პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტისას, წარმოებისას ან მიწოდებისას ხარისხობრივი ნორმების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტისას, წარმოებისას ან მიწოდებისას ხარისხობრივი ნორმების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა (82 მომხრე) „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე იმპორტირებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის იმპორტის ფასის ნამრავლის 15-მაგი ოდენობით. კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, აღნიშნული ქმედება 10 000 ლარიანი ჯარიმით ისჯება.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე უხარისხო ბენზინის ან დიზელის საწვავის წარმოებას, ეს ქმედებაც გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე, წარმოებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის თვითღირებულების ნამრავლის 15-მაგი ოდენობით. კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, აღნიშნული ქმედება 9 000 ლარიანი ჯარიმით ისჯება.

უხარისხო ბენზინის ან დიზელის საწვავის მიწოდების შემთხვევაში კი გათვალისწინებული იქნება დაჯარიმება 20 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე, ავტოგასამართ სადგურზე მიწოდებისთვის განთავსებული საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის და ამავე საწვავის მიწოდების ადგილზე არსებული ფასის ნამრავლის 10-მაგი ოდენობით. კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, აღნიშნული ქმედება 8 000 ლარიანი ჯარიმით ისჯება.

საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას ინიციატორები დაჩქარებული წესით ითხოვენ.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: კახაბერ კუჭავა, მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა, გიორგი გაჩეჩილაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა