ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2020

“განხეთქილება დიდი ხანია დაწყებულია” - არის თუ არა ოპოზიციაში დაპირისპირება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით

ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი - ახალგორელი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი: ახალი დეტალები

“ალტერნატიული მესამე ძალა” ოპოზიციურ სპექტრს გამოეყო - რა შანსი აქვს “ლელოს”

* * *

“განხეთქილება დიდი ხანია დაწყებულია” - არის თუ არა ოპოზიციაში დაპირისპირება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით

“არის თუ არა ოპოზიციაში დაპირისპირება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ჩამოყალიბება. კოალიცია, საერთო მაჟორიტარები თუ დამოუკიდებლად მონაწილეობა - როგორი იქნება ოპოზიცია არჩევნებზე წარმოდგენილი ჯერ კიდევ უცნობია. 18 მაისის შეხვედრაზე კონკრეტული შეთანხმება კვლავ ვერ მოხდა და ლიდერებმა თქვეს, რომ ეს ცნობილი 2 კვირაში გახდება. ასევე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია აღსანიშნავი, რომ ოპოზიციის ლიდერების უმეტესობამ დამოუკიდებლად მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენაზე მზადყოფნა გამოაცხადა. ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ ის კონკრეტულ შეთანხმებას ვერ ახერხებს და შიგნით დაპირისპირებაა. თუმცა მედიასთან ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “განხეთქილება დიდი ხანია დაწყებულია” - როგორ იქნება ოპოზიცია არჩევნებზე წარმოდგენილი ჯერ კიდევ უცნობია.

“ლელომ” კი უკვე განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მათ პოლიტიკურ ძალას ყველა საარჩევნო ოლქში თავიანთი კანდიდატი ეყოლება. თუმცა ამატებენ, რომ სადაც ოპოზიციის საერთო ინტერესი იქნება, იქ “ლელო” კოორდინირებისთვის მზადაა. “გირჩისთვის” კი საერთოდ წარმოუდგენელია როგორ უნდა მოხდეს მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დაყენება. ანალიტიკოსებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ოპოზიციაში უკვე განხეთქილებაა და 2020 წლის არჩევნებისთვის მონაწილეობას ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს. მით უმეტეს უმრავლესობის რეიტინგი არცთუ სახარბიელოა. “რეზონანსი” შეეცადა ოპოზიციასთან დაკავშირებას და კონკრეტულად მათი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებას, თუმცა ზოგმა მათგანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ზოგმა კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას 2 კვირაში აცნობებენ. ლიდერების ნაწილმა კი 18 მაისის შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთეს, საიდანაც გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება. მაგალითად, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ამის საჭიროება იქნება, ოპოზიცია კოორდინაციას მოახდენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დიახ, კოორდინაცია მაჟორიტარებთან დაკავშირებით, იქ, სადაც ეს მომგებიანია ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად, მოხდება”, - განაცხადა ბოკერიამ. “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ მათ პოლიტიკურ ძალას ყველა საარჩევნო ოლქში თავიანთი კანდიდატი ეყოლება. თუმცა სადაც ოპოზიციის საერთო ინტერესი იქნება, იქ “ლელო” ოპოზიციასთან კოორდინირებისთვის მზადაა. სხვა პარტიებთან კოალიციაში ყოფნა ვერ წარმოუდგენია “გირჩელ” ზურაბ ჯაფარიძეს. მისი აზრით, პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ, თუმცა სჯერა, რომ ოპოზიციურ ძალებმა ერთმანეთს მაჟორიტარები არ უნდა დაუყენონ. “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი ამბობს, რომ პროპორციულ ნაწილში რომელიმე პარტიასთან გაერთიანებით მონაწილეობაზე საუბარი ჯერ ადრეა. თუმცა, მაჟორიტარულ ოლქებზე ფიქრობს, რომ მინიმუმ შეთანხმება შეიძლება”, - განაგრძობს გამოცემა.

“მაჟორიტარობის სურვილი ბევრმა ლიდერმა გამოთქვა, მათ შორის “გამარჯვებული საქართველოს” ირაკლი ოქრუაშვილმა. თუმცა სად, ჯერ არ ამბობს. მისი ინფორმაციით, საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული. თბილისში მაჟორიტარობას აპირებს ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძეც. ამბობს, რომ მის კანდიდატურაზე ოპოზიციურ ერთობაში მოწანააღმდეგე არავინ იცის. მაჟორიტარობის სურვილი აქვს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილსაც. მისი თქმით, მაჟორიტარულ ბლოკზე შეთანხმებული არიან, რომ ეს ერთიანი ფრონტი იქნება. ხოლო პროპორციულ ნაწილში, ნათელაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიებიდან ზოგი კოალიციას და ბლოკს გააკეთებს. “ევროპული საქართველოს” კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ კი თქვა, რომ მაღალი ალბათობით, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიები ოლქზე და მის პერსონაზე შეთანხმდებიან. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიციაში განხეთქილება დიდი ხანია უკვე დაწყებულია. ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და ამიტომაც სათქმელიც ჯერ არაფერი აქვთ. არადა გეგმავდნენ და მედიასთან ამბობდნენ, რომ მათ მიზნებს და სტრატეგიას გააცნობდნენ. თუმცა არც მიზნები და არც რაიმე გეგმა ჯერ არ ჩანს”, - დასძენს გამოცემა.

“სავარაუდოა, რომ ოპოზიციის შიგნით უკვე ჭიდაობაა დაწყებული. ლოგიკურია, რომ პარტიებს, რომლებსაც მეტი რეიტინგი აქვთ, უფრო მეტი პრეტენზიებიც გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ყველას თავისი ამბიცია აქვს და შეთანხმების იმედი ნაკლებად მაქვს. ამიტომაც ამაზე საუბარი არ სურთ. თითქმის ყველამ თქვა, მაჟორიტარად მივდივართო. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება, ასევე იმას, რომ პარტიების უმეტესობა საჭირო ხმების რაოდენობას ვერ აიღებს. კი იძახდნენ იქამდე არიქა პროპორციული სისტემა გვინდაო, მაგრამ ახლა თავისთვის ეს პროპორციული სისტემა არ უნდათ. ეს იმისთვის უნდოდათ, რომ ამით “ოცნება” დაესუსტებინათ. პოლიტიკოსისთვის რომ პროპორციული სისტემა სახეირო არ არის, ახლა ჩანს. სახელიანი პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ხმების რაოდენობა თავად აიღონ. პარტიები ფაქტობრივად მარცხისთვის ჰყავთ მიშვებული. რახან იციან, რომ პარტიებს ნაკლები გასვლის შანსი აქვს, ამიტომ მაჟორიტარებად თავად გამოდიან. მგონია, რომ “ნაციონალების” და “ევროპელების” გარდა, დიდად ამ ოპოზიციაში პარტიებს გასვლის შანსები არა აქვთ. ამიტომ არის, რომ ვერაფერზეც ვერ თანხმდებიან და ვერც შეთანხმდებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“მისივე თქმით, კორონავირუსმა ბევრი რამ შეცვალა, ამიტომ რეიტინგების მიხედვითაც ბევრი რამ შეცვლილი იქნება. ხელისუფლებამ გარკვეული დივიდენდები ვირუსთან ბრძოლის კუთხით შესაძლოა აიღოს, მაგრამ, პატიმრების გათავისუფლების შემდეგ, საკუთარი ამომრჩეველი გაანაწყენა. ამიტომაც წინასწარ რთულია იმის თქმა, ახლა ვის რა რეიტინგი აქვს. ოპოზიციის ლიდერები, როგორც ჩანს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არიან, ამიტომაც ბევრმა ლიდერმა მაჟორიტარობაზე მზადყოფნა გამოთქვა”, - წერს სტატიის ავტორი.

ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი - ახალგორელი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი: ახალი დეტალები

“ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - 63 წლის ჯუმბერ მილაძე, რომელიც სამკურნალოდ ახალგორიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტებმა რამდენიმე თვის განმავლობაში არ გადმოუშვეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა. ის დიდი მცდელობის შედეგად, ოკუპირებული ახალგორის რეგიონიდან წითელ ჯვარს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდა, როდესაც გზაში დაიღუპა. 63 წლის ჯუმბერ მილაძის მდგომარეობა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე იყო. ამის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი მას ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა, რაც საბოლოო ჯამში, ფატალური შედეგით დასრულდა. მისი მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი - რა გახდა 63 წლის ახალგორელი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი: ახალი დეტალები.

“ადგილობრივები “რეზონანსს” უყვებიან, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ნათესავებს არ აძლევდა ე.წ. საზღვარზე პაციენტის გადაყვანის უფლებას. მათივე ინფორმაციით, 19 მაისს მილაძე ახალგორიდან ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა იქ მისი დახმარება ვერ მოხერხდა. მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ კი, ნათესავებს მისცეს “წითელი ჯვრის” მეშვეობით პაციენტის საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის ნებართვა. თუმცა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა და საქართველოში ის ცოცხალი ვეღარ გადმოიყვანეს. “ოჯახმა ავადმყოფის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა არა ერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ რეალურად იქ არც არაფერი უმკურნალეს. ელემენტარული მედიკამენტების დეფიციტია და კვალიფიციურ ექიმებზე ხომ საუბარი ზედმეტია. ვერაფერი გაუგეს. ალბათ შეეშინდათ და ოჯახს უფლება მისცეს, რომ “წითელი ჯვრის” დახმარებით გადაეყვანათ. თუმცა უკვე დაგვიანებული იყო და ის გზაში გარდაიცვალა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ახალგორში საშინელი მდგომარეობაა და რეგიონი ჰუმანიტრული კატასტროფის წინაშე დგას“,- უყვება “რეზონანსს” ერთ-ერთი ადგილობრივი. ჯუმბერ მილაძეს ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების მორიგი მსხვერპლს უწოდებს ახალგორის რაიონის ლეგიტიმური გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი,” - აღნიშნავს გამოცემა.

“გარდაცვლილი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოეშვათ... ის რომ ამდენი ხნის განმავლობაში გამოეშვათ, დღეს ცოცხალი იქნებოდა. ახალგორში ეროვნებით ქართველ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, რომ მკურნალობის და დროული სამედიცინო დახმარების საშუალება ჰქონდეთ. ეს პირველი შემთხვევა არა არის, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლეები ქართველს არ უშვეებენ და შედეგი ასეთი ფატალურია ხოლმე”, - ამბობს ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი... “საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა”. როგორც ციხელაშვილი აღნიშნავს, ახალგორელებისთვს შექმნილი პრობლემა არის კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ მოქმედებებს, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს”, - დასძენს გამოცემა.

“ძალიან სამწუხაროა და პირველ რიგში გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას ჯუმბერ მილაძის ოჯახის წევრების მიმართ... ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ, უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში და რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე... საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი, ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი, რომლის კომენტარსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ალტერნატიული მესამე ძალა” ოპოზიციურ სპექტრს გამოეყო - რა შანსი აქვს “ლელოს”

პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად გეგმავს მონაწილეობის მიღებას. ეს ეხება როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ ნაწილს. პარტიის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ “რეზონანსთან” საუბრისას თქვა, “ლელო” ხისტ დამოკიდებულებას არ აჩენს და ხშირად გარკვეულ დათმობებზეც მიდის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ალტერნატიული მესამე ძალა” ოპოზიციურ სპექტრს გამოეყო - რა შანსი აქვს “ლელოს”.

“ყველა გადის დამოუკიდებლად პროპორციულ ნაწილში. რაც შეეხება 30 მაჟორიტარულ ოლქს, თუ ამ ფორმით იქნა მიღებული კონსტიტუცია, ოპოზიციურ პარტიებს შორის მოხდება შეთანხმება, რომ კონკურენტუნარიან კანდიდატებს არ შევუშალოთ ხელი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ოლქზე მოხდება შეთანხმება, მაგრამ მეტწილად მოხდება. “ლელოს” ლიდერები ასე ხისტად არ აცხადებენ, რომ არ გაითვალსწინებენ ოპოზიციური პარტიების თამაშის წესს. გამონაკლისებს უშვებენ. უდიდესი შანსი ეძლევა ოპოზიციას. პროპორციულ საარჩევნო სისტემაში გამორიცხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ" და მისმა სატელიტებმა მოაგროვონ უმეტესობა. მაჟორიტარულ ოლქებში, გაერთიანებულ კანდიდატს ექნება სერიოზული უპირატესობა," - თქვა გოცირიძემ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კოჟორიძემ აღნიშნა, მაჟორიტარული ოლქების დიდ ნაწილში “ლელო” საკუთარ კანდიდატებს წარადგენს, თუმცა იმ ოლქებში, სადაც დანარჩენ ოპოზიციას მათთვის მისაღები ძლიერი და კვალიფიციური კანდიდატი ეყოლება, “ლელომ” საკუთარი კანდიდატი შეიძლება არ დააყენოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კოჟორიძის თქმით, ეს პარტიაში შიდა კონსულტაციების საგანია და ამ ეტაპზე გადაჭრით არაფრის თქმა შეიძლება, ვინაიდან დაპირებული ცვლილებები საარჩენო სისტემაში ამ დრომდე მიღებული არაა და არც მათი შესრულების გარანტიები არსებობს" - ამის შესახებ კოჟორაძიმ “ნეტგაზეთს” განუცხადა. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძისთვის “ლელოს” პოზიცია გასაკვირი არ იყო, რადგან როგორც მან აღნიშნა, პარტია საკუთარ რეპუტაციასა და იმიჯს უფრთხილდება, - ცდილობს მესამე ალტერნატიული ძალის როლი მოირგოს... ცნობისათვის, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში მართავს შეხვედრებს, მიმდინარე წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარების ნაწილში კოორდინაციას გეგმავს, რაც იმაში გამოიხატება, რომ 30 მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციას მხოლოდ ერთი მაჟორიტარი ეყოლება და დანარჩენი პარტიები მას დაუჭერენ მხარს”, - დასძენს გამოცემა.

“ეს განცხადება სიახლეს არ წარმოადგენს. “ლელომ” თავიდანვე განაცხადა, რომ არ იქნება “ათქვეფილი” საერთო ოპოზიციურ ჯაჭვში, - საკუთარი პოლიტიკური იდენტობა შეინარჩუნოს და წარდგეს საზოგადოების წინაშე, როგორც ალტერნატიული მესამე ძალა. აქედან გამომდინარე, მისი ეს ნაწილი ლოგიკურად გამოიყურება. ოპოზიციაში ერთმანეთის წინააღმდეგ მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებენ, - ამ პრინციპზე რაღაც შეთანხმება არსებობს. ეს არის ოპოზიციის ტაქტიკური გათვლა. შეიძლება გრძნობენ, რომ დიდი ელექტორალური მხარდაჭერა არ გააჩნიათ და ცდილობენ ერთმანეთს არ დაუპირისპირონ კანდიდატები. ამას ემსახურება ის, რომ ერთიანი კანდიდატით გამოვიდნენ. როგორ მოხდება საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, გასარკვევია”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი