2019 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„ათასწლეულის ფონდის“ ორგანიზებით და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გალა დაჯილდოება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდიდან“ აცნობეს, ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში.

მათი ინფორმაციით, საუკეთესო სტუდენტად საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისის“ კულინარიის ხელოვნების სტუდენტი, ხატია ნადარეიშვილი დასახელდა, ხოლო წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პედაგოგმა, არჩილ ცინცაძემ მოიპოვა.

ფონდის ცნობით, 2019 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ნომინაციაში საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ“ გაიმარჯვა, ხოლო წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კი ს.ს. „ენერგო-პრო“ დასახელდა.

„ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ისრაელის ელჩი რან გიდორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე.

საკონკურსო ნომინაციებში ჯილდოების გარდა, სპეციალური პრიზი დააწესა ისრაელის საელჩომ. ისრაელის ელჩის სპეციალური პრიზი გადაეცა ვალენტინა ზიბზიბაძეს, რომელიც კოლეჯ „ფაზისში“ დაეუფლა ელექტრიკოსის პროფესიას და მრავალ-შვილიანი ოჯახიდანაა. ასევე, ათასწლეულის ფონდმა მადლობის სიგელით დაჯილდოვდა საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“, გამორჩეული თანამშრომლობისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ სამი წლის წინ ინიცირებულმა კონკურსმა ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა. პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ამ სფეროში კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერება წარმოადგენს ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რადგანაც სწორედ ამ დარგის განვითარება უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, - აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

„გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდთან ჩვენი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით, შევქმენით პარტნიორობის წარმატებული მოდელი, რომელიც საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს განათლების სექტორს და გახდეს პროფესიული განათლება კიდევ უფრო პოპულარული“, - განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა, ჯილდოს გენერალური სპონსორის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა.

ფონდის ცნობით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ხელს უწყობს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მდგრადობას. მათი განმარტებით, კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნეს პარტნიორების წარმატების ისტორიების წარმოჩენით“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს