გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი” პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, მოვისმინეთ პრემიერის მოხსენება პარლამენტში პანდემიასთან ბრძოლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობაზე. არავინ დავობს, რომ ვირუსის შეჩერებისა და მართვის თვალსაზრისით ხელისუფლებას და მთლიანად ქვეყანას შედეგი ჰქონდა.

ამ საკითხის განხილვისას პარლამენტში ბევრი კითხვა დაისვა, მაგრამ მოდით ამ თემაზე ჩვენი საუბარი ზოგადი შეფასებებით დავიწყოთ და შემდეგ შეძლებისდაგვარად გადავიდეთ კონკრეტული საკითხების განხილვაზე.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტში პრემიერის გამოსვლამ და ამ თემაზე პარლამენტშივე გამართულმა დებატებმა?

- პარლამენტში გამართულ განხილვას სამ ნაწილად დავყოფდი. პირველი უკავშირდება პანდემიის გამო წარმოქმნილი კრიზისის მენეჯმენტს. ფაქტია, რომ ამ საკითხში ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად აქვს სათქმელი და ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ პანდემიის პირობებში მართვა ხორციელდებოდა მეტ-ნაკლებად კარგად და ამას შედეგებიც აჩვენებს.

მეორე ნაწილი გახლდათ ტრადიციული ურთიერთბრალდებები და ხელის გაშვერა, რომელი მხარე უფრო ბოროტი და სასტიკია. ამის ფარგლებში მოვისმინეთ ჩვეული პაექრობა რიტორიკის სახით, რომელიც აბსოლუტურად უაზრო იყო იმიტომ რომ, ყველაფერი პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდებოდა.

გასაგებია, რომ ელექტორალურად ყველაფერი გადაწყვეტილია - ვიღაცას სწამს, რომ 20 ივნისი იყო მთავარი უბედურება, ვიღაცას სწამს, რომ მთავარი უბედურება 2007 წლის 7 ნოემბერი იყო. ამის ფონზე ასევე ტრადიციულად მოვისმინეთ ერთმანეთის მისამართით ტალახის სროლა. რაშიც სიახლე არაფერი ყოფილა.

ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის არა უბრალოდ მექანიკური რესტარტი, არამედ ახალი ხედვები და იდეები. პარლამენტში გამართულმა განხილვამ დაგვანახა, რომ პრემიერს ეკონომიკის განვითარების არათუ ხედვა არ აქვს, არამედ კამათისას გაცხარდა კიდეც თუ რატომაა ამაზე საუბარი

მესამე ნაწილი ეხებოდა ეკონომიკურ რესტარტს, ასევე მოქალაქეების სოციალურ დაზღვევას, ამ თემაზე მიმდინარე პროცესსა და მოსალოდნელ მიმართულებებს. ალბათ, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან პოლიტიკური ჯგუფების პაექრობა ხალხს ყელში ამოუვიდა და ეს ყველასთვის გადაღეჭილი თემებია. სამწუხაროდ, ამ თემებზე ახალი და კარგი ჩვენ ვერაფერი დამაიმედებელი ვერ მოვისმინეთ. რაც გაჩერებული იყო, ვგულისხმობ ტრანსპორტს, რომ ამუშავდება კარგია, მაგრამ ისიც კონდიციონირებების გარეშე. ძნელია ამას დაარქვა ხელისუფლების დამსახურება.

კარგია, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის ნაწილი იწყებს ამუშავებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს ეკონომიკის რესტარტს. ის ეკონომიკა, რაც ჩვენ კორონავირუსამდე გვქონდა, უპერსპექტივოა. თუნდაც იმიტომ, რომ ძირითადი აქცენტი კეთდება ისევ ტურიზმზე და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე. ასეა მიუხედავად იმისა, რომ ყველას კარგად ესმის, მინიმუმ წელს საერთაშორისო ტურიზმი კომატოზურ მდგომარეობაში იქნება. ტურიზმში ასეთი ვითარება შესაძლოა უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს და ამაზე იმედების დამყარება არასწორია.

შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის არა უბრალოდ მექანიკური რესტარტი, არამედ ახალი ხედვები და იდეები. პარლამენტში გამართულმა განხილვამ დაგვანახა, რომ პრემიერს ეკონომიკის განვითარების არათუ ხედვა არ აქვს, არამედ კამათისას გაცხარდა კიდეც თუ რატომაა ამაზე საუბარი.

- პარლამენტში გამართულმა განხილვამ ასევე დაგვანახა, რომ პრემიერი გახარია სახელისუფლებო გუნდის ლიდერია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არაერთ მნიშვნელოვან თემებზე მისსავე პასუხებს დამაჯერებლობის გარდა აშკარად აკლდა კონკრეტიკა.

თქვენი აზრით, ეს იმას უფრო უკავშირდება, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ხელისუფლებას ეკონომიკის განვითარების გეგმა არ აქვს, თუ იმას, რომ მას უჭირს პანდემიასთან ბრძოლის თემებზე კონკრეტული პასუხების გაცემა?

- ვირუსთან ბრძოლის საკითხებზე კითხვები რომც ყოფილიყო, ამ თემებზე ხელისუფლებას აქვს პასუხები, მაგრამ რაც შეეხება სოციალურ საკითხებსა და ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებულ თემებს, აქ, რა თქმა უნდა, დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები.

ჩემი აზრით, სოციალურ საკითხებსა და ეკონომიკის განვითარების თემებთან დაკავშირებით ხელისუფლების ბუნდოვანი რიტორიკა უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლება არც ფიქრობს ეკონომიკაში გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ნაბიჯების გადადგმას.

სოციალურ საკითხებსა და ეკონომიკის განვითარების თემებთან დაკავშირებით ხელისუფლების ბუნდოვანი რიტორიკა უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლება არც ფიქრობს ეკონომიკაში გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ნაბიჯების გადადგმას

ხელისუფლების დღევანდელი დღის წესრიგი მორგებულია მოახლოებულ არჩევნებს. ხელისუფლება ახლა უფრო დროის გადაგორების რეჟიმშია. შესაბამისად, ხელისუფლება ახალ უფრო იმაზეა ორიენტირებული, რომ ეს დრო გადააგოროს, ვიდრე პრობლემები გადაწყვიტოს. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 200 თუ 300 ლარად შეძლებს ამომრჩევლის ყიდვას და არსებული სიტუაციის ოქტომბრამდე მითრევას.

სამწუხაროდ, ხელისუფლება ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე არ ფიქრობს და თვითგადარჩენის რეჟიმში მუშაობაზეა გადასული. ხელისუფლებამ კორონასთან ბრძოლაში დივიდენდები მიიღო, მაგრამ მათ ეს დივიდენდები პრაქტიკულად მას შემდეგ გადაყარეს წყალში, რაც უცნაური მოძრაობები ჩაატარეს 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით და ყველაფერი თავზე დაიმხეს.

ხელისუფლების დღევანდელი დღის წესრიგი მორგებულია მოახლოებულ არჩევნებს. ხელისუფლება ახლა უფრო დროის გადაგორების რეჟიმშია. სამწუხაროდ, იგი ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე არ ფიქრობს და თვითგადარჩენის რეჟიმში მუშაობაზეა გადასული

- რადგან 8 მარტის შეთანხმება ახსენეთ, ამ თემაზე გიგა ბოკერიამ საინტერესო კითხვა დასვა - რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებული ფურცელი დაიხუროს?

ამ თემაზე პრემიერის კომენტარმა თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა?

- ვფიქრობ, რომ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ხელისუფლება აფექტის რეჟიმში მუშაობს. შეთანხმებაზე ხელისუფლების რეაქციებმა ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლება თვითგადარჩენის რეჟიმშია.

როგორც ჩანს, თავიდან ხელისუფლებაში 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გეგმები სხვაგვარად დაალაგეს და პანდემიასთან ბრძოლაში გაჩენილი დივიდენდების გამოყენება გადაწყვიტეს, მოინდომეს 8 შეთანხმების ჩაშლა.

შეიმუშავეს საკმაოდ ბრიყვული გეგმა - პატიმრების გათავისუფლებაზე უარის თქმა, რასაც მოჰყვებოდა ოპოზიციის პროტესტი და მაგიდის აყირავება და ყველაფერს ოპოზიციას დააბრალებდნენ. იფიქრეს, რომ დასავლეთი 8 მარტის შეთანხმებაზე თვალს დახუჭავდა და თემა დაიხურებოდა.

მაგრამ, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლების თემამ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე არ იმუშავა. დასავლეთმა თვალი არ დახუჭა და ხელისუფლებაზე უპრეცედენტო პრესინგი განახორციელა.

ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლების თემამ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე არ იმუშავა. დასავლეთმა თვალი არ დახუჭა და ხელისუფლებაზე უპრეცედენტო პრესინგი განახორციელა

- მიუედავად ამისა, ვხედავთ, რომ არ ვიცით რით დასრულდება საკონსტიტუციო პროცესი...

- ზუსტად ამაშია საქმე. შემდეგ ხელისუფლებამ გამოფინა თეთრი დროშები და ბარტყები გადმოყარა, მაგრამ დაინახა, რომ დაკარგა მათი ყველაზე ერთგული ამომრჩევლების ნაწილი. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მათ გულშემატკივრობას ამართლებდა ანტიმიშას ლოზუნგით. ხელისუფლება კი უშვებს შეცდომებს, მაგრამ წინა ხელისუფლება საერთოდ ბნელი და უკუნია.

უგულავა-ოქრუაშვილის გამოშვებით „ოცნებამ“ დაინახა, რომ ამომრჩეველს კარგავდა და ახლა შუა გზაში გაიჭედნენ და მესამე დაკავებულის გამოშვება შეაჩერეს ელექტორატის შესანარჩუნებლად.

უგულავა-ოქრუაშვილის გამოშვებით „ოცნებამ“ დაინახა, რომ ამომრჩეველს კარგავდა, ახლა შუა გზაში გაიჭედნენ და მესამე დაკავებულის გამოშვება შეაჩერეს ელექტორატის შესანარჩუნებლად

მომხდარმა ცხადად გვაჩვენა, რომ ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა არ აქვს და გადავიდა დროის გადაგორებაზე. მათ არანაირი სტრატეგია და მომავლის ხედვა არ აქვთ და სიტუაციურად მოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ რეალური პოლიტიკა არც აქვთ.

- მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა - „ოპოზიციას კრიზისის მართვასთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები არ ჰქონია“. მაგრამ ჩვენ პარლამენტში ვნახეთ, რომ ოპოზიციის ლეგიტიმურ კრიტიკაზე პრემიერს პასუხები არც ჰქონია.

პრემიერმა საკმაოდ ბევრი ციფრი დაასახელა სამედიცინო სფეროში არსებულ ვითარებაზე, მაგრამ მას არ უთქვამს თუ რა დაუჯდა ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლა. თქვენი აზრით, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- მე არა მგონია, რომ პანდემიასთან ბრძოლა რამე დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დიდი ხარჯები უკავშირდება პანდემიის გამო გაჩერებულ ეკონომიკას, რამაც გააჩინა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები.

გარდა ამისა, უკვე ვიცით თუ როგორია აუდიტის დასკვნა. 11 პროექტზე გამოყოფილი და კრედიტად აღებული 250 მილიონამდე ლარი არა თუ არ ათვისებულა, ერთი ლარიც არ დახარჯულა და ამ პროექტების განხორციელება არც დაწყებულა.

არა მგონია, რომ პანდემიასთან ბრძოლა რამე დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დიდი ხარჯები უკავშირდება პანდემიის გამო გაჩერებულ ეკონომიკას, რამაც გააჩინა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები

როგორც ჩანს, ეს ფული სხვა მიმართულებით წავიდა, რაც სხვა არაფერია, თუ არა სერიოზული სკანდალი.

- მიუხედავად ამისა, პრემიერს ინფრასტრუქტურის მიისტრის ქალბატონო მაია ცქიტიშვილის მისამართით კრიტიკული არაფერი უთქვამს, პირიქით შეაქო კიდეც...

- ეს მმართველ ძალაში შიდა სამზარეულოს საკითხს უკავშირდება. გახარია პრემიერი კია, მმმართველი გუნდის ფონზე ის პროფესიული და კვალიფიციურობის თვალსაზრისით აშკარად უკეთესად გამოიყურება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის არის რეალური ძალის ცენტრი და გადაწყვეტილებების მიმღები და შეუძლია მთავრობის წევრების მიმართ და რაღაც საკითხებზე მისი პირადი რეალურად არსებული დამოკიდებულების გამოხატვა.

სამწუხაროდ, ჩვენი მმართველობითი სისტემა ასეა მოწყობილი, ძალის ცენტრი, იდეოლოგიური საკითხები და პოლიტიკურ გემოვნებასთან დაკავშირებული საკითხები სულ სხვაგვან წყდება. ამ საკითხების გადამწყვეტი ივანიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებაში“ გახარია გამორჩეული პიროვნებაა, ის მაინც ბევრ საკითხში უფრო სტატისტის როლს ასრულებს, ვიდრე ლიდერის.

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებაში“ გახარია გამორჩეული პიროვნებაა, ის მაინც ბევრ საკითხში უფრო სტატისტის როლს ასრულებს, ვიდრე ლიდერის

ეს ყველაფერი კი ანაქრონიზმის თამაშს უფრო ჰგავს, ვიდრე ქვეყნის და სახელმწიფოს ინსტიტუტებითა ინსტიტუციურ მართავას. ამიტომაცაა, რომ გახარიას არანაირი კომპეტენცია არა აქვს გააკრიტიკოს ივანიშვილის კადრი მაია ცქიტიშვილი ან სხვა მინისტრი, თუ ეს საკითხი ივანიშვილთან არაა შეთანხმებული.

- ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე მინდა გადავიდე, მაგრამ პრემიერის მიერ ბიუროკრატიის რაოდენობასთან დაკავშირებულ საკითხი არ მინდა დამავიწყდეს.

ოპოზიციის ბრალდებაზე, რომ ბიუროკრატიია გაზრდილია 9 ათასით, მან თქვა, რომ ბიუროკრატიის სიმცირით საქართველო სინგაპურის შემდეგ მეორე ადგილზეა. ამგვარი სტატისტიკა არსად შეგვხვედრია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თემაზე მისმა პასუხმა უცნაურადაც კი გაიჟღერა...

- ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში ბიუროკრატიის რაოდენობა კი არ არის შემცირებული, არამედ ბიუროკრატიის ხელფასების მოცულობას მშპ-სთან მიმართებაში საკმაოდ დაბალი წილი აქვს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბიუროკრატთა რაოდენობა კი არა ცოტა, არამედ ის, რომ მათ დაბალი ხელფასები აქვთ.

უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში ბიუროკრატიის რაოდენობა კი არ არის შემცირებული, არამედ ბიუროკრატიის ხელფასების მოცულობას მშპ-სთან მიმართებაში საკმაოდ დაბალი წილი აქვს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბიუროკრატთა რაოდენობაა კი არაა ცოტა, არამედ ის, რომ მათ დაბალი ხელფასები აქვთ

მთავარი პრობლემა ბიუროკრატიაზე საბიუჯეტო დანახარჯი კი არ არის, არამედ ის, რომ ნომენკლატურული კაპიტალიზმი და ბიუროკრატიის რაოდენობა კონვერტირდება კორუფციული რისკების ზრდაში.

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბიუროკრატია ხელფასზე არ ცხოვრობს. ჩვენ ვხედავთ თუ როგორ იგებენ ტენდერებს ამ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული კომპანიები.

- სხვათა შორის, კორუფციაზე პრემიერს ბევრი კითხვა კი დაუვეს, მაგრამ პასუხებმა სულაც არ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობს კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლას… იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა ყველაფერში ყველაფერი კარგად ვერ იყოს, გაუგებარია კიდეც...

- თქვენ გინახავთ რომელიმე ხელისუფალი, რომელიც სისტემაში კორუფციას აღიარებს? ასეა ყველა ქვეყანაში. სხვა საკითხია თუ რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების წარმომადგენელთა უარყოფა, ეს დამოკიდებულია უარმყოფელის დემაგოგიურ შესაძლებლობებზე.

სამწუხაროდ, კორუფციამ ხელისუფლებაში კარგა ხანია მიიღო სისტემური ხასიათი. პირდაპირი წესით შესყიდვების ზრდის პროცენტი უკვე კარგა ხანია ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

სამწუხაროდ, კორუფციამ ხელისუფლებაში კარგა ხანია მიიღო სისტემური ხასიათი. პირდაპირი წესით შესყიდვების ზრდის პროცენტი უკვე კარგა ხანია ყოველგვარ ზღვარს სცილდება

ვხედავთ, რომ ბევრ დეპუტატთან თუ ჩინოვნიკთან დაკავშირებული თუ აფილირებული კომპანიების ხელში გადავიდა ფაქტიურად საბიუჯეტო სახსრების დიდი ნაწილის ხარჯვა. ანუ, პოლიტიკური ლოიალობა არის მთავარი პარამეტრი იმისა, რომ მმართველ ძალასთან დაკავშირებულმა ხალხმა ბიუჯეტში ხელი აფათუროს.

ეს თავისთავად გულისხმობს კორუფციას. კორუფცია მხოლოდ ქეშით „ატკატები“ ნამდვილად არ არის. პრემიერმა სიტყვა - „ჯიგრულადაც“ კი გამოიყენა. თქვენ წარმოიდგინეთ ამგვარი „ჯიგრობაც“ კორუფციაა. ვიღაცას რომ „უჯიგრებ“ და ტენდერის გარეშე რაღაცას მისცემ, მნიშვნელობა სულაც არ აქვს შენ ამისგან რამე სარგებელს იღებ თუ არა.

- ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობდა გადასახადების დაწევას, მეწარმეებისთვის ტვირთის შემსუბუქებას, აქციზის ფასისა და საშემოსავლო გადასახადის დაწევას. ასევე იმაზე მსჯელობა იყო საინტერესო, თუ რატომ შეეხო ბანკის ვალების გადავადება მხოლოდ მოქალაქებს და არ შეეხო კომერციულ სტრუქტურებს.

პრაქტიკულად, ეს კითხვებიც პასუხგაუცემელი დარჩა, ყოველ შემთხვევაში, მათზე კომენტარები კი მოვისმინეთ, მაგრამ საბოლოოდ რა როგორ იქნება, მაინც გაურკვეველი დარჩა. არადა, თუ რამეს გაკეთებას აპირებს ხელისუფლება, მას ამ კითხვებზე პასუხებიც მკაფიო უნდა ჰქონდეს, ასე არაა?

- საქმე იმაშია, რომ ოპოზიციას არ აქვს პასუხისმგებლობა. მათ „კეთილი მიზნებისთვის“ გადასახადების დაწევაზე უნდა ილაპარაკონ, ასევე იმაზე თუ ხელისუფლება 200 ლარის გადახდაზე საუბრობს, მათ 1000 ლარის გაცემის დაპირება უნდა გასცენ. ამ თემებზე ოპოზიციისთვის ადვილია ამ თემებზე ლაპარაკი.

მე არ ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს გადასახადების დაწევის რესურსი. ბიუჯეტი ხომ რაღაცით უნდა ივსებოდეს და შედიოდეს. ჩვენ ეკონომიკაში იმდენად არ გვაქვს გადასახადების მოცულობის პრობლემა, რამდენადაც გვაქვს პრობლემები მართლმსაჯულებაში, რომელსაც არ ენდობა კერძო სექტორი, ჩვენ გვაქვს კონკურენტუნარიანობის პრობლება. ვიცით, რომ მონოპოლიზებულია ეკონომიკა, კარტელები და მონოპოლიები მართავენ ეკონომიკას და ეს მაშინ, როცა ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა კონკურენციაა.

ჩვენ ეკონომიკაში იმდენად არ გვაქვს გადასახადების მოცულობის პრობლემა, რამდენადაც გვაქვს პრობლემები მართლმსაჯულებაში, რომელსაც არ ენდობა კერძო სექტორი. ჩვენ გვაქვს კონკურენტუნარიანობის პრობლება, ვიცით, რომ მონოპოლიზებულია ეკონომიკა, კარტელები და მონოპოლიები მართავენ ეკონომიკას. და ეს მაშინ, როცა ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა კონკურენციაა

ვერ ვითარდება საშუალო და მსხვილი ბიზნესი. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ეკონომიკაში გვაქვს სისტემური პრობლემები და ამის გამო ვერ ვითარება ბევრი რამ. ყველა უნდა იყოს თანაბარ მდგომარეობაში. ჩვენთან კი სწორედ ეს თანაბრობა არ არსებობს.

თავად ეკონომიკა არაა სწორად სტრუქტურირებული. მომხმარებელი ქვეყანა ვართ. ხელისუფლება ბუნებრივი ლობისტია იმპორტიორების და არ არის ორინეტირებული ქვეყანაში რეალური ეკონომიკის განვითარებაზე. რაც განაპირობებს იმას, რომ უმუშევრობის დონეა მაღალი.

სამწუხაროდ, ოპოზიციაც ხშირად არჩევს საუბარს არა რეალურად არსებულ პრობლემებზე, არამედ პოპულისტური განცხადებებითაა დაკავებული.

- ის, რომ პარლამენტში ამგვარ თემებზე მსჯელობა პოლიტიკური მიზნების და პოპულისტური განცხადებების გარშე არ ჩაივ გასაკვირი არ უნდა იყოს, ვინაიდან საარჩევნო წელია.

ჩვენი საუბრი დასასრულისკენ მინდა წავიყვანო და რომან გოცირიძის განცხადებები გავიხსენო. კერძოდ, - „პრემიერი პარლამენტში ცარიელი ჯიბით მოვიდა. ხელისუფლება ტრანშების იმედადაა, მაგრამ ტრანშები ისევე დაიგვიანებს, როგორც შევარდნაძის დროს იგვიანებდა, როცა ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს ის არ ასრულებდა.“

მისივე თქმით, ეკონომიკის ვარდნა -4% კი არა გაცილებით მეტი იქნება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რატომ არ იხარჯება პანდემიასთან ბრძოლის გამო შექმნილ ფონდში დაგროვილი სახსრები. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ხელისუფლება ამ ფონდში აკუმულირებულ თანხებს წინასაარჩევნოდ გამოიყენებს ამომრჩევლების მოსასყიდად.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია ბატონ რომან გოცირიძის მოსაზრებები?

- ხელისუფლების ნებისმიერი მოქმედება შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული როგორც წინასაარჩევნოდ ფულის გამოყენება. მაგრამ, მე აქ არ ვიქნებოდი ძალიან კრიტიკული. ფაქტია, რომ ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს. მთავარი ის კი არაა, რომ ხელისუფლებამ პანდემიაზე შეიძლება ქულები დაიწეროს, არამედ ისაა მთავარი, რომ ეს ფული სწორად, ეფექტურად და გამჭირვალედ დახარჯოს.

ის რისკი, რაზეც გოცირიძე ტრანშების დაგვიანების შესაძლებლობაზე საუბრობს, რეალურად არსებობს. ჩვენ ვნახეთ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ვითარების გამწვავება.

ის რისკი, რაზეც გოცირიძე ტრანშების დაგვიანების შესაძლებლობაზე საუბრობს, რეალურად არსებობს

თუ ხელისუფლებამ არ დაიცვა ის სტანდარტები, რასაც დონორები გვთხოვენ, თუ ისევ განმეორდა ის, რომ ისინი ერთ საქმეზე გაძლევენ ფულს და შენ ამ ფულს სხვა საქმეზე იყენებ - ვგულისხმობ იმას, რაც 11 პროექტთან დაკავშირებით მოხდა, ბუნებრივია, რომ ტრანშები დროზე მოვიდეს მართლაც არსებობს.

მე მაინც მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება შედარებით ადეკვატური იქნება და რაღაცნაირად დაიცავს იმ პირობებს, რა პირობებიც იყო გაცემული რომ არ მოხდეს ყოველივე ამის ჩაშლა. ასე რომ, ასეთი ვითარებაა, რა მოხდება ხვალ და ზეგ ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით