თინა ბოკუჩავა - მინდა, მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს მხარი არ დაუჭიროს, საკონსტიტუციო სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, რომელიც მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების განხორციელების უფლებამოსილებას დაუტოვებს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ამ კანონით პანდემიასთან ბრძოლის საფარქვეშ უფლებამოსილებას ავტოკრატიულ მმართველობაზე იღებს და არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ბალანსს სახელისუფლო შტოებს შორის.

“დიახ, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო იქნება ამა თუ იმ სოფელში, ან ამა თუ იმ თემში, შეიკრიბოს პარლამენტი და გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა ამა თუ იმ სოფელში ან თემში. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლი ამის საშუალებას იძლევა. არ არის აუცილებელი, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთელი ტერიტორიის ფარგლებში მოხდეს. ასევე შესაძლებელია, რომ კონკრეტულ გეოგრაფიულ ერთეულში მოხდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. უამრავმა ადამიანმა, უამრავი არგუმენტით აგიხსნათ დღეს ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, რომ დაუშვებელია ამგვარი შეზღუდვების დაწესება უვადოდ, ბლანკეტურად და პარლამენტის როლის სრული ნიველირებით. ამ კანონით პანდემიასათან ბრძოლის საფარქვეშ მთავრობა უფლებამოსილებას ავტოკრატიულ მმართველობაზე იღებს. მიღების შემთხვევაში ჩვენ ამ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ იმიტომ, რომ ეს არის ავტოკრატიულობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ის არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ბალანსს სახელისუფლებო შტოებს შორის, შლის საპარლამენტო ფილტრსა და კონტროლს. ყოველგვარი მაკონტროლებელი ბერკეტის გარეშე ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეუზღუდოს შეკრების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება ან ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება. განსაკუთრებით მძიმეა მთავრობის მხრიდან ასეთი უფლებამოსილების უზურპაცია წინასაარჩევნოდ. მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ამ ანტიკონსტიტუციურ კანონს მხარი არ დაუჭიროს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს