ლადო პაპავა - მთავრობაში მენეჯერის ყოფნა არა მარტო შეცდომაა, არამედ დანაშაულიცაა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, პრემიერის პარლამენტში გაკეთებული ანგარიშისა და ეკონომიკის საკითხებსა და პარლამეტში გამართულ დებატებზე სასაუბროდ გთხოვეთ ჩვენთვის თქვენი მოსაზრებების გაზიარება, მაგრამ რადგან პარლამენტში მესამე მოსმენით დაგეგმილი იყო კონსტიტუციის კენჭისყრა, დავახანეთ, გვინდოდა ამ თემაზეც გესაუბრათ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ეს პროცესი სიუპრიზების გარეშე დასრულდა. მმართველმა გუნდმა 117 ხმის მობილიზება შეძლო და ამ პროცესში ოპოზიციას იმის გამო არ მიუღია მონაწილეობა, რომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება.

უცნაური ისაა, რომ თუნდაც ნახევრადპროპორციულ სისტემაზე გადასვლა მმართველი გუნდს არ უნდოდა, მაგრამ სწორედ მათი მისაღები შეიქნა ის, რასაც აქამდე ოპოზიცია ითხოვდა. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და იმასაც, რომ საკონსტიტუცუიო ცვლილებები ფართო კონსენსუსის გარეშე იქნა მიღებული?

- უწინარეს ყოვლისა, ყველას ვულოცავ კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის.

ის, რომ ეს ცვლილებები არ იქნა მიღებული ფართო კონსენსუსით, ეს მათ სულაც არ აკნინებს - ისინი უკვე ოფიციალურადაა შესული კონსტიტუციაში და დღეს ყვალასთვის სავალდებულოა, იმისდა მიუხედავად კენჭისყრაში მიიღო თუ არა ამა თუ იმ ფრაქციამ, თუ ცალკეულმა დეპუტატმა მონაწილეობა. ის კი, რომ რადიკალურმა „ნაციონალურმა“ ოპოზიციამ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღო, როგორც იტყვიან, - მით უარესი ამ ოპოზიციას.

ჩვენ საქართველოში კარგად ვიცით რომელი პარტია, თუნდაც ახალდშექმნილი, „რითი სუნთაქვს“ და რეალურად რა მიზნები აქვს. მთავარია, რომ ჩვენი ქვეყნის პარტნიორებმაც დაინახეს, თუ ვისთან აქვთ საქმე ამ რადიკალური ოპოზიციის სახით.

კონსტიტუციური ცვლილებების საპირწონედ ბატონი რურუას გათავისუფლება სწორედ იმის დასტურია, რომ ეს ოპოზიცია სულაც არ იყო დაინტერესებული კონსტიტუციური ცვლილებების მიღებაში, მით უფრო, რომ თავად ბატონი რურუაც ხომ მოუწოდებდა მის მხარდამჭერ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას.

კონსტიტუციური ცვლილებების საპირწონედ ბატონი რურუას გათავისუფლება სწორედ იმის დასტურია, რომ ეს ოპოზიცია სულაც არ იყო დაინტერესებული კონსტიტუციური ცვლილებების მიღებაში, მით უფრო, რომ თავად ბატონი რურუაც ხომ მოუწოდებდა მის მხარდამჭერ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას

მათი მიზანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო და, სამწუხაროდ, დღესაც რჩება ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნა და განვითარება, რომ შემდეგ ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისათვის საგარეო მხარდაჭერა მიიღონ.

რაც შეეხება „პოლიტპატიმრის“ ე.წ. სტატუსს - ამით მხოლოდ უცხოელები შეიძლება შეაცდინო, თორემ საქართველოში კარგახანია ვიცით რას ნიშნავს პოლიტპატიმარი. გულდასაწყვეტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე არ მისცა სწორი პოლიტიკური შეფასება „ნაცების“ მმართველობის სტილს და დანაშაულებრივ ქმედებებს, ხოლო აშკარა კრიმინალებს კი ბრალად არ წაუყენა მათ მიერ ყველასთვის კარგად ცნობილი ჩადენილი დანაშაულებები...

გულდასაწყვეტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე არ მისცა სწორი პოლიტიკური შეფასება „ნაცების“ მმართველობის სტილს და დანაშაულებრივ ქმედებებს, ხოლო აშკარა კრიმინალებს კი ბრალად არ წაუყენა მათ მიერ ყველასთვის კარგად ცნობილი ჩადენილი დანაშაულებები...

- კარგია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნა მიღებული, მაგრამ ისიც ცხადია, რომ კიდევ უფრო კარგი იქნებოდა იგი ნოემბერში განხორციელებულიყო. გარდა იმისა, რომ ქვეყანა 8 მარტის შეთანხმებამდე ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკას აიცილებდა, არჩევნებამდე 4 თვით ადრე არ მოხდებოდა ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების განხორციელება და პოლიტიკურ ძალებსაც მეტი დრო ექნებოდათ არჩევნებისთვის მოსამზადებლად.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 4 თვით ადრე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არსებულ ვითარებას?

- ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების წინა მცდელობა, რომელიც გამორიცხავდა მაჟორიტარულ არჩევნებს, ჩავარდა, ეს, რა თქმა უნდა, დიდი დასანანი შეცდომაა. დიდი მადლობა ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემდგარიყო შეთანხმება.

სამწუხაროდ, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ბატონმა ჰუბერტ ქნირშმა მიიღო დაუმსახურებელი კრიტიკა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მან ხმამაღლა თქვა ის, რაც ჩვენც კარგად წავიკითხეთ 8 მარტის შეთანხმებაში.

იმავდროულად, გერმანიის ელჩის კრიტიკოსები ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ამით მათ მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია, როგორც არაკონსტრუქციულმა, აგრესიულმა ოპოზიციამ.

გერმანიის ელჩის კრიტიკოსები ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ამით მათ მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია, როგორც არაკონსტრუქციულმა, აგრესიულმა ოპოზიციამ

ვეჭვობ, რომ მათთმა ამგვარმა დესტრუქციულმა ქცევამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მათთვისვე რაიმე პოზიტიური შედეგი გამოიღოს.

- თითქმის 30 წელია ვაკვირდებით საქართველოში საარჩევნო პროცესს. ბევრი რამ საინტერესო მომხდარა, ბევრი უსიამოვნო შთაბეჭდილებები გვაქვს დალექილი მეხსიერებაში.

ფაქტია, რომ აქამდე ჩატარებულ არჩევნებზე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ძალაუფლების მესამეჯერ შენარჩუნება.

თქვენი დაკვირვებით, 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდი სავარაუდოდ, რით განსხვავდება წინა წლების არჩევნებისაგან, რა განსხვებებსა და რა ტიპის მსგავსებებზე შეიძლება იყოს საუბარი?

- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემია გამოარჩევს. უშუალოდ ხვალ, რომ ტარდებოდეს არჩევნები, ჩემი ღრმა რწმენით, „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით მოიგებს, რასაც უმთავრესად განაპირობებს ის, რომ საქართველოს მთავრობა ბატონი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ეპიდემიური სიტუაციის მართვაში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

თუ ხელისუფლება არჩევნებამდე რაიმე სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებს, არა მგონია „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდეს საპარლამენტო არჩევნებში გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება.

თუ ხელისუფლება არჩევნებამდე რაიმე სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებს, არა მგონია „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდეს საპარლამენტო არჩევნებში გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება

გასათვალისწინებელია, რომ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, საერთოდ არ ეცალა, ხოლო ზოგიერთს არც კი აინტერესებდა საპარლამენტო დებატები. მათ, როგორც წესი, აინტერესებთ მთავრობის მმართველობის შედეგები, რაც კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე აშკარად ხელშესახებია.

- საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნებიდან“ წამოსულმა დეპუტატებმა. ჯერ დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა - „საკონსტიციო ცვლილებებმა აჩვენა, რომ ქართული პოლიტიკა აღარაა ორპოლუსიანი“. შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა - „საკონსტიტუციო ცვლილებებსა და დემოკრატიულ ცვლილებებს „ძველი ოპოზიცია“ გაემიჯნა, მაგრამ ასპარეზზეა გამოსული ახალი ოპოზიცია“.

ვიდრე „ახალი ოპოზიცია,“ საუბარია „ოცნებიდან“ წამოსულ დეპუტატებზე, არჩევნებში არ დაადასტურებენ, რომ ისინი პარლამენტში „ქართული ოცნების“ ლიდერის გარეშე მოხვდებიან, მათზე, როგორც „ახალ ოპოზიციაზე“ საუბარი, აშკარად ნაადრევია.

თქვენი დაკვირვებით, არჩევნებში რა შანსები შეიძლება ჰქონდეთ „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ დეპუტატების ჯგუფებს, რომლებმაც უკვე ორი პარტიის დაფუძნება მოასწრეს?

- ქართული პოლიტიკის ორპოლუსიანობიდან მრავპოლუსიოანობაზე გადასავლელად იყო საჭირო დამტკიცებული კონსტიტუციური ცვლილებები. ერთპროცენტიანი ბარიერი ამის საუკეთესო მექანიზმია, რადგანაც არაერთ პარტიას შეეძლება მისი გადალახვა.

რაც შეეხება „ახალ ოპოზიციას“, მას მე და, დიდი ალბათობით, არა მარტო მე, როგორც მოქმედ, ისე მომავალ პარლამენტშიც მივესალმები.

რაც შეეხება „ახალ ოპოზიციას“, მას მე და, დიდი ალბათობით, არა მარტო მე, როგორც მოქმედ, ისე მომავალ პარლამენტშიც მივესალმები

- საკონსტიტუციო ცვლილებები ბევრ პოლიტიკურ ძალას უჩენს პარლამენტში მოხვედრის შანს. ვხედავთ, თუ ვინ აქტიურობს ქართულ პოლიტიკურ ველზე. გასაგებია, რომ დაჯგუფება-გადაჯგუფების პროცესი დასრულებული არაა.

მეტიც, ერეთმანეთის მიმართ იძულებითი და აშკარად არაგულწრფელი კომპლიმენტები თუ რევერანსები ბევრი კეთდება.

თქვენი დაკვირვებით, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მყოფი პოლიტიკური ძალებისაგან ვის მეტი შანსი აქვს აღმოჩნდეს შემდგომ პარლამნეტში?

- სავარაუდოდ ე.წ. „ტრადიციული“ პარტიების უმრავლესობას არ გაუჭირდება ერთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა. ძალიან დიდი შანსი ეძლევათ ახალდშექმნილ პარტიებსაც.

ჩემი აზრით, ახლადარჩეულ პარლამენტში, სავარაუდოდ, 8-10 პარტია მაინც იქნება, რაც ქვეყნისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება ახალი პოლიტიკური სახეების ფორმირებისათვის. არც კოალიციური მთავრობის შექმნაში ვხედავ რაიმე პრობლემას.

ახლად არჩეულ პარლამენტში, სავარაუდოდ, 8-10 პარტია მაინც იქნება, რაც ქვეყნისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება ახალი პოლიტიკური სახეების ფორმირებისათვის. არც კოალიციური მთავრობის შექმნაში ვხედავ რაიმე პრობლემას

ეს დემოკრატიული პროცესია, და საპარლამენტო რესპუბლიკაში ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

- გასულ კვირას პარლამენტში პრემიერის მიერ გაკეთებულ ანგარიშზე და ამ თემაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულმა დებატებმა ნათლად წარმოაჩინა ის, თუ როგორი პოლარიზებულია ქართული პოლიტიკური სივრცე. მეტიც, როგორ უჭირთ პოლიტიკურ ძალებს თანამშრომლობის რეჟიმში საქმიანობა. სხვათა შორის, ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ისე სახელისუფლებო გუნდს.

პრემიერი საკმაოდ ბევრ აქტუალურ თემას შეეხო. გასაგებია, რომ ყველა ასპექტს ვერ შევეხებით, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტში პრემიერის მიერ გაკეთებული მოხსენების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს?

- ერთ თვეზე ცოტა მეტი დროის განმავლობაში პრემიერი სამჯერ ეწვია პარლამენტს და საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა იმის შესახებ თუ რა გააკეთა მთავრობამ, ამჟამად რა არის მისი უმთავრესი საზრუნავი, და რა სამომავლო გეგმები აქვს. ცალკეული ხარვეზის მიუხედავად, მე მთლიანობაში დადებითად ვაფასებ პრემიერის გამოსვლებს.

გახარია ჩამოყალიბდა ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად, და მისი მოსენებაც პარლამენტში, თუნდაც იმ ნაწილში, როცა ის ეკონომიკას შეეხო, უმთავრესად პოლიტიკური ხასიათის იყო.

- თქვენ რას მიიჩნევდით პრემიერის მოხსნების ეკონომიკური ნაწილის ძლიერ და სუსტ მხარეებად?

- მოხსენების ეკონომიკური ნაწილის ძლიერ მხარედ მივიჩნევ კომპლექსურ, მასშტაბურ ხედვას. გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შესახებ მსოფლიოში არც ერთ ეკონომისტს, თუნდაც ყველაზე ტიტულოვანს, არ გააჩნია ცოდნა, თუ რა არის ერთადერთი სწორი, რაც ეკონომიკაშია გასაკეთებელი.

ამის მიზეზი ისაა, რაზეც არაერთხელ მისაუბრია, რომ ეკონომიკა მედიცინის მძევალია, და, სანამ მედიკოსები, ბიოლოგები და ფარმაკოლოგები ერთობლივი ძალისხმევით საბოლოოდ არ დაამარცხებენ კორონავირუსს, მანამდე ეკონომიკური კრიზისი უბრალოდ ვერ დასრულდება.

პანდემიის ფონზე პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური ხედვა მთლიანობაში ჯდება იმ სტანდარტებში, რაც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. ეს დაადასტურეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც, რომლებმაც ქვეყანას დახმარების მიზნით საკმაოდ „მსუყე“ ფინანსური პაკეტი შესთავაზა.

პანდემიის ფონზე პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური ხედვა მთლიანობაში ჯდება იმ სტანდარტებში, რაც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. ეს დაადასტურეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც, რომლებმაც ქვეყანას დახმარების მიზნით საკმაოდ „მსუყე“ ფინანსური პაკეტი შესთავაზა

რაც შეეხება სუსტ მხარეს, ასეთად, ჩემი აზრით, არის სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების პრობლემა, რაზეც, სამწუხაროდ, პრემიერს არ უსაუბრია, თუმცა შემოდგომაზე, როცა სწავლა განახლდება ბევრ სტუდენტს, რომელსაც არ აქვს სახელმწიფოსგან სრული დაფინასება მიღებული გრანტის სახით, აშკარად გაუჭირდება სწავლის საფასურის გადახდა...

- ვიდრე სხვა საკითხებზე შევეცდებით გადასვლას, „ინტერპრესნიუსთან“ თქვენი წინა ინტერვიუ უნდა გავიხსენო. თქვენ მაშინ ბრძანეთ - „მოსახლეობა პოზტიური დღის წესრიგის მოლოდინშია“. როგორც მოსალოდნელი იყო, პოსტპანდემიური პერიოდი ბიზნესისთვის უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ელოდებოდნენ.

ბიზნესის პრობლემებზე რომ არ შევაჩეროთ ყურადღება, უკვე ცნობილია, რომ დაპირებული დახმარება მოსახლეობის იმ რაოდენობას არ მიუღია, როგორც თავიდან იყო ნავარაუდევი.

ეკონომიკური კრიზისის პირობებში პრემიერი პარლამენტში გამოსვლამ თქვენ თუ გაგიჩინათ განცდა, რომ მოსახლეობას შეიძლება ჰქონდეს პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდი?

- თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, წარმოუდგენელია, რომ მთავრობამ არ შეასრულოს ყველა ის დაპირება, რაც ბოლო პერიოდში მისცა მოსახლეობას და ბიზნესს.

- ჩვენში, როგორც ყველაფერზე, პარლამენტში პრემიერის გამოსვლის შემდეგ გამართული დებატებზეც დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა.

ხელისუფლების მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციის დებატები ანგარიშით 3 : 0 დასრულდა პრემიერის სასარგებლოდ. მეტიც, ირაკლი კობახიძის თქმით - „პრემიერმა ოპოზიციას ერთ თვეში უკვე მესამედ „მასტერკლასი“ ჩაუტარა.“

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ „ქართული ოცნების“ გენმდივნისაგან განსხვავებით მე ამგვარი განცდა არ გამჩენია. არავინ დაობს, რომ პრემიერი მთელი სახელისუფლებო გუნდის ლიდერია, მაგრამ როცა პრემიერს უწევს შეუსრულებელ პროექტების არშესრულების მიზეზებზე კითხვების მოსმენა, ტენდერების მხოლოდ იმათ მიერ მოგება, ვინც შემდგომ მმართველი გუნდის შემომწირველებია არიან, ამ კითხვების უპასუხოდ დატოვება, როგორც მინიმუმ უხერხულიც კია.

პრემიერს უფლება აქვს ოპონენტები ისე მოიხსენიოს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ, მაგრამ იგი ვალდებულებულიც კია აუხსნას ხალხს თუ რატომ ვერ მოხერხდა ამა თუ იმ პროექტის განხორციელება. არადა, ირკვევა, რომ ამგვარი პროექტების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტში გამართულმა დებატებმა?

- სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელია არაეთიკური გამონათქვამები. რატომღაც ითვლება, რომ თუ წარმატებულ პოლიტიკოსად გინდა ჩაგთვალონ, აუცილებელია დაპირისპირებულ მხარეს შეურაცხყოფა მიაყენო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, ეს მოვლენა მარტო ქართველი პოლიტიკოსებისთვის არაა დამახასიათებელი...

მიუხედავად იმისა, რომ ყველა კითხვაზე პრემიერისგან პასუხი ვერ მოვისმინეთ, ვთვლი, რომ პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა იყო წარმატებული. ამას „ნაცოპოზიციის“ არაკონსტრუქციულობამაც დიდად შეუწყო ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა კითხვაზე პრემიერისგან პასუხი ვერ მოვისმინეთ, ვთვლი, რომ პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა იყო წარმატებული. ამას „ნაცოპოზიციის“ არაკონსტრუქციულობამაც დიდად შეუწყო ხელი

- ამ თემაზე თქვენ გაკვრით კი ისაუბრეთ, მაგრამ რადგან „ქართული ოცნებიდან“ წამოსულმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა - „მთავრი კითხვა, რაზეც მინდა გახარიასგან პასუხი მივიღო არის - ის პრემიერია, თუ მენეჯერი, რომელიც ივანიშვილმა მთავრობის სამართავად დანიშნა“, რაზეც პრემიერს პასუხი არ გაუცია, თქვენ გკითხავთ - თქვენი აზრით, გახარია პრემიერია, თუ ივანიშვილის მიერ მთავრობის სამართავად დანიშნული მენეჯერი?

- ზოგადად მთავრობაში მენეჯერის ყოფნა არა მარტო შეცდომაა, არამედ დანაშაულიცაა. მენეჯერების ადგილი ბიზნესშია, რადგან მენეჯერის საქმიანობა ორიენტირებულია მოგების მაქსიმიზაციაზე, რაც ადეკვატურია ბიზნესში და უაზრობაა სახელმწიფოს მმართველობაში, რადგანაც ქვეყანას ფირმისგან განსხვავებით მოგება, როგორც ასეთი, საერთოდ არ გააჩნია. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა ნებისმიერი კვალიფიციური ეკონომისტისთვის.

მთავრობაში უნდა იყვნენ შესაბამისი განათლების მქონე მმართველები. სამწუხაროდ, არაერთხელ ყოფილან მინისტრების თანამდებობებზე და პრემიერმინისტრის პოსტზეც კი დანიშნულნი მენეჯერები და მათ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს ქვეყნის ეკონომიკას.

სამწუხაროდ, არაერთხელ ყოფილან მინისტრების თანამდებობებზე და პრემიერმინისტრის პოსტზეც კი დანიშნულნი მენეჯერები და მათ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს ქვეყნის ეკონომიკას

მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს, ან არ მოსწონს ბატონი გახარია, უნდა ვაღიაროთ, რომ ის ამ ეტაპზე წარმატებული პრემიერია, რაზეც მეტყველებს ის შედეგები, თუ როგორ მოახერხა საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნების მთავრობებისგან განსხვავებით, კორონავირუსის ეპიდემიის შეზღუდვა და შედარებით მწირი რესურსებით აშკარად პოზიტიური შედეგის დადება.

სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის, რომ ამას მენეჯმენტი არ ჰქვია, ეს ქვეყნის მმართველობაა.

- „ქართული ოცნების“ ლიდერები რამოდენიმე დღეა “ნაცმოძრაობასა“ და მასთან აფელირებულ პოლიტიკურ ძალებს, ასევე „ევროპულ საქართველოსა“ და კიდევ სხვებს, რადიკალურ, დესტრუქციულ და კრიმინალურ ოპოზიციად მოიხსენიებენ.

მათზე საუბრისას პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა - „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ იყვნენ და იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების“.

ორივე მხრიდან ასეთი განცხადებები ბევრი კეთდება, თან თითქმის ყოველ დღე. აშკარად უმძიმესი წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები გველის. გასაგებია, რომ საარჩევნო კამპანიებისას ოპონენტების ახასიათებთ სხვადასხვა ეტიპეტებით შემკობა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, 2020 წლის არჩევნები ამ თვალსაზრისით ჩვენში არსებულ ყველა რეკორდს მოხსნის...

- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული საზოგადოება პოლარიზებულია, დაპირისპირება ძალზედ მწვავეა. აქვე ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ დესტრუქციულ ძალებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, აწყობთ არეულობა, დესტაბილიზაცია, და თუ გამოუვათ რევოლუციად მონათლული სახელმწიფო გადატრიალებაც კი.

გასათვალისწინებელია, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია საქართველოსთან მიმართებაში მოსკოვის ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია.

გასათვალისწინებელია, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია საქართველოსთან მიმართებაში მოსკოვის ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია

ამ შემთხვევაში დაძაბულობის განმუხტვის ერთადერთი გზა სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეექმნება ჩვენ ამომრჩეველს და ქვეყნის უცხოელ მეგობრებსაც იმის განცდა, რომ არჩევნების შედეგები არის ობიექტური.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო