ქეთევან ციხელაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულისის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ვიდეო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის პროცესებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად ექმნება. ხაზი გაესვა, რუსეთის მხრიდან კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის იმ ახალ ეპიზოდებს, რომელიც უკვე კვირების განმავლობაში მიდის ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.

„დღეს მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ქალბატონ როზარია პულისთან. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ჩვენს ძალიან წარმარტებულ თანამშრომლობაზე უკვე წლების განმავლობაში. ასევე დეტალურად მიმოვიხილეთ ყველა ის საქმიანობა, რომელიც განახორციელა მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების დასახმარებლად კოვიდ 19-თან ბრძოლის პერიოდში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჩვენი პარტნიორებისთვის ის ბორდერიზაციის ეპიზოდები, რომლებიც სწორედ ამ მძიმე გლობალური კრიზისის და პანდემიის ფონზე გრძელდება და ხორციელდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, რაც არის ძალიან მძიმე დარღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ამავდროულად ყოველგვარი ჰუმანურობის და ჰუმანიტარული პრინციპების, რაც იწვევს პირდაპირ ადამიანების ტანჯვას, დამატებით იმასთან ერთად, რასაც იწვევს თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის იზოლაცია, ეხლა უკვე აფხაზეთის რეგიონის მიმართულებითაც შეზღუდული გადაადგილება.

ასევე დეტალურად ვისაუბრეთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის იმ ახალ ეპიზოდზე, რომელიც უკვე კვირების განმავლობაში მიდის ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ, სწორედ მაშინ როდესაც ეს ლაბორატორია არის და იყო ინსტრუმენტალური იმისთვის, რომ საქართველო ეფექტურად გამკლავებოდა ამ ეტაპისთვის კოვიდ 19-თან ბრძოლას. შემაშფოთებელია ის რაც ისმის ცხინვალის ე.წ. სამსახურებიდან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ნატოდან ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ყველა ამ პროცესს. მათი პოზიცია ყველასთვის კარგად ცნობილია. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და საქართველოს ხალხს როგორც COVID-19-თან ბრძოლაში, ისე ოკუპაციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა