ამირან გამყრელიძე - 24 ინფიცირებული განგაშისა და პანიკის საფუძველს არ იძლევა, მაგრამ საყურადღებოა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 24 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობის წყარო ცნობილია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ინფიცირებულთა ეს რაოდენობა განგაშისა და პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან ამ ეტაპზე სიტუაცია მართვადია.

მან მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან და გაითვალისწინონ ის აუცილებელი რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ.

“წყაროების უმრავლესობა ცნობილია - 10 შემთხვევა არის გარდაბნის მუნიციპალიტეტის „გაჩიანის კლასტერიდან“, ხუთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ასევე ცნობილია ყველას წყარო. 7 არის იმპორტირებული შემთხვევა, აქედან 5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ორ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. შესაბამისად, 24 შემთხვევიდან 22-ის წყარო ცნობილია“,- აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა განგაშისა და პანიკის საფუძველს არ იძლევა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, მთავარია, რომ ვირუსი ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს და სიტუაცია იმართებოდეს.

„განგაშისა და პანიკის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა, რადგან 24 ახალი შემთხვევა არ არის იმდენი, რომ ვერ იმართებოდეს, მაგრამ საყურადღებოა. სამწუხაროდ, ქვეყანაში მოდუნდა მოსახლეობის ყურადღება და იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა. ამიტომ ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ინფექცია არ გამქრალა, ჩვენთან ერთად არის. ვირუსს ვმართავთ, მაგრამ ყველა წესის დაცვაა საჭირო: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა. ეს ყველაფერი აუცილებელია და დიდხანს საჭირო იქნება. 15, 20, 30 შემთხვევა არ გახლავთ ის რაოდენობა, რომელიც არ იმართება. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან რეგულაციების შემსუბუქება როდესაც იწყება, ყველა ქვეყანაში იგივე მოხდა, გარკვეულწილად ახალ ინფიცირებულთა ზრდა შეინიშნება. მთავარია, ინფიცირებულთა ზრდა კონტროლს ემორჩილებოდეს. აუცილებელია, თითოეულ ადამიანს ადრეულ ეტაპზე ვავლენდეთ, ვუზრუნველყოფდეთ მათ მკურნალობას, რათა ინფექციის შემდგომი გავრცელება არ მოხდეს. მთავარია, სიტუაციას ვმართავდეთ. ეს რიცხვები საგანგაშო და სახიფათო არ არის, მაგრამ საყურადღებოა“,- აცხადებს გამყრელიძე.

მისი განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტში ზომები უკვე გამკაცრდა და გააქტიურდა მოსახლეობის თერმოსკრინინგი.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში ზომები გუშინ გამკარცდა. სამ სოფელში მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი. ასევე, გუშინ უკვე დაახლოებით 350-მდე მოსახლე გამოიკვლიეს დამატებით. დღეს, ხვალ და ზეგ გაფართოებული კვლევები მიმდინარეობს, რომ გაჩიანის დასახლების მცხოვრებნი გამოვიკვლიოთ. კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ მათ, რომ აუცილებელია გამოკლევა. კვლევებზე მათი დაყოლიება რთულია. აუცილებელია, ექიმების მოწოდებას დაემორჩილონ და გამოვიკვლიოთ. გამოკვლევის ეტაპზე 10 ინფიცირებული უკვე გამოვლინდა. სწრაფად მოხდა მათი იზოლირება და სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. რაც სწრაფად გამოვავლენთ, უფრო მალე ჩავახშობთ ამ ეპიდ აფეთქებას, რაც გაჩიანის დასახლებაში გვაქვს“, - აცხადებს გამყრელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო