დავით ზეიკიძე განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი დავით ზეიკიძე განცხადებას ავრცელებს. ის კომპანია „ლიდერ ფუდთან“ დაკავშირებით მისი სიძის, ირაკლი დუმბაძის განცხადებას ეხმაურება.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„კიდევ ერთხელ მიწევს იმ ხალხის გასაგონად საუბარი, ვინც ტყუილში, მაქინაციაში, კორუფციასა და ბოროტებაში ცხოვრება გადაწყვიტა. ადვოკატ პაატა სალიაზე და მოსამართლეებზე, ლაშა ქოჩიაშვილსა და გენადი მაკარიძეზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ირაკლი დუმბაძეს, რომელიც ამბობს, რომ თურმე მე ვუწყობ მას ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს, მასზე საუბარსაც არ აქვს აზრი, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც მისი ფეხზე დამყენებელი ოჯახი თაღლითურად ძარცვა და საერთოდაც, კარგს იზამს, თუ გაიაზრებს და დაიმახსოვრებს, რომ ჩემთვის სიმამრის დაძახების უფლება არ აქვს. ის არის ჩემი ყოფილი სიძე, რომელიც წლების მანძილზე იტყუებოდა და ქურდობდა. ეს კონკრეტული თანხებია, კონკრეტული საქმეებია, კონკრეტული დანაშაულობებია, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებით არის გამყარებული და რომლებზეც მას მოუწევს პასუხისგება. გაღმა შეედავეს პრინციპით, სწორედ ამიტომ ცდილობს საზოგადოებას თავი შეაცოდოს, დაჩაგრულად მოაჩვენოს.

დუმბაძის ამბავი გასაგებია, - გაშიფრული თაღლითი და მიმთვისებელი თავის გადარჩენას ცდილობს. ამქვეყნიური ჯოჯოხეთი კი საკუთარ თავს იმ დღიდან მოუწყო, რაც სრულიად უპოვარმა ჩემი ნდობით ისარგებლა და თაღლითობით 18 მილიონი მიითვისა. არადა, როცა ჩემს ოჯახში შემოვიდა, მას მერე 16 წელიწადი სამოთხეში ვაცხოვრე, - ამქვეყნიური ჯოჯოხეთის გზა თავად აირჩია, როცა ქურდობა დაიწყო.

კარგით, დუმბაძის ამბავი გასაგებია, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, როგორ, რა სინდისით ახერხებენ და უწყობენ ხელს მას ამაში ადვოკატი პაატა სალია და მოსამართლეები ქოჩიაშვილი და მაკარიძე. - პასუხი მხოლოდ ერთია - მათ სინდისიც და პროფესიული ღირსებაც ფულზე გაყიდეს, საკმაოდ დიდ ფულზე. იმ ფულზე, რომელიც ირაკლი დუმბაძეს აქვს ჩემთვის მოპარული და მათთვის გადახდილი ამ საქმის „გასაიმასქნებლად“.

სწორედ მათი დანაშაულებრივი ხელშეწყობის გამოა, რომ ეს დავა დიდი ხანია აღარ არის ოჯახური დავა. ეს დავა გადაიზარდა და იქცა დავად ჩემსა და დამნაშავე მოსამართლეებსა და თაღლით ადვოკატს შორის. სხვა შემთხვევაში, ეს დავა საერთოდ არ წარმოიშობოდა, რადგან ირაკლი დუმბაძეს ერთი თეთრიც არ აქვს დახარჯული ამ ბიზნესში. არც სათანადო ცოდნა და გამოცდილება გააჩნდა, რომ მსგავსი წარმოება შეექმნა. აქედან გამომდინარე, რომ არა თაღლითური სქემა და ჩემი გაძარცვის ამ გზით დაგეგმვა, დუმბაძე დავას ვერც წამოიწყებდა. სწორედ ამიტომაც აირჩიეს დანაშაულებრივი, კორუმპირებული და თაღლითური მოკლე გზით სიარული - დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ესე იგი, განუხილველად, ანუ არსებითი განხილვის გარეშე, 15 მილიონი დოლარის ქონების ჩაქუჩის ერთი დარტყმით გადაცემა. თუმცა არ გაითვალისწინეს, რომ ლურსმანი არ ვარ, ჩაქუჩის ჩარტყმა ავიტანო.

ვეკითხები პაატა სალიას - მშვიდად როგორ სძინავს იმის მერე, რაც ე.წ. „კუკლა“ გააკეთა. ვითომ გამომიგზავნა სასამართლო სარჩელი, რელურად კი ის თეთრ კონვერტში ჩადებული ჩვეულებრივი გზავნილი იყო. მერე ამაზე ააგო თავისი თაღლითური სქემა, მოსამართლეებსაც თვალები დააბრმავებინა, ხვდებით ალბათ, რისი საშუალებითაც, ისე რომ არც ქოჩიაშვილმა და არც მაკარიძემ თეთრი კონვერტი სასამართლოს ლურჯი კონვერტისგან არ გაარჩიეს.

ეს თაღლითური სქემა, დარწმუნებული ვარ, მის თავშია მოხარშული და ამაზე ააგო ჩემი ქონების დუმბაძისთვის მარტივად გაფორმების მოკლე გზა. სხვათა შორის, რეიდერული შეტევების ასეთი გზა რუსეთშია აპრობირებული და როგორც ჩანს, პაატა სალიამ იქედან გააკეთა სქემის იმპორტი, მაგრამ ესეც უხარისხო გამოუვიდა და მისი კვალიფიკაციის დაბალი დონე აქაც გამოჩნდა.

რაც შეეხება მოსყიდულ ქოჩიაშვილსა და მაკარიძეს. მათ გასაგონად აქ, კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ელექტრონულად წერილს, დამატებით საჩივარს, რომელიც ჩემი ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის მიერ მაღალპროფესიულ დონეზეა შექმნილი, მიწოდებულია უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებისთვის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირებისთვის, დიპლომატიური კორპუსისთვის და სადაც ნათლად ჩანს ყველა ის დანაშაულებრივი მოქმედება, რომელიც მათ ჩაიდინეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მისი ძალაში დატოვების დროს.

სალიასთან ერთად მინდა ვკითხო სისხლის სამართლის დამნაშავე მოსამართლეებს ლაშა ქოჩიაშვილსა და გენადი მაკარიძეს, რომლებმაც გააყალბეს და იგნორირება გაუკეთეს მტკიცებულებებს, - როგორ გგონიათ, თქვენს მიერ დაგეგმილ შედეგს რომც მიაღწიოთ ამ თაღლითობით და დანაშაულით, როგორ გგონიათ, ასე დასრულდება ეს ამბავი? - თუ გიფიქრიათ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თქვენს თაღლითობას და უსამართლობას ოჯახში, სადაც სამი შვილის 12 შვილიშვილი იზრდება. თქვენ გინდათ, რომ ბაბუის შექმნილი დოვლათის ნახევარი 2 შვილიშვილს თაღლითობით გადასცეთ და დანარჩენ 10-ს ასევე ნახევარი? მე არ მეკითხებით? ეს ბავშვები პატარები აღარ არიან და კარგად არჩევენ მტყუანსა და მართალს და სიკეთეს და ბოროტებასაც. არც იმაზე ფიქრობთ, ღმერთმა ნუ ქნას და შვილებმა და ბიძაშვილ - მამიდაშვილებმა თქვენი უსამართლობით გაგულისებულებმა რაიმე გამოუსწორებელი რომ მოსწიონ ერთმანეთს, თქვენ სად მიდიხართ მერე? ღმერთმა არ ქნას, რაიმე ამდაგვარი მოხდეს, თორემ მერე სად წამიხვალთ? - მე, დათო ზეიკიძე, გაპატიებთ ამას? ხაზს ვუსვამ, არ გემუქრებით, ვაჟკაცები არ იმუქრებიან - აფრთხილებენ - აქედან გამომდინარე, მეც გაფრთხილებთ.

კიდევ ერთხელ ვამბობ - მას შემდეგ, რაც თქვენ - სალიამ, ქოჩიაშვილმა და მაკარიძემ ეს დავა ხელის გადაგრეხვით, თაღლითობით და სიყალბეებით წარმართეთ, ეს დავა აღარ არის ოჯახური ბიზნეს-დავა, ეს არის ჩემი დავა დამნაშავე მოსამართლეებთან და თაღლით ადვოკატთან. პირობას გაძლევთ, ვიცოცხლებ და ვიბძოლებ მინიმუმ იმდენ ხანს, რამდენი ხანიც ამ დავის გამარჯვებით დასრულებას და თქვენთვის, ირაკლი დუმბაძესთან ერთად, იმ ადგილის მიჩენას დასჭირდება, რასაც თქვენი თაღლითობით იმსახურებთ. შეხვედრამდე...“, - ნათქვამია დავით ზეიკიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლიდერი-ფუდის“ 50%-იან წილთან დაკავშირებული სასამართლო დავის მიმდინარეობის პარალელურად არ კლებულობს ურთიერთბრალდებები დაპირისპირებულ მხარეებს შორის. რამდენიმე დღის წინ ირაკლი დუმბაძემ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ 2 წელია მას და მის ოჯახს, მისივე სიმამრის - დავით ზეიკიძის მიერ მათ ირგვლივ შექმნილ, ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში უწევს ცხოვრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა