ლევან დავითაშვილის განცხადებით, ის პროდუქტები, რომლებზეც მთავრობამ ფასის ზრდა დააზღვია, ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე დანარჩენი პროდუქცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ის პროდუქტები, რომლებზეც მთავრობამ ლარის გაუფასურებიდან მომდინარე ფასის ზრდა დააზღვია, ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე დანარჩენი სასურსათო პროდუქცია.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, რამდენად ეფექტიანია 9 სასურსათო პროდუქტის საკურსო სხვაობის დაზღვევისთვის გამოყოფილი 10 მილიონ ლარიანი სუბსიდირების პროგრამა, მინისტრმა განმარტა, რომ ფასის დაფიქსირება სასურსათო პროდუქტებზე ვერ მოხდებოდა.

„არასდროს არ იყო საუბარი, რომ ჩვენ ფასის დაზღვევას ვახდენდით, ჩვენ ვახდენდით საკურსო სხვაობის დაზღვევას ბიზნესისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფასს არ გაზრდიდნენ. აქ გვქონდა ორი მიზანი, რომ შეგვექმნა ამით დამატებითი მოტივაცია მარაგების შემოსვლისთვის და მეორე მხრივ, ფასების ზრდა არ მომხდარიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ფასის დაფიქსირება ვერანაირად ვერ მოხდებოდა, ამას ფიზიკურად მთელი ბიუჯეტი არ ეყოფოდა, მაგრამ ეს იქნებოდა შემარბილებელი ეფექტი, რამაც შეღავათი მოგვცა. ჩვენი შეფასებით, იმ პროდუქტების კალათა, სადაც გვქონდა ინტერვენცია უფრო ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე დანარჩენი სასურსათო პროდუქცია. სამწუხაროა, რომ ამ თვეების ინფლაციის ჭრილში დიდი წვლილი ჰქონდა სასურსათო პროდუქტებს. ამას ჰქონდა ლოგიკური ახსნა, რომ სავაჭრო შეზღუდვები იყო და ეს უკავშირდებოდა იმპორტულ პროდუქტებს, ასევე სეზონური ფაქტორიც, ესაა პერიოდი, როდესაც ადგილობრივი პროდუქციის მარაგი რეალურად არ არის და ახალი სეზონური პროდუქტი ჯერ არ შემოსულა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, შემდეგი თვეების განმავლობაში სურსათზე ფასების კლებაა მოსალოდნელი.

„რაც შეეხება პერსპექტივაში როგორ იქნება, ჩვენ დღეს ვუყურებთ, რომ ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი სასურსათო პირველადი მოხმარების პროდუქტზე სამომავლო ფასების ნაწილში კლებაა, კლებაა შაქარზე, ზეთზე , მაკარონზე და ასე შემდეგ, იმ პაკეტშიც ამ პროდუქტების გაზრდის ნაწილი ბევრად ნაკლები იყო. ყველაზე მეტად გაიზარდა წიწიბურას ფასი, რომელიც დეფიციტში იყო, მაგრამ ზეთზე, შაქარზე, მაკარონზე ფასის მინიმალური ცვლილება იყო. პერსპექტივაში ჩვენ ველოდებით ფასების ქვემოთ სვლას შემდეგი თვეების განმავლობაში. ესაა საერთაშორისო ტენდენცია და ამავე დროს ჩვენთან უკვე შემოდის სეზონური ქართული პროდუქტი. ასე , რომ ინფლაციური წნეხი, რა თქმა უნდა, დაიწევს“,-აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო 9 სასურსათო პროდუქტზე: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო, ფასის ზრდას აზღვევს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს