ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველო კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას ცდილობს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს, ადმინისტრაციული სასაზაღვრო ზოლის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. როგორია ვითარება ოკუპირებული რეგიონების სიახლოვეს, რამდენად ხშირია ადამიანების უფლებების დარღვევების შემთხვევები და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, საკმარისია თუ არა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების რაოდენობა, ამ და სხვა აქტუალური კითხვებით „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს ესაუბრა, რომელიც საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად მიმდინარე წლის მარტში დაინიშნა.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემი პირველი ინტერვიუა თქვენს სააგენტოსთან, ნება მომეცით, ძალიან მოკლედ წარვადგინო საკუთარი თავი და რამდენიმე სიტყვით წარმოვადგინო ჩემი ხედვა და პერსპექტივა საქართველოში ჩემს მისიასთან დაკავშირებით. მე პოლონელი დიპლომატი ვარ, დაახლოებით, 26-წლიანი პროფესიული გამოცდილებით. უკანასკნელ პერიოდში ვიყავი უსაფრთხოების ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იქამდე პოლონეთის ელჩი ვიყავი რუმინეთში. ასევე, ნამუშევარი მაქვს კონფლიქტების პრევენციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელ მაღალ თანამდებობებზე პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთაც და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ჩემთვის პატივია, რომ მაქვს აქ მუშაობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განხორციელების შესაძლებლობა. ველი ყველა რელევანტურ მხარესთან ერთად მუშაობას, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კონფლიქტის მიერ დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებისა და მათი სარგებლისთვის, რადგან დღის ბოლოს ეს ის არის, რისთვისაც აქ ვართ - ადამიანებისთვის.

- მოხარული ვარ, რომ აქ ხართ და ცდილობთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაში. პირველ რიგში, მინდა გკითხოთ ზოგადად რამდენად მძიმე და პრობლემატურია ვითარება აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული საზღვის სიახლოვეს?

- დიახ, ნამდვილად, ეს საკითხი ჩემი წუხილისა და შეშფოთების საგანია. უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ ძალიან სერიოზული და უპრეცედენტო შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლების მიმარულებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის სიახლოვეს ცხოვრობენ. ეს ნამდვილად უარყოფითად მოქმედებს სამედიცინო მომსახურების მიწოდეზე განსაკუთრებული შემთხვევებისას, მათ შორის, ახლა პანდემიის მდგომარეობაში. ეს ასევე, გავლენას ახდენს ადამიანების ფიზიკურ კეთილდღეობაზე და, რა თქმა უნდა, მოქმედებს ცხოვრების პირობებზე. ასე რომ, ე.წ გამშვები პუნქტების ხანგრძლივი ჩაკეტვა, მაგალითად, ოძისის შემთხვევაში, რომელიც, როგორც წესი, არის მთავარი გამშვები პუნქტი ახალგორში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ეს გამშვები პუნქტი უკვე 141 დღეა დაკეტილია და ეს ძალიან რთულია მოსახლეობისთვის, რადგან მკვეთრად ამცირებს ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებასთან, განათლებასთან და ასევე, ფერმერებისთვის საკუთარ მიწებთან წვდომას. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებული ცხელი ხაზი თამაშობს მნიშვნელოვან როლს, რადგან ჩვენ შეგვიძლია ადგილზე ზოგიერთი ძალიან მკვეთრი პრობლემის მოგვარებაში დახმარება. მაგალითად, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ სამედიცინო მიზნით გადასვლას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა. გასულ წელს ჩვენ გვქონდა 2 362 ცხელი ხაზის აქტივაცია და მიმდინარე წელს ვხედავთ რაოდენობის ზრდას. საშუალოდ რომ ვთქვათ, დღეში ცხელი ხაზის ამუშავების 8 შემთხვევა გვაქვს.

- კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ახსენეთ. მე მქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის წარმომადგენლებთან და მათთან იგივე კითხვა მქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა იქნებ თქვენ გქონდეთ კონკრეტული ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის გადაცემასა და პანდემიასთან მიმართებით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით?

- ჩვენ ვემყარებით ღია წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება მედიის საშუალებით ან დე ფაქტო ოფიციალური წყაროების მიერ, მაგრამ ასევე ვცდილობთ, დავაკვირდეთ ვითარებას ინტერვიუებისა და გამოკითხვების ჩატარების გზით, ახლა, ძირითადად, ტელეფონების გამოყენებით, რაც ერთგვარი სიფრთხილის გამოჩენაა. ვცდილობთ, დავუკავშირდეთ ადამიანებს, ვისაც შესაძლოა, კონტაქტი ჰქონდეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობასთან, რათა გავიგოთ, რა ვითარებაა იქ და რეალურად ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია ევროკავშირში რელევანტურ მხარეს იმისთვის, რომ მათ არსებული ვითარების სრული სურათის დანახვაში დავეხმაროთ. ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ ვითარება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კარგია პანდემიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან შედარებით. ასე რომ, საქართველო და საქართველოს ხელისუფლების მიერ კრიზისის მართვა შეიძლება კარგ მოდელად ჩაითვალოს სხვა ქვეყნებისთვის. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ პანდემიას შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიანი შედეგები, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ მომავალ თვეებში ვიმოქმედოთ იმ ზეწოლის პირობებში, რომელიც პანდემიისგან მომდინარეობს, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს და მნიშვნელოვანს ხდის გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხს. ასევე მიმაჩნია, რომ ამ პირობებში უმჯობესია ვითანამშრომლოთ, რადგან არავის შეუძლია ამ გამოწვევას მარტო გაუმკლავდეს. თანამშრომლობა ყოველთვის სასარგებლოა ყველა მხარისთვის.

- თქვენ ახსენეთ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ და აქედან გამომდინარე სამედიცინო მომსახურების ნაკლებობა. რა არის სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები ევროკავშირის მისიისთვის ამ ტერიტორიაზე?

- ვფიქრობ, რომ ერთი ზოგადი და ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს წვდომა საქართველოს მოწყვეტილ რეგიონებთან, აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მანდატი, რომელიც მიღებულია 2008 წელს, საქართველოს მთელს ტერიტორიას ფარავს. მეორე ძირითადი გამოწვევა უკავშირდება იმას, რომ დიალოგის ინსტრუმენტები, რომლებიც გვქონდა, ამ დროისთვის შეჩერებულია, ამიტომ ჩვენ შეწუხებულები ვართ პერსონალური პირდაპირი დიალოგის ნაკლებობის გამო, რომელსც ახლა განვიცდით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თანაფასილიტაციას უწევს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრას, რომელიც ერგნეთში იმართება და სამწუხაროდ, ეს შეხვედრები შეჩერებულია გასული წლის აგვისტოს შემდეგ. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულარული შეხვედრები განახლდეს მაქსიმალურად სწრაფად, რადგან არსებობს მთელი რიგი პრაქტიკული საკითხებისა, რომელსაც გავლენა აქვს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე და ეს შეიძლება განხილული და გადაჭრილი იქნას პირდაპირი კომუნიკაციის გზით. ჩვენი მისია მუშაობს კოლეგებთან ერთად ეუთოდან, რათა მოხდეს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლება. ასევე, იმედი გვაქვს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მომავალი რაუნდიც მალე გაიმართება. ახლა უმთავრესი გამოწვევა სწორედ ამ დიალოგის განახლებაა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება და გვექნება ძალიან ლიმიტირებული შესაძლებლობა ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

- მისია ევროკავშირის მიერ საქართველოში 2008 წელს დაფუძნდა. შეგიძლიათ შეაფასოთ ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანის უფლებები გაუარესდა თუ პირიქით, გაუმჯობესდა ადმინისტრაციულ საზღვრისპირა რეგიონებში?

- მისია ყურადღებით ადევნებს თვალს ადამიანის უსაფრთხოებასა და უფლებებთან დაკავშირებულ მრავალ საკითხს. ეს მოიცავს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას, წვდომას თანამედროვე სამედიცინო მომსახურებაზე, გადაადგილების თავისუფლებას, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ე.წ ბორდერიზაციის პროცესს აქვს პირდაპირი გავლენა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე და ჩვენ რეალურად ვართ ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადგილზე, რომელიც ამგვარ მონიტორინგს ახორციელებს. მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც პოზიტიური ცვლილებების განხორციელება შეუძლია, რომ იმოქმედოს ახლა, რადგან ვფიქრობ, რომ ამ საკითხების გადაწყვეტის ჰუმანიტარული მიდგომა იქნებოდა ყველაზე პრაქტიკული. როდესაც ვახსენე ბორდერიზაციის პროცესი, ამას მხოლოდ ჰუმანიტარული ასპექტი არ აქვს, ეს ბარიერები ერთმანეთს აშორებს საზოგადოებებს, მეზობლებს, ნათესავებს და ეს აშინებს ადამიანებს, ასევე საფრთხეს უქმნის სტაბილურობას, რადგან მსგავსი ნაბიჯები ქმნის არასაჭირო დაძაბულობას და ჩვენ ვართ მოწმეები უკანასკნელ თვეებში, როდესაც ბორდერიზაციისთვის საჭირო სამუშაოები გახდა დამატებითი დაძაბულობის წყარო. საბედნიოროდ, თავი ავარიდეთ რაიმე ინციდენტების არსებობას.

- ხაზი უნდა გავუსვა, რომ მცოცავი ანექსია და ბორდერიზაციის არალეგალური პროცესი, კოვიდ 19-ის პანდემიის დროსაც კი მიმდინარეობდა. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ვითომდა დაარღვიეს ე.წ საზღვარი, ხშირად იტაცებენ და აპატიმრებენ. როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკმარისია საერთაშორისო მონიტორების რაოდენობა? აპირებთ თუ არა მათი რიცხვის გაზრდას?

- გასულ წელს ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლების რაოდენობა 200-მდე და რეალურად ეს იყო კიდეც პასუხი გასული წლის ზაფხულის ბოლოს ჩორჩანა -წნელისის ტერიტორიაზე მოვლენების განვითარების. ეს ჩვენი მხრიდან იყო მცდელობა, რომ გაგვეზარდა ჩვენი წარმომადგენლობა ამ ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სწრაფად გავზარდოთ ჩვენი ოპერაციული შესაძლებლობები, რეალურად შეგვიძლია დავაკვირდეთ 24/7-ზე და გასული თვეების განმავლობაში ჩვენი მანდატის განხორციელებას პანდემიის პირობებშიც კი ვაგრძელებდით.

- ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა პრობლემებზე, რომლებიც წარმოდგენილია რეგიონში, ამიტომ ახლა მსურს, გკითხოთ, რა არის თქვენი კონკრეტული მიზნები მომავალი რამდენიმე თვისთვის, რასაც მომავალში თქვენს მემკვიდრეობად ჩათვლით?

- დაახლოებით, სამ თვეზე მეტია, რაც მოვალეობის შესრულებას შევუდექი და როგორც უკვე ვთქვი, კორონავირუსის პანდემიამ ჩემს საწყის გეგმებზე გავლენა იქონია, მაგრამ 3 პრიორიტეტია, რომლის გატარებასაც ახლა ვცდილობ. პირველი არის ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების სწრაფი განახლება, ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განახლებას. მისია ამასთანავე, უზრუნველყოფს ფაქტობრივი და ობიექტური ინფორმაციის წარმოდგენას ევროკავშირის ლიდერებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში, რადგან ახლა ვიზიტების განხორციელება და პირდაპირი კომუნიკაცია არ ხდება. ჩვენ აქ ვართ ადგილზე, როგორც ინფორმაციის მიმწოდებლები. ასევე ჩემი, როგორც მისიის ხელმძღვანელის, ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებთან არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი ხშირ შემთხვევაში, იმეორებს და ადასტურებს მის მტკიცე მხარდაჭერას არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტასთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ყველა ხელსაწყოს გამოყენებით და ეს ხელსაწყოები მოიცავს არაღიარების პოლიტიკასა და ჩართულობას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ადგილზე არის ამ მტკიცე ვალდებულების დემონსტრირება. ასე რომ, ჩვენი აქტიური და თვალსაჩინო წარმომადგენლობა ადგილზე არის ყოველდღიური დადასტურება ამ პოლიტიკის. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისში ევროკავშირის დელეგაციასთან და ასევე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში. ჩვენი მანდატის განხორციელებით ასევე წვლილი შეგვაქვს ევროკავშირის მომავალ ჩართულობაში რეგიონში. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა ადმინისტრაციული სასაზღვრის ზოლის გასწვრივ შედარებით სტაბილურია, მაგრამ დრო და დრო შეიძლება იყოს დაძაბული. ეს არ ხდება ავტომატურად, ვგულისხმობ შედარებით სტაბილურ ვითარებას, რადგან ეს მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას ჩვენი თანამშრომლების მხრიდან.

- ბატონო მარეკ, ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, შესაძლოა, გსმენიათ საქართველოს მოქალაქეების შეშფოთების შესახებ, რომ ქვეყნის მთავრობა არ აკრიტიკებს რუსეთის ფედერაციას მიმდინარე აგრესიისა და ე.წ საზღვრის სიახლოვეს უკანონო ქმედებების გამო. როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებს?

- საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება ჩვენი მანდატის ნაწილი არ არის, თუმცა მე შემიძლია, გითხრათ ჩემი პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა საზღვარგარეთ ძალიან აქტიურია პოსტკონფლიქტურ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხების წამოწევაში საერთაშორისო არენაზე.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა