჯგუფები გაზარდოს და ტესტირება უფრო მეტ ადამიანს ჩაუტაროს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიზნობრივ ჯგუფებს სატრანზიტო მანქანების მძღოლებიც ემატებიან. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ასევე იგეგმება პაციენტების ტესტირება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ახლა სლოგანი უნდა იყოს - “გადი სახლიდან უსაფრთხოდ” / რა აუცილებელი პირობაა შესასრულებელი ქვეყნის ეტაპობრივი გახსნისთვის.

“შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან თავშესაფრები, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ინიციატივაზე, რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას მათი კვლევა. ამ ინიციატივას ჩვენ მოვუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულებით პაციენტების ტესტირება და ჩვენ კიდევ დამატებით ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. 2 დღეში უკვე იქნება გაფართოებული ეს ალგორითმი და შესაბამისად შაბათ-კვირიდან ჩვენ დავიწყებთ ახალი ალგორითმით მოქმედებას”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, ტესტირებების გაფართოება პირველ ეტაპზე შეეხება იმ სამედიცინო პერსონალს და კლინიკების თანამშრომლებსაც, სადაც კოვიდინფიცირებულების მკურნალობა მიმდინარეობს. ასევე სასწრაფოს თანამშრომლებსა და მათთან ერთად მომუშავე პერსონალს, კარანტინში მყოფ ადამიანებსა და ეპიდემიოლოგიური ჯანდაცვის მუშაკებს. მისივე თქმით, ამ ადამიანებს ყოველ 14 დღში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება ჟურნალისტებს, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ისინი არ წარმოადგენენ ძალიან მაღალ რისკ-ჯგუფს, შესაბამისად, მათი გათვალისწინება მომდევნო ეტაპებზე მოხდება. ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ხელისუფლება მიხვდა, დიდი ხანი ჩაკეტილი ქვეყანა ვერ ექნება და როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის გახსნის პარალელურად მოსახლეობის ტესტირება მოახდინოს. სურგულაძის თქმით, იმისთვის, რომ ზუსტი სურათი დავდოთ და ქვეყნის გახსნასთან ერთად უფრო სავალალო სიტუაცია არ მივიღოთ, ამისთვის მოსახლეობის ტესტირება გარდაუვალი და სასიცოცხლოდ აუცილებელია. ექსპერტი აცხადებს, რომ შეკავების პერიოდი ასე თუ ისე გავიარეთ და მუდმივად საუბარი იმაზე, რომ „დარჩი სახლში“ შეუძლებელი იქნება. ამიტომაც, სპეციალისტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ახლა ყველა ნაბიჯი იმისკენ უნდა გადადგას, რომ ხალხი სამუშაოებს დაუბრუნდეს და სლოგანი იყოს - “უსაფრთხოდ გადი სახლიდან”, - დასძენს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, რისკ ჯგუფებისთვის გადაადგილება კიდევ შეზღუდული უნდა იყოს, მაგრამ, ადამიანები, ვინც ამ ჯგუფებს არ ეკუთვნის, გარეთ უნდა გამოვიდნენ. ეს ვირუსი კიდევ ვიმეორებ, არსად არ წავა და ამიტომაც ქვეყნის გახსნასთან ერთად გარანტიები უნდა გვქონდეს, რომ ისევ უკან არ მოგვიწვეს დაკეტვა. ანუ, რეალური და ზუსტი სურათი გვჭირდება. ამისთვის ეს კვლევები ძალიან აუცილებელია. არ ვიცი, ახლა რა დონეზე ტარდება, ბევრ რაღაცას იძახიან და არ ხდება. დაგვპირდნენ, რომ “სტოპ.გოვ.ჯიზე” უფრო დეტალური ინფორმაცია დაიდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერი ჩანს. რამდენად სწორად ჩაატარებენ ამ ტესტირებას, არ ვიცი. ვხედავთ, რომ ექიმებში და სამედიცინო პერსონალში ეს პრობლემა კვლავ გვაქვს. ამოცანა ახლა უნდა იყოს არა “დარჩი სახლში”, არამედ “გადი სახლიდან უსაფრთხოდ”. აუცილებელია ტესტირება ჩავუტაროთ, ექიმებს, ექთნებს, ჟურნალისტებს, პოლიციელებს, სამხედროებს. იმ ადამიანებს, ვინც ახლა პირველ ხაზზე იბრძვის და ყველაზე მოწყვლადი ადამიანები არიან“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

“ყველაზე მეტად იმაში ვერ გავერკვიე, ხან პიკში ვართო, ხან პლატოზე ვართ და ვეშვებით. მინისტრმა თქვა პიკი საერთოდ არ გვქონიაო. რეალურად, ტერმინოლოგიურ გაუგებრობაში დავიკარგეთ. ყველას როგორც უნდათ, ისე საუბრობენ, არ შეიძლება პიკი არ იყოს. შეიძლება ის იყოს მაღალი ან დაბალი. ამის გასარკვევად კი როგორც ზემოდ აღვნიშნე, აქამდე ტესტების ჩატარება იყო საჭირო. პიკი არ გვქონდა, პლატოზე ისე გადავედით, არაკომპეტენტური განცხადებაა. ეს ყბადაღებული ორი სამი კვირა იმიტომ არ დადგა, რომ რეალური მონაცემები და სურათი არ გვაქვს. გერმანია 6 მაისს სკოლებსაც კი დაუშვებს. იმიტომ, რომ ტესტირება ჩაატარეს და იციან, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა უსიპტომოდ. კი იძახდა ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რომ გერმანიის მოსახლეობის 3-4%-ში ჩატარდა კვლევაო, მაგრამ ეს საკამოდ დიდი მონაცემებია. ასევე ბევრ ადამიანს მსუბუქი ფორმა ჰქონდა და ფეხზე გადაიტანეს. ამის ცოდნა ჩვენთვისაც აუცილებელია, რომ გავიგოთ იმუნიტეტი რამდენ ადამიანს ჰქონდა. ამის შემდეგ უკვე ადვილია გავაკეთოთ პროგნოზი პიკი გვქონდა, 2 კვირაში გვაქვს თუ უფრო გვიან”, - დაასკვნის ექსპერტი.

რა საბუთს მოგვთხოვენ უცხოეთში გასამგზავრებლად

“კორონავირუსმა არა მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების დღის წესრიგი შეცვალა, მომავალიც განსაზღვრა, - ვირუსმა, პრაქტიკულად, საკუთარი “ადგილი” დაიკავა ადამიანების გვერდით. იმისათვის, რომ ტურისტული სფერო აღდგეს, რომელსაც COVID-19-ის პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა, ევროკავშირი დღეს უკვე ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობს, სადაც ასევე კორონავირუსი ფიგურირებს, - სახელწოდებით კოვიდ-პასპორტი, რომელსაც უსაფრთხოების სერტიფიკატის მნიშვნელობა მიენიჭება. მსოფლიო საზოგადოება უკვე მიხვდა, რომ ვირუსი გაქრობას არ აპირებს და ადამიანებს მასთან ერთად მოუწევთ თანაცხოვრება, როგორც ეს მაგალითად, წითელას, “ღორის გრიპისა” თუ სხვა დაავადებების შემთხვევაში მოხდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა საბუთს მოგვთხოვენ უცხოეთში გასამგზავრებლად / კოვიდ-პასპორტიზაცია, - კორონავირუსის გამო, ტურისტებს სხვა დოკუმენტებთან ერთად, უსაფრთხოების სერტიფიკატის წარდგენა მოუწევთ.

“მედიის ინფორმაციით, კოვიდ-პასპორტთან დაკავშირებით არსებული იდეა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის ტურიზმის მინისტრ ჰარი კაპელის ეკუთვნის. მისი შექმნა ევროკავშირის ქვეყნების ტურიზმის მინისტრების ვირტუალურ კონფერენციაზე შეთანხმდა. “მინისტრები თანახმა არიან, შეიქმნას საერთო დოკუმენტი პირობითი სახელწოდებით კოვიდ-პასპორტი, რომელიც მთელი ევროკავშირის მასშტაბით იმუშავებს”, - აღნიშნა კაპელიმ. მისი თქმით, ახალი დოკუმენტი ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტით მოძრავ ტურისტებზე გაიცემა, იქნება ეს ავტომობილი, მატარებელი, თვითმფრინავი თუ საზღვაო ხომალდი. ამასთან, ხორვატია, თავის მხრივ, მზადაა, მაისის ბოლოს ნაწილობრივ გახსნას საზღვარი ზოგი ქვეყნიდან ჩასული ტურისტებისთვის. ხორვატიის პოზიციას მხარს უჭერენ ჩეხეთი, იტალია და ესპანეთი, რომელთა ეკონომიკაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურისტების რაოდენობაზე. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, მსგავსი დოკუმენტის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პანდემიასთან ბრძოლასა და კორონავირუსის გაკონტროლების საკითხებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გასაგებია, რომ ეს კოვიდ-19-ის წინააღმდეგაა მიმართული და სავარაუდოდ, ტურისტულ ინდუსტრიაზე ჩაბმულ ქვეყანაზე იქნება გავრცელებული. ნებისმიერი ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ პანდემია არ განმეორდეს. როგორც ჩანს, ევროპა იმ მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მან კოვიდ-19-ის შემოტევის შედეგად მიიღო და რომელსაც დიდწილად მოუმზადებლად შეხვდა, ცდილობს შეიმუშაოს ამ პანდემიასთან გამკლავების მეთოდები. კოვიდ-პასპორტიზაციაც ერთ-ერთია, რომელსაც ევროკავშირი შეიმუშავებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებები საჭირო და აუცილებელია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. “კოვიდ-პასპორტს მნიშვნელობა ენიჭება იმ მხრივ, რომ აღმოფხვრილ იქნეს პანდემია და მიღებულ იყოს პრევენციული ზომები კორონავირუსის გავრცელების კუთხით. დღეს 3 მლნ ადამიანი არის დაინფიცირებული. აქედან წამყვანი პოზიციები აშშ-ს შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებს უკავიათ, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი - საფრთხე ევროპაში არსებობს. მოვა დრო და ეს რეჟიმი მოიხსნება. იმიგრანტთა უდიდესი ტალღა ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილდება. კორონავირუსი არ არის პირველი შემთხვევა, ვიცით, რომ სხვა ვირუსებიც გავრცელებულა”, - თქვა ჩიტაძემ. რაც შეეხება საქართველოს, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება. ნათია თურნავას თქმით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებით დაზარალდა და ამდენად, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს”, - დასძენს გამოცემა.

“მინისტრის განცხადებით, სანამ ტურიზმის სექტორი მის წინაშე არსებულ გამოწვევებს დაძლევს, მას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. მისი თქმით, შეხვედრები ტურიზმის სექტორთან სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა დარგის წინაშე არსებული პრობლემური საკითხები სწრაფად და ეფექტურად გადაიჭრას. ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ საქართველოც ერთ-ერთი ქვეყანა იქნება, რომელიც მსგავსი დოკუმენტით გადაადგილების საკითხს უზრუნველყოფს. “ალბათ (კოვიდ-პასპორტიზაცია) საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ. კონკრეტული მექანიზმები უნდა იყოს ამოქმედებული, რადგან ჩვენ ვსაგრებლობთ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირთან, მომავალში შეიძლება მაკონტროლებელი მექამიზმები იყოს ამოქმედებული”, - მიიჩნევს ჩიტაძე. ცნობისათის, ევროპამ კორონავირუსული პანდემიის გამო საზღვრები 17 მარტს ჩაკეტა. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში შეზღუდვები ძალაში მაისის შუა რიცხვებამდე რჩება. ამასთან, მანამდე განიხილებოდა ტურიზმის სექტემბრამდე აკრძალვის საკითხი, თუ კოვიდ-19-ის მეორე ტალღის საფრთხე გაჩნდება. ფრენების აღდგენა ივლისის თვეშია მოსალოდნელი. ევროკავშირის ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, რომ წარადგინოს გაკეთებული ტესტის პასუხი. მაგალითად, თუ გერმანიის მოქალაქეს საბერძნეთში შემოსვლა მოესურვება, კორონავირუსზე ტესტი უნდა გაიკეთოს გერმანიაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა გამომგზავრების უფლება”, - წერს სტატიის ავტორი.

მდგმურებმა ბინების დაცლა დაიწყეს - გამქირავებლების დიდ ნაწილს მოუწია ფასის განახევრება, ნაწილმა კი გადასახადი გადაავადა

“კორონავირუსმა უძრავი ქონების ბაზარზე სერიოზული პრობლემები შეუქმნა იმ ადამიანებს, ვინც ბინების გაქირავებით არიან დაკავებულები. ის კატეგორია, ვინც დედაქალაქში ბინას ქირაობდა, კორონავირუსის პანდემიის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩა და იძულებულები გახდნენ წასულიყვნენ რაიონებში ან გამქირავებელთან მოლაპარაკების ხარჯზე ბინის ღირებულების ნახევარი გადაეხადათ. დედაქალაქში ბინას უმეტესად სტუდენტები ქირაობენ, რომელთა დიდი ნაწილიც სასტუმროებში და კაფე-ბარებში არიან დასაქმებულები. მას შემდეგ რაც საქართველოში შეზღუდვები დაიწყო, კორონავირუსის გამო, ყველა რესტორანი და კაფე-ბარი დაიხურა, შესაბამისად, სტუდენტების უმეტესი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, რამაც გამქირავებლებს პრობლემა შეუქმნა. ადამიანების დიდმა ნაწილმა ნაქირავები ფართები დაცალა და რეგიონებში წავიდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მდგმურებმა დაქირავებული ბინების დაცლა დაიწყეს / გამქირავებლების დიდ ნაწილს მოუწია ფასის განახევრება, ნაწილმა კი გადასახადი გადაავადა.

“ერთ-ერთი მათგანი ლიზა შენგელია ბარის მენეჯერი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ბარი დაიხურა, სრულიად უსახსროდ აღმოჩნდა დედაქალაქში. იგი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან რაიონში წასვლაც ვერ მოახერხა. “შემოსავლის გარეშე დავრჩი ნაქირავებ ბინაში, სრულიად მარტო. რაიონში არ მყავს არავინ და ვერ წავალ ვერსად. შესაბამისად, მომიწია ბინის მეპატრონესთან დალაპარაკება და თხოვნა, რომ 500 ლარის ნაცვლად, 250 ლარი გადამეხადა. სინამდვილეში ესეც დიდი პრობლემაა ჩემთვის. გამიმართლა და მეპატრონე დამთანხმდა, უამრავმა ადამიანმა ესეც კი ვერ მოახერხა. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ, მიწევს საკვებზე ზრუნვა და პლუს იმაზე ვფიქრობ თვის ბოლომდე 250 ლარი როგორ ვიშოვო. რა თქმა უნდა, ფიზიკური პირისგან აღებული სესხის გარდა, სხვა გამოსავალი არ მაქვს. რამდენი უნდა ვისესხო ისიც ვერ გავთვალე, რადგან არავინ იცის ეს ყველაფერი როდის დასრულდება და აღდგება თუ არა ჩემი სამსახური”, - განაცხადა “რეზონანსთან” საუბრისას ლიზა შენგელიამ. დიდუბეში მცხოვრები მაია ხონელიძეც ასევე მოელაპარაკა ბინის მფლობელს და გადასახადი გაუნახევრეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან მაინც რაიონში წასვლა გადაწყვიტა, რადგან ერთ ოთახში უმოქმედოთ გამოკეტილმა ვერ გაძლო. რამდენადაც სილამაზის სალონები დაახლოებით ერთი თვე არ აღდგება, ისიც დედაქალაქში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თავისებურად პრობლემები შეექმნათ უძრავი ქონების მეპატრონეებსაც. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანის შემოსავალი სწორედ ბინის გაქირავება იყო, თუმცა ახლა ისინი ფაქტის წინაშე დადგნენ, როდესაც მდგმურებმა ბინების დაცლა დაიწყეს იმის გამო, რომ გადახდას ვერ ახერხებდნენ. ამიტომ ისინიც იძულებულნი არიან გადასახადის საგრძნობლად შემცირებაზე დათანხდნენ, რადგან შეიძლება საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. კომპანია “კიბეს” დირექტორი ნელი გოგუაძე ადასტურებს, რომ გამქირავებლების დიდ ნაწილს მოუწია ფასის განახევრება, რომ მდგმური შეენარჩუნებინა, ნაწილმა კი გადასახადი გადაუვადა”, - განაგრძობს გამოცემა.

“პრობლემები ბუნებრივია უძრავი ქონების ბაზარზეც არის და კორონავირუსი ამ სექტორსაც შეეხო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არ არის პირდაპირ კავშირში შემცირებულ ტურისტულ ნაკადთან, გამქირავებლებს იმ ადამიანებისათვის მოუწიათ გადასახადის განახევრება ან გადავადება, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ. ვიცი ისეთი შემთხვევების შესახებაც, როდესაც მეპატრონეები გადასახადს რამდენიმე თვით არ ახდევინებენ მდგმურებს. ახლა გაქირავებაზე და ახალი კლიენტის შოვნაზე საუბარიც ზედმეტია. დღეს ბინის დაქირავება არავის უნდა, ფაქტობრივად, გაყინულია ბიზნესი. გამოცოცხლება შემოდგომამდე არ იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნელი გოგუაძე.

“განსაკუთრებული პრობლემა ბაზარზე ალბათ მას შემდეგ დარჩება, რაც ეკონომიკური რეცესია ზოგიერთი სახეობის ბიზნესის მთლიანად გაუქმებას გამოიწვევს და დასაქმებულებს აღარ ექნებათ იმედი, რომ სამსახურებში კვლავინდებურად დაბრუნდებიან. არსებობს მოლოდინი, რომ ტუროპერატორები, კაფე-რესტორნები და სასტუმროები ძველებურად ვეღარ შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას, შესაბამისად ნაკლები კადრი დასჭირდებათ. სახელმწოფოს მიერ დაწესებული კომპენსაციის მიღება შეუძლიათ კი იმ პირებსაც, ვინც Bოოკინგ.ცომ-სა და Aირბნბ-ის სისტემების მეშვეობით დღიურად აქირავებდა ბინებს და ახლა მომხმარებლები აღარ ჰყავთ. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კლასიფიკაციის მიხედვით, ეს ადამიანები სხვა თვითდასაქმებულების მსგავსად, ერთჯერადად 300 ლარის დახმარებას მიიღებენ, ამისთვის კი, მათ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა დასჭიროდებათ”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა