გია ხუხაშვილი - თუ გახარია თავისას გაიტანს, იქნება სახელმწიფოებრივად კარგი, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ, რომ გამოცდილმა ინტრიგანებმა პირიქით, გახარია შეჭამონ

თუ გახარია თავისას გაიტანს, ეს იქნება სახელმწიფოებრივად კარგი, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ გამოცდილმა ინტრიგანებმა პირიქით, გახარია შეჭამონ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიას განცხადებას, რომ შსს-ში გამოძიებასთან დაკავშირებით პრობლემებია.

ხუხაშვილის შეფასებით, გახარიას მხრიდან ეს სწორი გზავნილია. მისი თქმით, პრემიერის განცახდებას შიდა ინტრიგები მოყვება.

„შსს-ში, განსაკუთრებით კრიმინალურ პოლიციაში, როგორც ჩანს, არის უსერიოზულესი პრობლემები, სხვადასხვა ტიპის. ძალიან მოდუნებულია სისტემა და შესაბამისად, ნდობა სამართალდამცავი სისტემის არის ძალიან დავარდნილი, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. აქედან გამომდინარე, იქ რეფორმირება არის აუცილებელი. ვფიქრობ, გახარიას განცხადება ვითარების ადეკვატურია. მთავარია, რომ სიტყვებს მოჰყვეს რეალური მოქმედებები.

ჯერ ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ განცხადება. ნუ ჩავთვლით, რომ გახარიას აქვს კომფორტი რომ გააკეთოს, რაც უნდა. მის ამ განცხადებას, ბუნებრივია, მოყვება შიდა ინტრიგები, მათ შორის მის წიანააღმდეგაც და ვიღაც შეეცდება, რომ პირიქით შეუტრიალოს ეს ყველაფერი. სისტემა დგას ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის კარზე ახლა დაიწყება მოძრაობები. თუ გახარია თავისას გაიტანს, ეს იქნება სახელმწიფოებრივად კარგი, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ გამოცდილმა ინტრიგანებმა პირიქით, გახარია შეჭამონ. ასე რომ, ეს არაჯანსაღი, მანკიერი მმართველობითი სისტემა არაპროგნოზირებადია. გახარია რომ იყოს რეალური პრემიერ-მინისტრი, რეალური ძალაუფლებით, შეგვეძლო ცალსახა დასკვნები გაგვეკეთებინა და ოპტიმიზმი გაგვჩენოდა, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ დიდწილად მას ეს ძალაუფლება ხელში არ უჭირავს, სხვაგან დევს ძალაუფლება, შესაბამისად, ვითარებაც ნაკლებად პროგნოზირებადია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოსტიდან გადაყენებას ველოდოთ, ხუხაშვილი ამბობს, რომ „შეუძლებელია რეფორმა იმავე ადამიანმა ჩაატაროს, ვინც ასოცირებულია პრობლემებთან“.

„საკადრო საკითხები მეორეხარისხოვანია. ბუნებრივია, როდესაც სიტუაცია იძაბება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვიღაცას უნდა დაეკისროს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გახარიამ შემდეგი განცხადება გააკეთა: „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლებები შსს-ში. ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესადი მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას“, - განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო