ახალი  გამოცემა - „ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ნაშრომი გამოსცა - ვახტანგ მაისაიასა და ალიკა გუჩუას მონოგრაფია - „ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები“.

წიგნი საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების, გეოსტრატეგიული კვლევებისა და სპეცსამსახურების ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას, ასევე, ძალოვანი და თავდაცვითი სტუქტურების წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.

ხსენებული მონოგრაფია საქართველოში ქართულ ენაზე გამოცემული პირველი ნაშრომია. მისი გამოყენება შეიძლება სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოდაც.

ახალ გამოცემასთან დაკავშირებით ავტორებს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, პოლიტიკის მეცნიერებათადოქტორს, ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ბატონ ვახტანგ მაისაიას და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტს, კსუ-ს ასისტენტს, საერთაშორისო უსაფრთხოების ანალიტიკოსს ალიკა გუჩუას ვესაუბრეთ.

- ბატონო ვახტანგ, სამეცნიერო ნაშრომი „ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები“ მრავალწლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს მისი პრაქტიკული დანიშნულება?

- აღნიშნული მონოგრაფია წარმოადგენს სრულფასოვან კვლევას, რომლის მსგავსიც პირველად განხორციელდა საქართველოში, თანაც სისტემური ანალიზის ფორმატით. წიგნში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ასიმეტრიული ომი, მეოთხე თაობის ომის თეორია, ჰიბრიდული ომი, ბიოლოგიური და ენტიმოლოგიური ომების არსი, ტერორისტულ ორგანიზაციებში მოქმედი სპეცსამსახურების მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა, ნატოს სტრატეგიული მიდგომები მეოთხე თაობის ომების წარმოებისას და ალიანსის ბირთვული დაგეგმარების სტრატეგიის რეალური არსი და ა.შ.

ასევე, კვლევის უნიკალურობას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ მასში კარგად არის ასახული ახალი ტექნოლოგიების გავლენა საერთაშორისო წესრიგის პირობებზე და მასობრივი განადგურების იარაღის ფაქტორისა და ბირთვული უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მხრივ ნატოს ახალი გეოსტრატეგიული ამოცანების განხორციელება გლობალური სტაბილური პირობების მისაღწევად.

ნაშრომში სპეციალურად არის გამახვილებული ყურადღება იმ ფაქტზე, თუ ვინ დანერგა პირველად საქართველოში სამხედრო მეცნიერება და სამხედრო ხელოვნება, როგორც აკადემიური დარგი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზებული ქვედარგი. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში მოღვაწე ორ უდიდეს ინტელექტუალსა და ღირსეულ საზოგადო მოღვაწეს: ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, თადარიგის ვიცეპოლკოვნიკს, პროფესორ კახა კაციტაძეს, რომელიც გარდაიცვალა 2012 წელს და ყოფილი თავდაცვის მინისტრს, გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტს, ფილოსოფიის მეცნიერების დოქტორს, პროფესორ დავით თევზაძეს. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ასეთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო დისციპლინების განვითარება.

- ბატონო ვახტანგ, როგორც აღინიშნა, თქვენი წიგნი ამ მიმართულებით ქართულ ენაზე დაბეჭდილი პირველი ნაშრომია. კონკრეტულად რა საკითხები წარმოადგენდა თქვენი კვლევის ობიექტს?

- დიახ, რა თქმა უნდა, აღნიშნული კვლევა წარმოადგენს საქართველოში ქართულ ენაზე ამ თემაზე გამოცემულ ფუნდამენტურ, სამეცნიერო-აკადემიურ და ანალიტიკურ ნაშრომს, სადაც კვლევის ობიექტია სამხედრო უსაფრთხოების თეორია და სამხედრო სტრატეგია, ისევე როგორც გეოპოლიტიკური თეორიების მიმოხილვა და მისი მოდელირება.

აღნიშნული კვლევა ასევე პირველი გამოცემაა საქართველოში, რომელიც ცდილობს წარმოაჩინოს არასახელმწიფოებრივი სამხედრო აქტორების არსი, ისეთების, როგორებიცაა: „დაეში“ და „თალიბანი“ და აჩვენოს, რა კავშირშია მათ მიერ განხორციელებული მიზნები და ამოცანები მეოთხე თაობის ომის სტარტეგიასთან. მოცემულ სიღრმისეულ კვლევაში ძირითადად დესკრიფციული მეთოდის გამოყენებით, მიმოხილულია სამხედრო სტრატეგიისა და სამხედრო ხელოვნების გეოპოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და გაანალიზებულია მსოფლიო პოლიტიკურ დონეზე არსებული პროცესები, გლობალური და რეგიონული სამხედრო უსაფრთხოების ფარგლებში.

კვლევის მნიშვნელობა იმითაც გამოიხატება, რომ მასში კარგად არის გადმოცემული, თუ როგორ გარდაიქმნა უსაფრთხოების კვლევები ინტერდისციპლინურ სამეცნიერო მიმართულებად და ჩანს საქართველოში მისი შემდგომი აკადემიური განვითარების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკის სწორად აღქმასა და ანალიტიკური უნარების გაუმჯობესებას, არა მარტო სამეცნიერო-სასწავლო, არასამთავრობო, ანალიტიკურ (think-tanks), არამედ სამთავრობო სტრუქტურების დონეზე.

- ბატონო ვახტანგ, ა მეცნიერულ სიახლეს სთავაზობს წიგნი საკითხით დაინტერესებულ მკითხველს?

- მოცემულ წიგნში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე სიახლე, რომელიც ნამდვილად დააინტერესებს მკითხველს და განსაკუთრებით აკადემიური და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებს. მათგან გამოსაყოფია შემდეგი:

  • პირველად საქართველოში აღნიშნულ მონოგრაფიაში წარმოჩენილია, თუ რას წარმოადგენს მეოთხე თაობის ომის კონცეფცია და სტრატეგია და მისი მნიშვნელობა სამხედრო სტრატეგიული კულტურის, ხელოვნებისა და სამხედრო პოლიტიკის განვითარების საქმეში, რომელმაც თავის მხრივ დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთოების დინამიკაზე;
  • პირველად ქართული საზოგადოების წინაშე, ქართულ ენაზე, წარმოჩენილია, თუ რას ნიშნავს ახალი აქტორის რაობა _ არასახელმწიფოებრივი რელიგიური აგრესიული აქტორი და, კონკრეტულად, დეტალურად არის გაანალიზებული ისეთი აქტორების საქმიანობა, მათი იდეოლოგია, სამხედრო დოქტრინები, სპეცსამსახურების სტრუქტურები, მათგან მომდინარე საფრთხეების მასშტაბები და ა.შ. როგორებიცაა: „ისლამური სახალიფო-დაეში“, „ალ-კაიდა“ და „თალიბანი“;
  • პირველად პოლიტიკური მეცნიერების მეთოდების _ „შემთხვევის გარჩევისა“ და „მოვლენათა ანალიზის“ ფარგლებში, განხილულია ასეთი საშიში აგრესიული ტერორისტული გაერთიანებების ჩამოყალიბებისა და მათი განვითარების პროცესები სპეციალური ახალი ქვემეთოდის გამოყენებით _ კონკრეტული მოვლენების ანალიზით რეალური დროის ფარგლებში, ანუ აწმყო დროის ფორმატით, რათა უკეთ წარმოჩენილიყო მათი მნიშვნელობა იმდროინდელი საერთაშორისო უსაფრთხოების პირობებში და როგორ უნდა ემოქმედათ მაშინდელ ლეგიტიმურ აქტორებს, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებას, მათგან წამოსული საფრთხეების აღმოსაფხვრელად;
  • პირველად სრულად არის წარმოჩენილი, როგორია მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხი და განსაკუთრებით კი მისი კომპონენტის, ბიოლოგიური აგენტებისა და ბიოლოგიური ომის ფენომენი, რომელიც ამ ეტაპზე, COVID-19-ის ასიმეტრიული საფრთხის გლობალური დონის განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, წარმოადგენს უაღრესად საინტერესო მოვლენას და სუპერაქტუალურ თემას;
  • პირველად ფუნდამენტური კვლევის ფორმით არის გადმოცემული ნატოს თანამედროვე გეოსტრატეგიული ამოცანები და მიზნები და მისი მიდგომა მეოთხე თაობის ომის წარმოების მიმართ. აქვე აღნიშნულია ნატოს გეოპოლიტიკური განვითარების ტენდენციები პოსტბიპოლარულ ეპოქაში;
  • პირველად საქართველოში შესრულებულია სრულმასშტაბიანი კვლევა, რომელიც შეეხება ევროატლანტიკურ სივრცეში პროცესების ანალიზს სამხედრო უსაფრთხოების კუთხით და კარგად და სრულად არის წარმოჩენილი ნატოს ბირთვული სტრატეგიის დეტალები, ნატოს როლი და ადგილი მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის განმტკიცებაში. მონოგრაფია თავისუფლად შეიძლება განიხილოს როგორც საქართველოში ევროატლანტიკური ღირებულებების გავრცელების ხელშემწყობი და ნატოს თემატიკის პოპულარიზაციის პროექტი, განხორციელებული სტრატეგიული კომუნიკაციის სტრატეგიის ფორმატში.

-ბატონო ვახტანგ, რა კავშირშია „დაეშისა“ და „თალიბანის“ მიერ განხორციელებული მიზნები და ამოცანები მეოთხე თაობის ომის სტარტეგიასთან?

- ზემოთ უკვე აღვნიშნე ამ პასაჟის არსი და გამოვკვეთე, თუ როგორ ხორციელდება კორელაცია აღნიშნულ არასახელმწიფოებრივ აგრესიულ რელიგიურ აქტორებს შორის, მათ შორის, იდენტურ საბრძოლო მოქმედებათა მეთოდებით, მეოთხე თაობის ომის სტრატეგიის განვითარების ფონზე. დღევანდელ სამხედრო მოქმედებათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ უკვე ადაპტირებულია ასიმეტრიული ომის თეორია, რომელიც გამოიყენება მოდელში: აქტორი (ქვეყანა ან კოალიცია) vs. არასახელმწიფოებრივი აქტორი (მაგალითად, „თალიბანი“) და საინტერესოა ის გარემოება, რომ ორივე მეომარი მხარე იყენებს სწორედ მეოთხე თაობის ომისთვის დამახასიათებელ სტატეგიასა და ტაქტიკას.

საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო კონტრტერორისტულ კოალიციაში „ისლამური სახალიფოს-დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. მეოთხე თაობის ომის კონცეფციას აუცილებლად უნდა გაეცნოს საქართველოს თავდაცვითი ძალების ხელმძღვანელობა და ყველა რგოლის წარმომადგენელი, რადგანაც ნაშრომში ასევე კარგად არის წარმოჩენილი, თუ როგორ იყენებს ამ კონცეფციას რეალურ ცხოვრებაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობა.

- ბატონო ვახტანგ, მსოფლიო რადიკალურად განწყობილ რელიგიურ დაჯგუფებათა ტერორის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, რაში მდგომარეობს მეოთხე თაობის ომის მიმართულებით სწორი სტრატეგია, რაც პრობლემის აღმოსაფხვრელად ქმედით ბერკეტად გამოდგება?

- ამ კითხვის საპასუხოდ, მსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მეოთხე თაობის ომის მიდგომებს იყენებს ყველა აქტორი, რომელიც დღეს წარმოდგენელია თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში. ამიტომაც სწორედ მისი ცოდნა წარმოადგენს აუციელებელ კომპონენტს თანამედროვე საერთაშორისო ტერორიზმის სამხედრო საფრთხეების აღმოსაფხვრელად.

- ბატონო ვახტანგ, კონკრეტულად რომელი სასწავლო კურსების ფარგლებში შეიძლება ამ სასწავლო რესურსის ინტეგრირება?

- მონოგრაფია შეიძლება განვიხილოთ როგორც „სამხედრო სტრატეგიის საფუძვლების“ სახელმძღვანელო. ის შეიძლება ამ თემატიკისათან დაკავშირებული ახალი სასწავლო კურსის კურიკულუმის შემუშავების საფუძველიც კი გახდეს. ავტორების მიერ წარმოჩენილია ახალი დეფინიციებიც (მაგალითად, ტერმინი „სამხედრო უსაფრთხოება“; ისევე, როგორც თვით „მეოთხე თაობის ომის“ კონცეფციის ავტორისეული ვარიანტი) და ახალი ხედვის მთელი სპექტრი, რომელიც ასახავს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების კვლევებს. ამასთან ერთად, მონოგრაფია იქნება ერთ-ერთი ინსტრუმენტული კონცეპტუალური ნაშრომი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში სამხედრო უსაფრთხოების, გეოსტრატეგიული კვლევებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის დამკვიდრებასა და განვითარებას.

- ბატონო ვახტანგ, სამომავლოდ აპირებთ თუ არა კვლევის გაგრძელებას ამ მიმართულებით?

- მომავალში ვაპირებთ კიდევ უფრო დავხვეწოთ აღნიშნული კვლევა და, რა თქმა უნდა, გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს პირველ გამოცემაში და მეტი ყურადღება გავამახვილოთ თანამედროვე საერთშორისო უსაფრთხოების ისეთი ახალი ტიპის ასიმეტრიული სახის სამხედრო გამოწვევაზე, როგორიცაა ბიოლოგიური აგენტების გავრცელება და ასევე ბიოტერორიზმის ფენომენი.

ამავე დროს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული კვლევა თარგმნოს ინგლისურ ენაზე და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე წარადგინოს, რაც დიდ დაინტერესებას გამოიწვევს საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო-ანალიტიკური სოციუმის მხრიდან.

აქვე, როგორც ავტორებს, გვეძლევა საშუალება გამოვხატოთ მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ მონოგრაფიის მომზადებასა და გამოცემაში. სახელდობრ, დიდ მადლობას ვუხდით კსუ-ს კანცლერს, ბატონ ვახტანგ წივწივაძეს, შპს „თბილისელების“ დირექტორს, ბატონ ოთარ კიკილაშვილს, კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს, ქალბატონ ანანო წივწივაძეს, დიზაინერ გოგა გოგოხიას, წიგნის ყველა რეცენზენტს, რედაქტორსა და ბატონ ნიკა ჩიტაძეს.

- ბატონო ალიკა, რა განაპირობებს სამეცნიერო ნაშრომში „ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები“ განხილული საკითხების აქტუალურობას?

- თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო იზრდება საფრთხეები და გამოწვევები, სახელმწიფოებს უწევთ ბრძოლა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, რაც საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს ძლიერი ქვეყნებისთვისაც.

წიგნში მოცემული საკითხები, როგორიცაა: ნატო; არასახელმწიფოებრივი აგრესიული აქტორები; მეოთხე თაობის ომი და სტრატეგია; რეგიონული ჰეგემონიზმის სტრატეგია; ტერორიზმი; ბიოლოგიური ომი; ბიოტერორიზმი; მასობრივი განადგურების იარაღი; ნატოს სტრატეგიული დამრტყმელი შეიარაღება და სხვა - საკმაოდ აქტუალურია და საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების ფონზე სულ უფრო იზრდება მათი მნიშვნელობა და როლი, რადგან ზუსტად აღნიშნული საკითხები ახდენს უდიდეს გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიგნში საკმაოდ კომპლექსურადაა განხილული გლობალური უსაფრთხოება და მოსალოდნელი რისკები.

- ბატონო ალიკა, რამდენად მნიშვნელოვანია კვლევების განხორციელება ამ მიმართულებით?

- წიგნის სათაურიდან გამომდინარე, ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია სამხედრო უსაფრთხოების თეორიისა და გეოსტრატეგიული კვლევების მნიშვნელობაზე, როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე პრაქტიკული ადაპტაციის კუთხით. საქართველოში უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში თანდათანობით მკვიდრდება ტენდენცია სამხედრო კვლევებისა და სამხედრო ხელოვნების, როგორც გლობალური, რეგიონული და ლოკალური ანალიზის დონეებზე შესწავლის, ამ მხრივ კი გამორჩეულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა აღნიშნულ საკითხებზე კვლევების ჩატარება, რადგან მონოგრაფიაში წარმოჩენილ თემებზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება დაცული გლობალური უსაფრთხოება. კვლევების ჩატარების გარეშე კი შეუძლებელია აღნიშნული საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა, მათი დარეგულირება, რეკომენდაციების შემუშავება, პრევენციული ზომების მიღება, რისკების მართვა და საერთოდ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა.

მოცემულ სიღრმისეულ კვლევაში ძირითადად, დესკრიფციული მეთოდის გამოყენებით, მიმოხილულია სამხედრო სტრატეგიისა და სამხედრო ხელოვნების გეოპოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და გაანალიზებულია მსოფლიო პოლიტიკურ დონეზე არსებული პროცესები, გლობალური და რეგიონული სამხედრო უსაფრთხოების ფარგლებში. კვლევის უნიკალურობას წარმოაჩენს ის გარემოებაც, რომ მასში კარგად არის ასახული ახალი ტექნოლოგიების გავლენა საერთაშორისო წესრიგის პირობებზე და, ასევე, მასობრივი განადგურების იარაღის ფაქტორისა და ბირთვული უსაფრთხოების მნიშვნელობა და, ამ მხრივ, ნატოს ახალი გეოსტრატეგიული ამოცანების განხორციელება გლობალური სტაბილური პირობების მისაღწევად.

- ბატონო ალიკა, რაში მდგომარეობს მეოთხე თაობის ომის კონცეფცია?

- თანამედროვე ეტაპზე სამხედრო სტრატეგიის ტრანსფორმაცია ასოცირდება ახალი სამხედრო აზროვნებისა და ხელოვნების მოდელთან, რომელსაც ეწოდება მეოთხე თაობის ომის კონცეფცია. მეოთხე თაობის ომი განისაზღვრება როგორც სამხედრო კონფლიქტები, რომლებიც მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

  • მაღალი დონის ტექნოლოგიებს;
  • ტერორიზმს;
  • არაეროვნულ ბაზისს ან ტრანზიციულ კომბინირებულ ბაზისს;
  • პირდაპირ შეტევას მტრის კულტურასა და იდეოლოგიაზე;
  • მაღალი დონის ფსიქოლოგიური ომის ხელოვნებას, რომელიც ხორციელდება მედიასაშუალებების მანიპულაციით;
  • მოწინააღმდეგეზე მოკლევადიანი და მაღალი ინტენსივობის შეტევის განხორციელებას, რომლის მიზანია მისთვის მოწყვლადობის, სისუსტისა და გამოფიტვის შეგრძნების თავმსმოხვევა.

ჩვენ შეგვძლია გამოვყოთ მეოთხე თაობის ომის კონცეფციისთვის დამახასიათებელი ოთხი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც განსხვავდება წინა თაობის სამი ომის კონცეფციებისაგან და მოიცავს შემდეგს:

  • ბრძანებების გაცემას, რომელიც საშუალებას მისცემს მცირე ზომის მებრძოლ ჯგუფებს იმოქმედონ მეთაურის გეგმის ფარგლებში, მაგრამ უფრო მოქნილად და უფრო მეტი საოპერაციო თავისუფლების ფორმატში;
  • ცენტრალიზებული ზურგის პრინციპის შემცირებას, რომელიც იძლევა საშუალებას უფრო მეტი მობილურობისა და დაჩქარებული ტემპის შესაქმნელად;
  • მანევრირებადიბრძოლისპრიორიტეტულობას, რაც გამოიხატება მცირე, მაღალი მანევრირებადი ძალების ოპერირებით საომარ მოქმედებათა თეატრებზე;
  • მტრის დამარცხებას შინაგანად, ვიდრე მის ფიზიკურ განადგურებას, რაც გამოიხატება მტრის გრავიტაციის ცენტრების მოძებნითა და მათი განადგურებით.

- ბატონო ალიკა, თქვენ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, რამდენად რეალურია რადიკალურად განწყობილი რელიგიური აქტორების მხრიდან არსებული საფრთხეების თავიდან არიდება და სიტუაციის ნორმალიზება?

- ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა წარმოადგენს მსგავსი ტიპის პირველ გამოცემას საქართველოში. ნაშრომი არასახელწმიფოებრივი სამხედრო აქტორების არსის რეალური წარმოჩენის მცდელობაა, ძირითადი ტერორისტული ორგანიზაციების მაგილითზე და აჩვენებს, რა კავშირშია მათ მიერ განხორციელებული მიზნები და ამოცანები მეოთხე თაობის ომის სტარტეგიასთან. მოცემულ სიღრმისეულ კვლევაში ძირითადად დესკრიფციული მეთოდის გამოყენებით, მიმოხილულია სამხედრო სტრატეგიისა და სამხედრო ხელოვნების გეოპოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და გაანალიზებულია მსოფლიო პოლიტიკურ დონეზე არსებული პროცესები, გლობალური და რეგიონული სამხედრო უსაფრთხოების ფარგლებში.

საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს, თუმცა შეუძლებელი არაა სიტუაციის ნორმალიზება, რადგან საერთაშორისო თანამშრომლობის მრავალი მაგალითი მეტყველებს წარმატებით ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციებზე, რომელთა შედეგადაც თავიდან აირიდეს ტერორისტული აქტები და უამრავი ადამიანის მსხვერპლი. ქვეყნები საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, თუმცა არიან ე.წ. „თავხედი სახელმწიფოები“, რომლებიც თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ ანდა ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ერთმანეთთან თანამშრომლობის მიუხედავად, ფარულ მხარდაჭერას უცხადებენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, რაც ართულებს საფრთხეების თავიდან არიდებასა და სიტუაციის ნორმალიზებას.

- ბატონო ალიკა, რა ტიპის სტრატეგიაა გამართლებული საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით მეოთხე თაობის ომში?

- საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყნები თვითონ ირჩევენ ომის სტრატეგიას იმის მიხედვით, თუ რა რისკების, საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე იმყოფებიან ისინი. ხშირ შემთხვევაში, ამაზეა დამოკიდებული სახელმწიფოების გადარჩენა, მათი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება. მეოთხე თაობის ომში უფრო ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს მასში მოცემული ბრძოლის ყველა სტრატეგიის კომბინაცია, რის შედეგადაც მოწინააღმდეგეზე გამარჯვებაც უფრო რეალური ხდება და შესაძლებელია ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ფიზიკური, ასევე მისი კულტუროლოგიური და იდეოლოგიური დამარცხება.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
ინოვაციური მომსახურება სამშენებლო სფეროში
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაცია და გადარჩენა არ მოხდება!" (R)
თომა ხაბეიშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" პირველი პარტიაა, რომელიც  გამარჯვებისკენ სწორი ხედვებით მიისწრაფვის!" (R)
არჩილ ბენიძე - "ამომრჩეველზე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს!" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)
ლიბერთი #გულით და Lingwing-ის ერთობლივი პროექტი
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის