ლადო პაპავა - ვისურვებდი, რომ პირველი ყოფილიყო არა ტურიზმის შესახებ გეგმა, არამედ სოფლის მეურნეობა, შემდეგ ეკონომიკის რეალური სექტორი

ვისურვებდი, რომ პირველი ყოფილიყო არა ტურიზმის შესახებ გეგმა, არამედ ყოფილიყო სოფლის მეურნეობა, შემდეგ ეკონომიკის რეალური სექტორი. ჩვენ თუ არ გადავაწყობთ ეკონომიკას და ისევ ტურიზმზე ვიქნებით ჩამოკიდებული, ეს ქვეყანას ვერანაირ ხეირს ვერ მოუტანს,- ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას განუცხადა.

ლადო პაპავას განცხადებით, ტურიზმი გვჭირდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტს უმეტესწილად იმპორტირებული პროდუქტით ვუმასპინძლდებით, ეს დარგი ქვეყნისთვის პრიორიტეტული არ უნდა იყოს.

„ჩვენს სამომხმარებლო კალათაში, რომელსაც ტურისტს ვახვედრებთ, 80% იმპორტირებული საქონელია ანუ იმისთვის, რომ ყოველმა ჩამოსულმა ტურისტმა 100 დოლარი დახარჯოს საქართველოში, ამ 100 დოლარიდან 80 დოლარი იმპორტი უნდა განვახორციელოთ, ანუ ისევ უნდა ვამუშაოთ თურქეთის ეკონომიკა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ტურიზმი გვჭირდება და მე ამ დარგის მოწინააღმდეგე ცხადია, არ ვარ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პრიორიტეტული დარგი“, - აღნიშნავს ლადო პაპავა.

მისივე თქმით, ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციიდან გამომდინარე, პასუხგაუცემელია რამდენიმე კითხვა, მათ შორის ის, თუ რა გათვლებია ტურისტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით იმ ფონზე, რომ ყველგან კრიზისია და ადამიანებმა სამსახური დაკარგეს.

„კი მაგრამ, იმ ქვეყნებში, საიდანაც ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ, კრიზისი არაა, იმ ხალხმა სამსახური არ დაკარგა, ანუ რაზეა გათვლა ავამოქმედოთ ტურისტული სექტორი და თუ არავინ არ ჩამოვიდა? მე რამდენადაც ვიცი, ჩვენს მეზობელ ყველა ქვეყანაში კრიზისია. ადამიანებმა სამსახური დაკარგეს და სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ. თავის გადამრჩენელ ხალხს ტურიზმისთვის თანხა ექნება? ამ კითხვაზე პასუხი ვერ მოვისმინე.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კითხვებს აჩენს. ჩამოსულებს 1-ელი ივლისიდან ორკვირიანი კარანტინი აღარ დასჭირდებათ. მედიკოსებმა უკვე იციან, რომ 1-ელ ივლისს კორონავირუსი დასრულდება? 1 საათის განმავლობაში მოხდება ტესტირება და შეფასებაო, თუ ეს შესაძლებლობა არსებობს, ახლა რატომ გვყავს ლამის 5 000 კაცი კარანტინში, რამხელა ხარჯია ხომ ეს? ამაზე პასუხი არ გაცემულა. ასე რომ, პრეზენტაცია იყო შთამბეჭდავი, კარგია, რომ მთავრობა ასეთ საკითხებზე ფიქრობს, მაგრამ სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა და ეკონომიკის რეორიენტაცია არ მოხდება, ჩვენ ისევ იმ სირთულეების წინაშე ვიქნებით, რაც გვქონდა კორონავირუსის გავრცელებამდე საქართველოს ეკონომიკაში“,- განმარტავს ლადო პაპავა.

მისივე შეფასებით, სწორია, რომ მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე ბიზნესი ქონების გადასახადისგან გაათავისუფლა, თუმცა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში წარმოდგენილი შეღავათი გამართული არაა. როგორც ლადო პაპავა განმარტავს, შინაარსობრივად საშემოსავლო გადასახადის შეღავათი დაქირავებულების სოციალური დახმარებაა და არა დამქირავებლების.

„საშემოსავლო გადასახადი არის ხელფასის ნაწილი, დამსაქმებელი ამის გამტარებელია და არა გადამხდელი, საშემოსავლო გადასახადს იხდის თითოეული ჩვენთაგანი. თუ მთავრობა ამ შეღავათს აკეთებს, ეს უნდა დარჩეს დასაქმებულს“,- აღნიშნავს ლადო პაპავა.

შეგახსენებთ, 7 მაისს საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართა. ინდუსტრიის დასახმარებლად ჯამში 200 მილიონი ლარის ოდენობის პაკეტია წარმოდგენილი, რაც გულისხმობს ინდუსტრიისთვის 2020 წლის ქონების გადასახადის გაუქმებას და საშემოსავლო გადასახადის წლის ბოლომდე გადავადებას, ასევე სასტუმროების სესხების სუბსიდირებას. ამასთან, დაანონსდა, რომ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი ამოქმედება, საერთაშორისო ტურისტების მიღებას კი ქვეყანა 1-ელი ივლისიდან შეძლებს.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა