ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2020

ოპოზიცია საარჩევნო ბლოკს ვერ აყალიბებს - ლეიბორისტული პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად გავა

კონკრეტულად რაზე უჩივის შაქარაშვილის ოჯახი “მთავარ არხს” და რას პასუხობს ლომჯარია

რა საფრთხე მოაქვს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას საქართველოსთვის

* * *

ოპოზიცია საარჩევნო ბლოკს ვერ აყალიბებს - ლეიბორისტული პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად გავა

“გაერთიანებული ოპოზიცია” საარჩევნო სტარატეგიაზე კიდევ ვერ შეთანხმდა. რამდენიმე დღის წინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ ერთ კვირაში გამოაცხადებდნენ დარჩებოდნენ “ძალა ერთობაშიას” რიგებში თუ ახალ ფართო კოალიციას შექმნიდნენ. ერთი კვირა ხვალ იწურება, ისინი კი ამ თემაზე არაფერს ამბობენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საერთო სააჩევნო ბლოკს ვერ ქმნიდა, აქამდეც არაერთხელ გავრცელდა. საუბარი იყო ასევე პოლიტიკური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დაშლაზეც. “ნაციონალურ მოძრაობაში” ღიად საუბროდნენ იმ უთანხმოებაზე, რაც მათ შორის მოხდა. როგორც აცხადებდნენ, სურდათ უფრო ფართო კოალიციის შექმნა, რაზეც “ძალა ერთობაშია” არ დათანხმდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიცია საარჩევნო ბლოკს ვერ აყალიბებს - ლეიბორისტული პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად გავა.

“რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე “რეზონანსთან” ამბობდა, რომ პარტიაში სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ახალი ფართო კოალიციის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავენ. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც “ძალა ერთობაშია” საჯაროდ შეუთანხმებლად მოქმედებდა. მაშინ, როდესაც მათ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანიდატად დაასახელეს თაკო ჩარკვიანი, “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებდნენ, რომ ისინი ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. ამ ყველაფრის ფონზე კი ლეიბორისტული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. როგორც პარტიაში ამბობენ, ცესკოში შესაბამისი დოკუმენტი უკვე შეიტანეს და დარეგისტრირდნენ. მათი განცხადებით, პარტია “გაერთიანებული ოპოზიციის” შეთანხმებას არ გამოეთიშება და შალვა ნათელაშვილი ნაძალადევის ოლქში მისი კანდიდატი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამასთან, რამდენიმე დღის წინ თაკო ჩარკვიანმა “რეზონანსს” უთხრა, რომ მისი პარტია, “კანონი და სამართალი” აპირებს ერთ ბლოკში გაერთიანდეს გიორგი ვაშაძის პარტიასთან. “რეზონანსთან” რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობდა, რომ 1%-იანი ბარიერი პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის სურვილს აღუძრავდა და არ გამორიცხავდა, რომ ამის გამო ოპოზიციას საარჩევნო ბლოკი ვერ შეექმნა.„1%-იანი ბარიერი როდესაც შემოიღეს, მაშინვე გაჩნდა რეალური მოსაზრება იმის შესახებ, საჭიროა კი ამ შემთხვევაში კოალიცების გაკეთება? ვლაპარაკობ საარჩევნო ბლოკებზე. საარჩევნო ბლოკების ჩამოყალიბებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი თუ გარანტირებულია, რომ ის პირველ ადგილზე გავა. თუ ამის გარანტიები არ არსებობს, მაშინ ლიდერი პარტია ამით ვერანაირ მოგებას ვერ ნახულობს”, - ამბობდა ძაბირაძე “რეზონანსთან”, - დასძენს გამოცემა.

“ოპოზიციის ნაწილი მას შემდეგ გაერთიანდა, რაც სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა. ისინი სწორედ ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებოდნენ და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ. რაც შეეხება პოლიტიკურ გაერთიანებას “ძალა ერთობაშია”, ის 2018 წელს შეიქმნა და მასში 11 პოლიტიკური სუბიექტია გაერთიანებული. ესენია: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი საქართველო”, “კანონი და სამართალი”, “ახალი საქართველოსთვის”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, “ქრისტიან-კონსერვატიულიპარტია”, “ევროპელი დემოკრატები”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “საქართველო ლიდერთა შორის” და “ემსახურე საქართველოს”. 8 მარტის შეთანხმებით 2020 წლის საპარლამეტო არჩევნები შერეული სისტემით 120/30 (120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება”, - წერს სტატიის ავტორი.

კონკრეტულად რაზე უჩივის შაქარაშვილის ოჯახი “მთავარ არხს” და რას პასუხობს ლომჯარია

“გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ოჯახის წევრები სახალხო დამცველს შეხვდნენ და მას სთხოვეს “ოჯახის “მთავარი არხის” ბულინგისგან დაცვა”. “გიორგის გარდაცვალების პოლიტიზირება ვერ მოხდება “შუაზე რომ გასკდნენ”, - ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას მირიან ნიკოლაძე. მისი თქმით, „მთავარი არხის” ერთადერთი ინტერესი ამ საქმის პოლიტიზირებაა და მათ ეს არ გამოუვათ. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოჯახისთვის ძალიან დიდი დისკომფორტის შემქმნელია მედიისგან გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია. ობუდსმენი მედიასაშუალებებს მოუწოდებს პატივი სცენ ოჯახის მდგომარეობას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კონკრეტულად რაზე უჩივის შაქარაშვილის ოჯახი “მთავარ არხს” და რას პასუხობს ლომჯარია.

“ქალბატონმა ნინომ ოჯახის წევრების პოზიციის გაცნობის შემდეგ ჩაინიშნა ეს პრობლემა და შეეცდება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაამოწმოს, რა შეუძლია მას ამ კუთხით. ოჯახის ერთადერთი თხოვნა მისდამი სწორედ ეს იყო. “მთავარ არხს” არ აქვს არანაირი ზნეობრივი საყრდენი. მათ არ აინტერესებთ არც გარდაცვლილი ბავშვი და არც ბავშვის ოჯახი. ამას ღიადაც ამბობენ მე არ ვიგონებ. “მთავარ არხს” აინტერესებს მხოლოდ თემის პოლიტიზირება და გიორგის გარდაცვალების პოლიტიზირება ვერ მოხდება “შუაზე რომ გასკდნენ”, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან ნიკოლაძე.

“მივიღეთ მოსაზრებები მხარეებისგან. შევხვდი როგორც გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს, ასევე ყველა ბრალდებულს, რომელიც არის დაკავებული და იმყოფება საპატიმროში. საქმის შეფასების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ პროკურატურას, გაგვაცნოს საქმის მასალები, ჩვენ შევისწავლით საქმეს და პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას საგამოძიებო უწყებას. ბუნებრივია, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ სახალხო დამცველი არ არის ის ორგანო, რომელიც მედიასაშუალებებს ეტყვის რა ფორმით ან როგორ მოიპოვონ ესა თუ ის ინფორმაცია. თუმცა, გარკვეული რეკომენდაციები და თხოვნები ყველა მედიასაშუალების თუ ყველა მოქალაქისადმი მაქვს, რომელიც ავრცელებს ამ თემაზე ინფორმაციას”, - აღნიშნავს ნინო ლომჯარია, რომლის განმარტებით, “ოჯახთან საუბრისას ერთ-ერთი საკითხი, რაც მათი მხრიდან იყო წამოყენებული არის ის, რომ ცალკეული ქმედებები მედიის მხრიდან მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტის შემქმნელია”, - წერს სტატიის ავტორი.

“პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ჩემი თხოვნა იქნება პატივი ვცეთ ოჯახის პირად სივრცეს და არასასურველი კამერებისგან დავიცვათ ისინი. ასევე ოჯახისთვის ძალიან მძიმეა, როდესაც ვრცელდება გარდაცვლილი ახალგაზრდის კადრები, ფოტოსურათები ან რაიმე ინფორმაცია სხვადასხვა პირის მხრიდან, რაც ოჯახის წევრების განცხადებით მათ ტრავმირებას იწვევს. გასათვალისწინებელია, რომ ისე გავავრცელოთ ან გავაშუქოთ აღნიშნული ფაქტი, რომ ვიფიქროთ ოჯახის წევრების მდგომარეობაზე. ასევე მინდა გთხოვოთ დაზარალებულებისა და ბრალდებულების კუთხითაც შევეცადოთ ისე გავაშუქოთ მოვლენები, რომ არ წარმოჩნდეს ვინმე უკვე როგორც დანაშაულის ჩამდენი”, - ამბობს ნინო ლომჯარია. პროკურატურის განცხადებით, ისინი მზად არიან შაქარაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან ითანამშროლონ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

რა საფრთხე მოაქვს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას საქართველოსთვის

“იმიტომაა საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი, რომ მათი ეს დაპირისპირება შესაძლებელია განვითარდეს სასაზღვრო ზოლში, უშუალოდ ჩვენი ქვეყნის საზღვართან”, - თვლის “რეზონანსთან” საუბრისას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი განახლებულ სამხედრო შეტაკებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, შეტაკებები სწორედ საქართველოს საზღვართან ახლოს მოხდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დაპირისპირებამ სერიოზული სახე მიიღო, სამხედრო თვალსაზრისით ეს კონფლიქტი განსხვავებული იქნება აქამდე არსებულისგან, რადგანაც სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც მკვეთრად გააუმჯობესეს შეიარაღება და სამხედრო არსენალი. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, ალადაშვილის თქმით, ყველაზე უცნაური ისაა, რომ ორივე მხარეს შეტევით იარაღს სწორედ რუსეთი აწვდის...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა საფრთხე მოაქვს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას საქართველოსთვის.

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფრონტის ხაზი გადის არა მხოლოდ მთიან ყარაბაღზე, არამედ მთელ საზღვარზე. ეს რაც ბოლო დღეებში მოხდა, არის საქართველოს საზღვრიდან - ვგულისხმობ დედოფლისწყაროს მიმართულებას, - სულ რაღაც ორმოციოდე კილომეტრში. ასე რომ, თუ დაიწყეს რაკეტების გამოყენება, სამხრეთ კავკასია დადგება რეალური საფრთხის წინაშე. საქართველოსთვის ეს თუნდაც იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მათი ეს დაპირისპირება შესაძლებელია გადაიზარდოს შეტაკებებში უშუალოდ ჩვენი ქვეყნის საზღვართან. გადაიზრდება თუ არა ეს დაპირისპირება უფრო სერიოზულ კონფლიქტში სხვა საკითხია, რადგან ასეთი დაპირისპირება ხშირად ხდება მათ შორის. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ დაპირისპირებამ ფართო მასშტაბი მიიღო, ის სახიფათო გახდება, რადგან სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც თავის არსენალში უკვე დაგროვებული აქვთ საკმაოდ დიდი რაოდენობის და სერიოზული იარაღი. პირველ რიგში ესაა სარაკეტო სისტემები, რომელთა მოქმედების რადიუსი 40 კმ-დან თითქმის 300 კმ-მდე ადის. მათ ფაქტობრივად შეუძლიათ ერთმანეთის ყველა სტრატეგიულ ობიექტს საკუთარი ტერიტორიიდან მისწვდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

“რაც შეეხება შეიარაღებას, რომელიც გამოჩნდა 2016 წლის დაპირისპირებისას და მერეც, აზერბაიჯანმა შეიძინა ულტრათანამედროვე სარაკეტო სისტემები ისრაელიდან და თურქეთიდან, რომელსაც შეუძლია წერტილოვანი დარტყმების მიყენება მოწინააღმდეგისთვის რამდენიმე ათეული და ასეული კილომეტრიდანაც. თუმცა, ყველასთვის ნათელია, რომ ყველა ის კონფლიქტი, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება კრემლიდან იმართება. ასე იყო საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან და იგივე, სომხეთ-აზერბაიჯანთან მიმართებაშიც. ამას გათვლა ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესშიც, რომ ჩვენ არ გვეფიქრა ეკონომიკურ, ტექნიკურ და სამხედრო განვითარებაზე. ეს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაშიც კარგად ჩანს, როცა ორივე მხარეს რუსეთი აწვდის იარაღს. თან არა თავდაცვითს, არამედ შეტევითი სახის იარაღს. სომხეთთან ამას კიდევ გამართლება აქვს, იმიტომ, რომ სომხეთის ტერიტორიული დაცვის ვალდებულება რუსეთს აქვს აღებული, თუმცა ის იარაღი, რომლებიც აზერბაიჯანმა გამოიყენა, სწორედ რუსეთის მიერაა მიწოდებული... საქართველო ცდილობს, შეინარჩუნოს ნეიტრალური პარიტეტი სომხეთასა და აზერბაიჯანს შორის და ასეც უნდა გავაგრძელოთ. საქართველოს აბსოლუტურად სწორი საგარეო კურსი აქვს ამ მხრივ”, - დასძენს ირაკლი ალადაშვილი.

“საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წუხილი გამოთქვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებულ მოვლენებზე. “ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საჭირო ზომები დროულად იქნება მიღებული და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდება ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება”, - ამბობს ზურაბიშვილი. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოხდა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა. აშშ გმობს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ძალადობას და მხარეებს ძალის შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 12 ივლისს განახლდა. ინფორმაცია პირველად აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა. მათი განცხადებით სომხურმა მხარემ ტავუშის მხარეში პროვოკაცია მოაწყო და სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია. სომხური მხარის განცხადებით კი, აზერბაიჯანი შეეცადა საზღვრის დარღვევას ტავუშის მიმართულებით. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი უშიშროების საბჭოზე განაცხადა, რომ მტერმა ადეკვატური პასუხი მიიღო, და ასე იქნება მომავალშიც. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს სომხეთის მოქმედებებს და მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს. ოფიციალური მოსკოვი შეშფოთებას კი გამოთქვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სიტუაციაზე”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით