ლევან დავითაშვილი - წელს თხილის მოსავალი ჭარბი და ხარისხიანი იქნება

წელს თხილის მოსავალი ჭარბი და ხარისხით გამორჩეული იქნება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სამეგრელოში, მეთხილე ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე თხილის წლევანდელი მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის, დაბინავების და ექსპორტის საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, ხობში მინისტრთან ერთად სამეგრელოს მხარის რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თოდუაც იმყოფებოდა.

„ბოლო წლებში თხილის სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი მუშაობით, ეს სირთულეები დაძლეულია. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2020 წლის მოსავალი, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხის თვალსაზრისით, გამორჩეულად კარგი იქნება. საერთაშორისო ბაზრების წლევანდელი ტენდენციების თანახმად, მოსალოდნელია საკმაოდ მაღალი ფასი, შესაბამისად, 2020-21 წლების სეზონი ფერმერებისთვის ფინანსურადაც წარმატებული უნდა იყოს. მოსავლის აღება რამდენიმე დღეში დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ არ მოვადუნოთ ყურადღება და ბოლო წამლობა, ბოლო ოპერაციები ჩავატაროთ პასუხისმგებლობით და იმ პროტოკოლის დაცვით, რომელიც განვსაზღვრეთ. თხილის სექტორს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენს ეკონომიკაში. გვაქვს მოლოდინი, რომ ღირებულებაში 100 მილიონს გადავაჭარბებთ და, დაახლოებით, 55 ათასი ტონა ხარისხიანი თხილის მოსავალი გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, მხარის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ იმედი გამოთქვა, რომ ქართული თხილი ხარისხითა და კონკურენტუნარიანი ფასით ევროკავშირის ბაზარზე ძველ პოზიციებს დაიბრუნებს.

ლევან დავითაშვილი, ალექსანდრე მოწერელია და გიორგი თოდუა, სოფელ ახალ ხიბულაში, კობა შონიას თხილის ბაღშიც იმყოფებოდნენ. ფერმერს 2 ათას ძირამდე თხილი აქვს გაშენებული და თანამედროვე სარწყავი სისტემა აქვს მოწყობილი. თხილის ბაღის დათვალიერების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, აბაშაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც თანამშრომლებს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა წელს უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით მასშტაბური სამუშაოების წარმატებით განხორციელებისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა