ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2020

“ნაციონალები” ხომ არ უნდა საზოგადოებას და ამერიკასაც ზედ მიაყოლებენ” - საყვარელიძე კონგრესმენების კვლევაზე

მეორე ტალღის დასაწყისი საქართველოში - “კორონავირუსს სეზონურობა არ ახასიათებს და მაღალ ტემპერატურას არ ემორჩილება”

უმძიმესი კრიზისი აფხაზეთში - “მთავრობამ” გამოაცხადა, რომ ივნის-ივლისში ხალხს ხელფასებს ვეღარ დაურიგებს

* * *

“ნაციონალები” ხომ არ უნდა საზოგადოებას და ამერიკასაც ზედ მიაყოლებენ” - საყვარელიძე კონგრესმენების კვლევაზე

“ამას შედეგად კიდევ ის მოყვება, რომ “ნაციონალები” ხომ არ უნდა საზოგადოებას და ამერიკასაც ზედ მიაყოლებენ” - ასე განიხილავს “რეზონანსთან” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, აშშ-ის კონგრესმენების მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”. დოკუმენტში, სახელწოდებით “ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზეა საუბარი. კვლევის ავტორების ერთ-ერთ რეკომენდაციაა დაწესდეს სანქციები “რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელების” მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვინც “აზიანებენ აშშ-ის პარტნიორი პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოზიციებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნაციონალები” ხომ არ უნდა საზოგადოებას და ამერიკასაც ზედ მიაყოლებენ” -საყვარელიძე კონგრესმენების კვლევაზე.

“ამასთან დაკავშირებით კვლევის ავტორები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ურჩევენ შეადგინოს კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების სია, რომლებიც „აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას”. კვლევაში ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ სიის ერთ-ერთ შესაძლო წევრად განიხილება და მასთან დაკავშირებით სიტყვა-სიტყვით ნათქვამია: “ბიძინა ივანიშვილი, ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ის ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ”. ივანიშვილთან ერთად, ამავე სიის პოტენციურ წევრებად განიხილებიან რუსი ოლიგარქი ვლადიმირ ევტუშენკოვი და უკრაინელი მილიარდერი ვიკტორ მედვედჩუკი. ეს კვლევა შეადგინა რესპუბლიკური კვლევების კომიტეტმა - ეს გახლავთ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ფრაქციის უმსხვილესი შიდა გაერთიანება, რომელიც 150-მდე კონგრესმენს აერთიანებს. მათი კვლევა სარეკომენდაციო ხასიათისაა და წარმოადგენს კომიტეტის ხედვას აშშ-ის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ამ გამოწვევებზე რეაგირების მეთოდებთან დაკავშირებით. უშუალოდ ამ კვლევას კი თან ერთვის 13 კონსერვატორი კონგრესმენის ხელმოწერა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ამ თემაზე საუბრისას ეს კონგრესმენები “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტებად მოიხსენია, თავად კვლევა კი - “დაბალი რანგის დოკუმენტად”. რამაზ საყვარელიძის თქმით, ფრაზას, რომ “ივანიშვილი საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”, მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” იყენებს და ამ შემთხვევაში კონგრესმენები აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას არ ასახავენ”, - დასძენს გამოცემა.

“არ ვიცი რამდენად სერიოზულია (ეს დოკუმენტი) და ამას რა შეიძლება მოჰყვეს, მით უმეტეს დღევანდელი ამერიკის მხრიდან. დღევანდელი ამერიკა ჩვეულებრივი ამერიკა არაა, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც დღევანდელ შეერთებულ შტატებში ხდება. ქართული მხრიდან ამ ტიპის დოკუმენტს ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოჰყვეს. საერთაშორისო ასპარეზზე არ ვამბობ, ფაქტია, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პერიოდში არც ერთი კონფლიქტი და ძალადობის ფაქტი თითქმის არ ყოფილა. 20 ივნისის ღამე - ეს მაგალითი არაა, ეს უფრო გამონაკლისია. სამხედრო კონფლიქტებზე საერთოდ არაა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე გაუგებარია ეს ფრაზა, რომ ივანიშვილი საქართველოში დესტაბილიზაციას ახდენს. ეს ფრაზა არის “ნაციონალების” ფრაზა. საზოგადოებას რეალურად დესტაბილიზაციის განცდა ვერ ექნება იმიტომ, რომ კონფლიქტები არ ხდება. ამას შედეგად კიდევ ის მოჰყვება, რომ “ნაციონალები” ხომ არ უნდა საზოგადოებას და ამერიკასაც ზედ მიაყოლებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ამერიკელი კონგრესმენების 120-გვერდიან კვლევას საქართველოს პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. მასში საუბარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე. თუმცა, თვალში საცემია ის გარემოება, რომ ტექსტში ივანიშვილი მოხსენიებულია არა როგორც საქართველოს მმართველის პარტიის ხელმძღვანელი, ან ქვეყნის არაფორმალური მმართველი, არამედ როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე მილიარდერი, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ახდენს დესტაბილიზაციას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა სტატუსით და ვისთან ერთად მოხვდა რესპუბლიკელი კონგრესმენების კვლევაში ბიძინა ივანიშვილი.

“თავად საქართველო კი მოხსენიებულია როგორც “აშშ-ის მოკავშირე დემოკრატიული სახელმწიფო”, რომლის ჯარისკაცებიც ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან ერაყსა და ავღანეთში. ხაზგასმულია, რომ საქართველოს რუსეთის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია და საუბარია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, მისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებისა და შეიარაღების მიწოდების აუცილებლობაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩის კენი დეგნანის შეფასებით, “ეს განცხადება ცხადყოფს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს კონგრესშიც აკვირდებიან და იგი ისევ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია”. ექსპერტთა ნაწილი ამერიკელ კონგრესმენთა კვლევაში ივანიშვილის ასეთ კონტექსტში მოხსენიებას ქართული ოპოზიციის წარმატებული ლობისტური საქმიანობით ხსნის და მიიჩნევს, რომ მათ კონგრესმენები მიზანმიმართულად შეიყვანეს შეცდომაში. მეორე ნაწილის აზრით კი აშშ-ის პოლიტიკურ ელიტაში ამომწურავი ინფორმაცია აქვთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე და ეს დოკუმენტი დიპლომატიური მინიშნებაა როგორც პირადად ივანიშვილისთვის, ასევე ზოგადად საქართველოს ხელისუფლებისთვისაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

ქართველი ექსპერტების ნაწილის აზრით ეს დოკუმენტი აჩვენებს, რომ ის მმართველობითი მოდელი, რომელიც საქართველოში დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია. უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბიძაშვილის აზრით, ამ დოკუმენტით ისინი აღაიარებენ, რომ სტრატეგიულად რუსეთი კვლავ არის საფრთხე, ხოლო “ამ ყველაფერთან ივანიშვილის მიბმა არის ნეგატიური შეფასება და თუ საარჩევნო შედეგი არ გააჩენს ქვეყანაში კოალიციის შექმნის საშუალებას, მაშინ ამერიკულ მხარეს ძალიან გაუჭირდება საქართველოში არჩევნების შედეგების აღიარება, როგორც დემოკრატიულის”. ექსპერტი გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ 13 კონგრესმენმა დოკუმენტით მიანიშნა, რომ “ეს მახინჯი მმართველობითი მოდელი სანქციების საფუძველს ქმნის”- დასძენს გამოცემა.

“კარგია, რომ აქ სახელმწიფოზე არ არის საუბარი და საუბარია პიროვნებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-სთვის საქართველო, როგორც სახელმწიფო, უფრო მაღლა დგას. ეს დოკუმენტი ძალიან ცუდად იკითხება და ამ 13-მა კონგრესმენმა მშვენივრად იცის ჩვენი ძალაუფლების ანატომია. ჩვენი მმართველობის მოდელის მიმართ ჩამოყალიბდა კონკრეტული მოსაზრება, რომ ეს არის მმართველობის მახინჯი ფორმა, რომელიც სანქციების საფუძველს ქმნის...” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

მეორე ტალღის დასაწყისი საქართველოში - “კორონავირუსს სეზონურობა არ ახასიათებს და მაღალ ტემპერატურას არ ემორჩილება”

“სამწუხაროდ, კორონავირუსი მაღალ ტემპერატურას ისე კარგად არ ემორჩილება, მას სეზონურობა არ ახასიათებს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ზაფხულის ამინდის იმედზე ვერ ვიქნებით. მოსახლეობა უფრო მეტად მობილიზებული უნდა ვიყოთ და ამ დაავადებას ასე ვებრძოლოთ”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განცხადებებს იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. სავარაუდო ე.წ. მეორე ტალღის დაწყების შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გააკეთა, რომელმაც ამის პირველ ნიშნად თბილისში კოვიდ-19 ინფექციის მინიმუმ 4 შემთხვევა დაასახელა, რომელთა პირველწყაროს მოძებნა ვერ ხერხდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მეორე ტალღის დასაწყისი საქართველოში - “კორონავირუსს სეზონურობა არ ახასიათებს და მაღალ ტემპერატურას არ ემორჩილება”.

“გოგინავა ფიქრობს, რომ 4 ასეთი შემთხვევა მეორე ტალღის დაწყებას არ ნიშნავს, თუმცა მისივე თქმით, თუ შემთხვევების პირველწყაროს დადგენა მომავალშიც ვერ ხერხდება და პაციენტების რიცხვიც დრამატულად გაიზრდება, შესაძლოა მეორე ტალღა ვიხილოთ. “ასე გადაჭრით ამას ვერ ვიტყვით (რომ მეორე ტალღა დაიწყო), მაგრამ თუ პაციენტების რაოდენობა გაიზრდება და თანაც წყაროს მოძიება ვერ ხერხდება, რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ ინფექციის სწრაფი გავრცელება მოხდეს, ამიტომაა, რომ მოსახლეობა ისევ ყურადღებით უნდა იყოს და რეკომენდაციები უნდა დაიცვას, იმიტომ, რომ კორონავირუსი თავისთ არსად წავა. განცდა გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ყველაფერ დასაშვებია, რაც ასე არაა და ისევ და ისევ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ და მეორე ტალღის დაწყებას ხელი შევუშალოთ”, - ამბობს ინფექციონისტი, რომლის განმარტებით, “დანარჩენი დინამიკაში გამოჩნდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“4 ახალი შემთხვევა მეორე ტალღის დაწყებას არ ნიშნავს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა რაოდენობის ზრდა მოხდეს. პირველწყაროს მოძებნა რომ ვერ ხერხდება, სახიფათოა. ამ პაციენტებით შესაძლოა დრამატული ზრდა არ მოხდეს, მაგრამ თუ ასეთი შემთხვევები კიდევ მოიმატებს, მაშინ შესაძლოა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ გაგვიუარესდეს და ე.წ. მეორე ტალღა დაიწყოს. სამწუხაროდ, კორონავირუსი მაღალ ტემპერატურას ისე კარგად არ ემორჩილება, მას სეზონურობა არ ახასიათებს. ამაზე სხვადასხვა თბილი ქვეყნების (ბრაზილიის და სხვა.) მაგალითები მოჰყავდათ, სადაც, მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, მაინც დაავადების აგრესიული გავრცელება მოხდა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ზაფხულის ამინდის იმედზე ვერ ვიქნებით, მოსახლეობა უფრო მეტად მობილიზებული უნდა ვიყოთ და ამ დაავადებას ასე ვებრძოლოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ეპიდემიოლოგი არ ვარ, კონკრეტულ ციფრებს ვერ ვიტყვი, მაგრამ სწრაფი და აგრესიული ზრდის შემთხვევაში შესაძლოა შეზღუდვების დაწესება ისევ საჭირო გახდეს. თუმცა იმედი მაქვს, რომ აქამდე არ მივალთ და იმის მიუხედავად, რომ 4 ახალი შემთხვევა გვაქვს და შესაძლოა კიდევ მოემატოს ისეთი შემთხვევები, რომლის წყარო ცნობილი არაა, აგრესიული ზრდა ვფიქრობ, რომ არ გვექნება, მოსახლეობა თავის პასუხისმგებლობას გაიაზრებს და ამ საკითხს მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება. იმედი მაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სამსახურები სიტუაციის სტაბილიზაციას მოახერხებენ და ისეთივე მართული ეპიდსიტუაცია დარჩება, როგორიც აქამდე გვქონდა და არ მგონია, რომ მოვლენებს ისეთი დრამატული განვითარება ჰქონდეს, რომ ისევ შეზღუდვები დაგვჭირდეს”, - დასძენს რესპონდენტი.

უმძიმესი კრიზისი აფხაზეთში - “მთავრობამ” გამოაცხადა, რომ ივნის-ივლისში ხალხს ხელფასებს ვეღარ დაურიგებს

“აფხაზეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, რის შესახებაც ადგილობრივი მედია უკვე ღიად წერს. ინფორმაციას დე ფაქტო პრემიერი ანქვაბიც ადასტურებს და ამბობს, რომ შესაძლოა ე.წ. საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ივნისსა და ივლისში ხელფასები ვეღარ გადაუხადონ. თბილისში კი ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ და ამბობენ, რომ რუსეთმა რიგი მიზეზების გამო აფხაზეთს დაფინანსება შეუმცირა და ე.წ. ახალი ხელისუფლების მიმართ გარკვეული მოთხოვნები აქვს. ამის საფუძვლიან ეჭვს კი ე.წ. პრეზიდენტის ბჟანიას რუსეთში მოულოდნელი ვიზიტი აჩენს. ჯერჯერობით უცნობია რატომ გაემგზავრა ის მოსკოვში და ვისთან, რა საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა შეხვედრები. “რეზონანსთან” კი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი აფხაზეთთან სამ საკითხთან დაკავშირებით ვაჭრობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უმძიმესი კრიზისი აფხაზეთში - “მთავრობამ” გამოაცხადა, რომ ივნის-ივლისში ხალხს ხელფასებს ვეღარ დაურიგებს.

“ხსენებული განცხადება დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა ხუთშაბათს “მოსახლეობის კორონავირუსისაგან დაცვის საკოორდინაციო შტაბის” სხდომაზე განაცხადა. “უკვე არსებულ შეზღუდვებს დაემატა ფინანსური პრობლემები. მართალია, 5 თვეში საგადასახადო შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი 98%-ით შერულდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ივნისშიც ასე იქნება. ივნისში ყველაფერი გაცილებით უარესად იქნება. არ გაშინებთ, რეალობა ასეთია, რომ აკრძალვებმა და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებამ სერიოზული ზარალი მიაყენა ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყნის ბიუჯეტს”, - განაცხადა ანქვაბმა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ზოგადად, ეკონომიკური პრობლემები თავად რუსეთსაც აქვს და რუსეთის ფინანსური მხარდაჭერა შესუსტდა ყირიმთან და დონბასთან მიმართებაშიც. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამ ფონზე გამორიცხული არ არის, რომ რუსებმა დაფინანსება აფხაზეთსაც შეუმცირეს. მისივე ცნობით, რამდენიმე დღის წინ ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში მოულოდნელად და ჩუმად გაემგზავრა, რაც ბევრი მითქმა-მოთქმის საფუძველს იძლევა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აფხაზეთში დღემდე ე.წ. მთავრობა დაკომპექტებული არ არის და “მინისტრების” უმრავლესობა დანიშნული არაა. ეს დუმილი და სიჩუმე, როგორც ჩანს, რაღაცაზე მეტყველებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, რუსეთთან ე.წ. ახალი პრეზიდენტი გარკვეულ დეტალებზე და საკითხებზე ჯერ ვერ შეთანხმდა. რუსეთი, როგორც ჩანს, მათგან მეტ ლოიალობას და ნაბიჯების გადადგმას ელოდება. რაღაცა პირობის შესრულებას, რომელსაც ჯერ ვერ ხვდებიან რა შეიძლება იყოს. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობის მოპოვების საკითხზეა საუბარი. რუსეთი აფხაზებს ამაზე ყოველთვის ხელებს უგრეხდა. არ არის გამორიცხული, რომ ბჟანია წინააღმდეგობას უწევდეთ. თუმცა, აქ საქმე შესაძლოა კიდევ უფრო რთულად იყოს და ჩვენი ინტერესებიც დაზიანდეს. რუსეთი მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო ახალი ხელისუფლებისგან მეტ დათმობას ელოდება. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა აფხაზეთში ფინანსური კრიზისი ხელოვნურად შექმნას და იძულებული გახადოს ბჟანია, რომ ამ დათმობებზე წავიდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“მისივე თქმით, აფხაზეთში ახლა ყველა რაღაცის მოლოდინშია. ბჟანიასაც უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიყიდვაზე არსებული შეზღუდვის შესახებ არასდროს ღია განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა კულუარებში არის საუბარი, რომ ის ამ თემებს ეწინააღმდეგება. ამიტომაც აფხაზურ საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ ამ კრიზისის და სტაგნაციის მიზეზი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთის გარკვეული სურვილების არშესრულებაა. კავკასიოლოგი გიორგი კანაშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ფინანსებთან დაკავშირებული თავშეკავება რამდენიმე მიზეზით შესაძლოა იყოს განპირობებული. მისი თქმით, პირველ რიგში კორნავირუსთან დაკავშირებით, რუსეთს თავადაც საკმაოდ მძიმე სიტუაცია აქვს და გარკვეული თანხების გამოყოფა აფხაზეთისთვის საკმაოდ ფერხდება. თუმცა, რუსეთში ბჟანიას მიმართ გარკვეული უნდობლობა არსებობს და მისი ბოლო დროინდელი განცხადებებიც საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთს ეჭვიანობის საფუძველს აძლევს, ამიტომაც მას რამდენიმე საკითხზე დათმობას სთხოვენ”, - დასძენს გამოცემა.

“რუსეთისთვის ახლა სამი ძირითადი საკითხია მნიშვნელოვანი, რომელზეც ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან დათმობა უნდა. პირველი, ეს არის რუსებისთვის აფხაზური “პასპორტების” ადვილად მიღება, რათა მათ საკუთრების უფლება მიეცეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ბჟანია ამ დათმობაზე წავიდა, აფხაზეთის ყიდვა რუსებისთვის რამდენიმე საათის საკითხია. ყველა დე ფაქტო ხელისუფლება ამ ქონების საკითხს, რბილად რომ ვთქვათ, ზედ აჯდა, თუმცა მგონია, რომ ამ წნეხს, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის ფინანსური დახმარების შეწყვეტის სახით დიდხანს ვერ გაუძლებენ. მეორე საკითხი კი შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებას ეხება. ესეც საკმაოდ პრობლემური თემაა კრემლისთვის და ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. მესამე საკითხი, რაზეც სავარუდოდ, აფხაზეღთის დე ფაქტო ხელისუფლების დათანხმება უნდათ, უსაფრთხოების თემაა. რუსები აფხაზეთში რუსი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ. ეს საკითხებია, რომელზეც ბჟანიას დიდი ალბათობით რუსები ულტიმატუმს უყენებენ. სამწუხაროდ, არ ველი, რომ ის ამას გაუძლებს. ჩვენც არანაირად არ ვერევით და მარტო დარჩენილ აფხაზებს დიდი წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ აქვთ. საბოლოო ჯამში კრემლი იმას მიიღებს, რაც სურს. ეს კი ჩვენთვის უმძიმესი შედეგი იქნება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კანაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა