დავით ზალკალიანი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასტინ მაკკენზი სმიტთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შეხვედრისას მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკას, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება 2019 წლის ოქტომბერში ხელმოწერილ „საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ, ორ ქვეყანას შორის ყველა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს პოლიტიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების ფართო სპექტრს, ასევე აღინიშნა შემდგომი რაუნდისთვის მზაობა. მინისტრმა სიამოვნებით აღნიშნა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და პირადად ელჩის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში.

ჯასტინ მაკკენზი სმიტმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მინისტრს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის სიმბოლოს.

უწყების ცნობით, ელჩი მიესალმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობას. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჯასტინ მაკკენზი სმიტმა აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო საქართველოში მოღვაწეობა და ის ძალზედ ოპტიმისტურად უყურებს მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივას.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა