ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020

სანდრო თვალჭრელიძე - “რატომ აშფოთებთ ამერიკელებს საქართველოში ჩინური კაპიტალის შემოსვლა?!”

“ამას პოლიტიკური სიბეცე უფრო ჰქვია” - ოპოზიციური ერთობა კრახის ზღვარზეა

გიორგი გობრონიძე - “პრობლემა ის არის, რომ დასავლელ პარტნიორებს საქართველოს დემოკრატიზაციის შეუქცევადობაში ეჭვი ეპარებათ”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “რატომ აშფოთებთ ამერიკელებს საქართველოში ჩინური კაპიტალის შემოსვლა?!”

“ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და უმნიშვნელოვანესია მისი მხარდაჭერა, მაგრამ, იმავდროულად, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ზოგიერთი განცხადება, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელია და ქვეყნის საქმეებში ჩარევას ჰგავს. ამ განცხადებების დიდ ნაწილს სკეპტიკურად ვუყურებ და არ მჯერა, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმაც გაუწიოს დიდი ანგარიში. ვფიქრობ, ეს პომპეო-გახარიას სატელეფონო საუბრის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციითაც გამოჩნდა. იმაში, რომ კონგრესმენთა ნაწილი მაინცდამაინც ობიექტურად არ იქცევა, “ფრონტერას” მაგალითიც მარწმუნებს. უკაცრავად პასუხია და, ეს არის აფერისტი კომპანია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლებაში ძლიერი ლობი ჰყავს, რაშიც კარგად იხდიან და ზოგიერთი კონგრესმენი სწორედ ამ გასამარჯელოს გამო ლაპარაკობს. ვეჭვობ, კონგრესმენთა ნაწილზე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიაც ახდენს გავლენას”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რატომ აშფოთებთ ამერიკელებს საქართველოში ჩინური კაპიტალის შემოსვლა?!” / “ვფიქრობ, “ქართულ ოცნებას” 36-37%-იანი მხარდაჭერა ექნება და იძულებული იქნება საერთო ენა გამონახოს სწორედ ამ პატარ-პატარა პარტიებთან".

“საქართველოში ყველამ იცის, გიორგი რურუა რა პოლიტიკური პატიმარია და რა მორალური ფასეულობები ჰქონდა. ძალიან მაინტერესებს, საიდან აქვს სახსრები ტელეარხის დასაფინანსებლად? გარდა ამისა, არსებობს კანონი ფულის გათეთრების შესახებ. რატომღაც არავის სთხოვენ დაამტკიცოს შემოსავლების წარმომავლობა, რაც უსამართლობა და ორმაგი სტანდარტია. პროცესები ობიექტურად უნდა გაანალიზდეს, ისევე, როგორც უნდა ითქვას სიმართლე “ფრონტერას” თაობაზე. ეს კომპანია აშკარად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ძალიან ცუდია რომ ამ ცოტა ხნის წინ “ფრონტერასთან” საქართველოს ხელისუფლებამ აშკარად უკან დაიხია. უნდა არსებობდეს რაღაც პრინციპები, ბოლოს და ბოლოს, კანონის უზენაესობას ვაღიარებთ და მისი დარღვევა ვიღაცისთვის რატომ უნდა იყოს დაშვებული? “ფრონტერამ” ნამდვილად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და წააგო საარბიტრაჟო სასამართლო. სხვათა შორის, ამ სასამართლო გარჩევისას ერთ-ერთი მოსამართლე აშშ-ის მოქალაქე იყო... ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკან დახევა არასწორია, რაც მეტად დავიხევთ უკან, მით მეტი კრიტიკული წერილი მოვა ამერიკიდან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ძალიან ვთხოვ კონგრესმენთა ბოლო ავტორებს, “რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქები” უფრო ახლოს - კაპიტოლიუმისა და თეთრი სახლის ახლოს მოიკითხონ. სხვათა შორის, მათი პრეზიდენტი ტიპური ოლიგარქია. ბიძინა ივანიშვილს ჩემი დაცვა არ სჭირდება. ის პოლიტიკური პარტიის ლიდერია და საკუთარი შეხედულებებისამებრ მოქმედებს. მოგვწონს თუ არა ეს, სხვა საკითხია. ჩემი აზრით, ამგვარი კლიშეებით ლაპარაკი, რაც ამ წერილში ვნახეთ, მიუღებელია. თუ ბიძინა ივანიშვილი ლობირებს რუსეთის ინტერესებს, კეთილინებონ და, ფაქტებით დაამტკიცონ. ხმებზე დაყრდნობით ლაპარაკი არასწორია. სად ხედავენ დადასტურებულად რუსული ინტერესების გატარებას? ანაკლიის პროექტში აშკარად ცუგცვანგის ვითარება შეიქმნა. ხომ ფაქტია, რომ ვერც კონსორციუმმა მოახერხა თანხების მობილიზება. ყველაფრის მთავრობაზე გადაბრალება არასწორია. ისინი სახელმწიფოსგან გარანტიებს ითხოვდნენ, რაც არა მარტო გაუმართლებელი, არამედ დანაშაულიც იქნებოდა, რადგან კერძო კომპანიისთვის გარანტიების მიცემა ჩვენი კონსტიტუციით აკრძალულია. მეორე მხრივ, მთავრობამაც ვერ მიაქცია, როგორც ჩანს, საკმარისი ყურადღება ამ პროექტს. ჩემი აზრით, ორივე მხარეს მიუძღვის ბრალი და მხოლოდ ხელისუფლების დადანაშაულება არ შეიძლება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ჩინური კაპიტალის ქვეყანაში შემოსვლას და მის გავლენას, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიღებული კანონის თანახმად, საქართველოში ჩატარებული სახელმწიფო ტენდერების ერთადერთი კრიტერიუმი არის ფული, ანუ ვინც უფრო იაფად განახორციელებს ამა თუ იმ პროექტს, გამარჯვებულადაც ის ცხადდება. ბუნებრივია, ამ ტენდერებში ჩინური კომპანიები მონაწილეობენ და ხშირად იმარჯვებენ კიდეც, რადგან იაფად ასრულებენ ამა თუ იმ სამუშაოს. ბუნებრივია, აქვს საფუძველი ვარაუდს, რომ ამ კომპანიების აქტიურობის უკან შეიძლება პოლიტიკური ინტერესიც დავინახოთ. ჩინეთს სურს, კავკასიაში ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყოს. ამიტომაც მგონია, სანამ ზემოხსენებული კანონი არ შეიცვლება, ამ პროცესის გაკონტროლება რთული იქნება. ამასთანავე, კანონის შეცვლის შემთხვევაში, შეიძლება ახალი გამოწვევები გაჩნდეს, თუნდაც კორუფციის რისკების გაზრდა. ამიტომაც გადაწყვეტილებები ამ ვითარების ათასგზის აწონ-დაწონის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული. ისევ ხელისუფლების რუსულ ინტერესთან დაკავშირებას მინდა დავუბრუნდე და გავიხსენო, რომ არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ლუგარის ლაბორატორია 2013 წელს სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებამ აამუშავა სრულად. სად ჩანს თუნდაც ამ საკითხში რუსული ინტერესების ლობირება?!” - ამბობს ექსპერტი.

“რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, ჩემი აზრით, განპირობებულია წმინდა ეგოისტური და ვიწროპარტიული ინტერესებით. დაახლოებით ერთი თვის წინ ვამბობდი, საეჭვოა ოპოზიციაში მოახერხონ შეთანხმების მიღწევა-მეთქი. შეხედეთ, რამდენი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში. ამერიკაში 2 პარტიაა, საქართველოში კი, ვისაც ამბიცია აქვს, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა იდეები, ყველა პოლიტიკურ პარტიას აყალიბებს და მისი ლიდერი ხდება. გიორგი ვაშაძე თავის დროზე წამოვიდა `ნაციონალური მოძრაობიდან" და თავისი მოძრაობის ლიდერი გახდა, იმიტომ, რომ ლიდერობა უნდოდა. გავეცანი მის პროგრამას და ჩემი აზრით, ცარიელი წყალია. გვპირდება, რომ საქართველოში თურმე ღარიბები და მშიერი ბავშვები აღარ იქნებიან, რაც ტყუილია, ამიტომ ამაზე ლაპარაკში დროს აღარ დავკარგავ. ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესები რომ შევაფასოთ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ძალები გამარჯვებისთვის, ანუ “ქართული ოცნების” დამარცხებისთვის კი არ იბრძვიან, არამედ იმისთვის, ვის დარჩება პირველი ოპოზიციური პარტიის სტატუსი, ვინ მოიპოვებს მეტ სახელმწიფო დაფინანსებას და უცხოურ მხარდაჭერას”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.

“მოკლედ, ამათ ქვეყანა ნაკლებად აინტერესებთ და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული მიზნები აქვთ. ფუჭი ლაპარაკია, თითქოს საქართველოზე შესტკივათ გული. ამიტომაც არ მჯერა, რომ მოხერხდეს თუნდაც მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება. შესაძლოა 3-4 ოლქში მოახერხონ გარიგება, დანარჩენი ძალიან საეჭვოა. გავიხსენოთ, როგორ მოიგო 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები. მან ძალიან ბევრი იშრომა და მოახერხა მთელი ოპოზიციური სპექტრის შემოკრება. დღეს კი ვხედავთ ძლიერ `ქართულ ოცნებას" და დაქუცმაცებულ ოპოზიციას. ასეთ ვითარებაში არჩევნებში რომელიმე ოპოზიციური ძალის გამარჯვება წარმოუდგენელია. თუმცა იქმნება ძალიან საინტერესო ვითარება - არსებობს როგორც “ნაციონალურ მოძრაობაზე”, ისე “ევროპულ საქართველოზე” გაბრაზებული ამომრჩეველი. ეს კარგად აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებმა, როდესაც ამომრჩეველი პირველ ტურზე არ წავიდა, მაგრამ მეორე ტურზე მივიდა მხოლოდ იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გამარჯვება არ დაეშვა. ეს მოქალაქეები მომავალ არჩევნებზე ან არ წავლენ, ან ხმას პატარა პარტიებს მისცემენ”, - თვლის ექსპერტი.

“ჩემი აზრით, მომავალი პარლამენტის და მთავრობის გასაღები სწორედ ამ მცირე პარტიების, ჩვენი საზოგადოებისთვის შედარებით ახალი სახეების ხელში აღმოჩნდება. უდიდესი მნიშვნელობა ექნება ამ მცირე პარტიების საარჩევნო კამპანიების დამაჯერებლობას, აქტიურობას და მათ მზადყოფნას “ქართულ ოცნებასთან” შექმნან კოალიცია. მათ უნდა მოახერხონ და “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობაზე” განაწყენებული ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან მიიყვანონ. კოალიციური მთავრობის შექმნა უმნიშვნელოვანესი მგონია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ვფიქრობ, “ქართულ ოცნებას” 36-37%-იანი მხარდაჭერა ექნება და იძულებული იქნება საერთო ენა გამონახოს სწორედ ამ პატარ-პატარა პარტიებთან. დარწმუნებული ვარ, ის არც “ევროპულ საქართველოსთან” და მით უფრო არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიციას არ შექმნის. მოკლედ, წინ პარადოქსული და ძალიან საინტერესო პროცესები გველის. აქვე ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, “ლელომ” დაკარგა შანსი გამხდარიყო შუალედური, შემრიგებელი ძალა, ასე ვთქვათ, ცენტრი დაეკავებინა. ის მკვეთრ ოპოზიციაში გადავიდა და ამით ელექტორატის დიდი ნაწილის მხარდაჭერა დაკარგა”, - დაასკვნის რესპონდენტი.

"იმაში, რომ “ქართული ოცნება” ინარჩუნებს რეიტინგს, ჩემი აზრით, უდიდესი წვლილი შეიტანა გიორგი გახარიამ, რომელიც მკვეთრად განსხვავდება წინა პრემიერ-მინისტრებისგან. განსხვავდება, ერთი მხრივ, სიხისტითა და პრაგმატიზმით, მეორე მხრივ კი პროფესიონალების მოსმენის უნარით. ის ერთადერთი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც მთავრობა სინერგიულად აამოქმედა. მაგალითად, მაია ცქიტიშვილი თუ ნათია თურნავა კომპეტენტური ადამიანები არიან, აკეთებენ თავიანთ საქმეს, რომლის წვრილმანებში არავინ ერევა, არავინ მიუთითებს მათ დეტალებზე, თუმცა მათ შეთამაშებულ მოქმედებებს განაპირობებს პრემიერის ორგანიზატორული ნიჭი. გახარიამ მეტ-ნაკლებად ყველა მინისტრს მისცა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება, თუმცა შედეგს გახარია ითხოვს, თანაც, როგორც ვიცი, საკმაოდ მკვახედ. სწორედ ეს გამოჩნდა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისას - ყველა რგოლი გამართულად მუშაობდა. არ დაგავიწყდეთ, რომ “ქართულ ოცნებას” აქტიური საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია. მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა”, - დასძენს თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო კამპანიაში მოუწევს ჩართვა?” - პასუხობს:

“ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ის პრაგმატული ადამიანია და შეეცდება, რაც შეიძლება ნაკლები ენერგია დახარჯოს. თუ “ქართულ ოცნებას” დასჭირდება, რა თქმა უნდა, ჩაერთვება, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. ჩემი აზრით, უნდა თუ არა, ივანიშვილს მოუწევს სადღაც სექტემბრის მეორე ნახევარში მკვეთრად გააქტიურება. ვნახოთ, თუ გამართლდება ჩემი პროგნოზი”.

“ამას პოლიტიკური სიბეცე უფრო ჰქვია” - ოპოზიციური ერთობა კრახის ზღვარზეა

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად სამი თვეა დარჩენილი. არჩევნები შერეული პრინციპით 120/30-ზე ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული და 30 კი მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული. ამ დროისათვის ცნობილია მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ივე ოლქში. რაც შეეხება ოპოზიციას, აქ აზრთა სხვადასხვაობაა. როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, “ნაციონალურ მოძრაობას” არ სურს ოლქების დათმობა, “ევროპულ საქართველოს” კი მათი დარწმუნება გაუჭირდა. ოპოზიციური ერთობა მხოლოდ თბილისის 5 ოლქში შენარჩუნდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ამას პოლიტიკური სიბეცე უფრო ჰქვია” - ოპოზიციური ერთობა კრახის ზღვარზეა.

“8 მარტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” გადაწყვეტილება მიიღო მაჟორიტარი დეპიტატები საერთო შეთანხმებით წარედგინა. თბილისის 7 ოლქიდან 5-ში დაასახელეს კიდეც. ელენე ხოშტარია - ვაკის ოლქის, ნიკა მელია - გლდანის, ირაკლი ხაბეიშვილი - ისანი-სამგორის, შალვა შავგულიძე - მთაწმინდისა და შალვა ნათელაშვილი - ნაძალადევის კანდიდატები არიან. რაც შეეხება დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს, აქ “გაერთიანებული ოპოზიციის” დეპუტატობის კანდიდატების ადგილი კვლავაც ვაკანტურია. ამ ყველაფრის ფონზე, მუდმივადაა საუბარი “გაერთიანებული ოპოზიციის” შესაძლო დაშლაზე. პირველი დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობასა” და სხვა ოპოზიციონერ პარტიებს შორის პრემიერ-მინისტრობის კანდიდტურას მოჰყვა. ამის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” ღიად ალაპარაკდა “წყენაზე”, მაგალითად მაშინ, როდესაც თქვეს, რომ თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა საბურთალოს ოლქში მათთან შეთანხმების გარეშე წარადგინეს. “ძალა ერთობაშია” “ნაციონალურ მოძრაობას” ახალი ფართო კოალიციის შექმნაზეც არ დათანხმდა. 27 ივლისს თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ “ძალა ერთობაშია” დატოვეს და ახალი პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” დაარსეს, რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, “ევროპული საქართველო” “ნაციონალურ მოძრაობას” რეგიონებში საერთო კანდიდატების დასახელებას სთავაზობდა...” - აღნიშნავს გამოცემა.

“უგულავას თქმით, მათ “ნაცმოძრაობას” შესთავაზეს გადაენაწილებინათ დიდი ქალაქები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტურში მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები გავიდოდნენ, რაც არაჯანსაღი კონკურენციის პირობებს ქმნიდა. მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვიტა ყველა ოლქში საკუთარი კანიდატურა ჰყავდეს. უგულავას ამ განცხადებას გამოეხმაურა სალომე სამადაშვილი და განაცხადა, რომ მაჟორიტარულ ოლქებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა და “არჩევნების ბედი მაჟორიტარებზე არ გადის”. როგორც ჩანს “ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს ოლქების დათმობას. ამის შემდეგ, “ევროპული საქართველო” “ნაციონალურ მოძრაობას” საჯაროდ სთავაზობდა ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებული ვარიანტები განიხილვას და შეჯერებას. გიგა ბოკერიას თქმით, “ევროპული საქართველო” “ნაციონალურ მოძრაობას” დიდ ქალაქებში კანდიდატებს უთმობდა, მხარდაჭერას კი მხოლოდ 4 ოლქში სთხოვდა. როგორც ჩანს ეს შეთანხმებაც ვერ შედგა, რადგან 31 ივლისს სერგი კაპანაძემ გადაჭრით თქვა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ევროპულ საქართველოს” ყველანაირი არგუმენტის გარეშე საერთო კანდიდატებზე უარი უთხრა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მიგვაჩნია, რომ იყო სრულიად საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული შეთავაზება, რომ გაზრდილიყო შანსი და ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატებით პირველ ტურში გვქონოდა მეტი წარმატება. სამწუხაროა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველანაირი არგუმენტის გარეშე ამაზე უარი თქვა. ეს მათი საქმეა. ჩვენ ამაზე აღარ ვაპირებთ ორშაბათიდან საუბარს”, - ამბობს კაპანაძე. მისივე თქმით, თუ ორშაბათამდე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაშინ ეს უკვე “ჩავლილი ამბავი იქნება” და საკუთარ სიას დაასახელებენ. ექსპერტები “რეზონანსთან” საუბრისას ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიები შეუთანხმებლობით დიდ შეცდომას უშვებენ. ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” შეთანხმებას ვერ მიაღწევენ”, - დასძენს გამოცემა.

“ოპოზიცია ყოველდღე შეცდომას უშვებს, ამას პოლიტიკური სიბეცე უფრო ჰქვია, ვიდრე შეცდომების დაშვება, მათ თუ უნდათ, რომ მართლა რაღაც შედეგს მიაღწიონ (არა უმრავლესობით მოვიდნენ, მაგრამ სერიოზულ შედეგს მიაღწიონ), საკმაოდ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ, მაგრამ ამისთვის მზად არ არიან, არც იმისთვის, რომ რეგიონებში რამეზე შეთანხმდნენ, არც იმისთვის, რომ თუნდაც გამარჯვების შემთხვევაში ჩრდილოვანი კაბინეტი მაინც გაახმაურონ და, აბა, ისე რა შანსები უნდა ჰქონდეთ საინტერესოა”, - ამბობს ძაბირაძე. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიმე ოლქი უნდა დათმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტურში დამარცხება გარდაუვალი იქნება. “ნაციონალურ მოძრაობას” კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ მეორე ტურში მხოლოდ მისი წარმომადგენლები გავლენ, რისი მაღალი შანსიცაა, ისინი დამარცხდებიან და გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”, როგორც უკვე არაერთხელ მმომხდარა. იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს “ნაციონალური მოძრაობა” არ მოსწონს, სძულს კიდევაც”, - თქვა ზაქარეიშვილმა, რომლის აზრით, “თუ იქნება სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც არანაირი ცუდი არ ჩაუდენია წარსულში და საზოგადოების წინაშე “სუფთაა”, მოსახლეობას გაუჭირდება მის წინააღმდეგ ხმის მიცემა”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი გობრონიძე - “პრობლემა ის არის, რომ დასავლელ პარტნიორებს საქართველოს დემოკრატიზაციის შეუქცევადობაში ეჭვი ეპარებათ”

“როდესაც საქართველოს მმართველი გუნდი ამერიკელი სენატორის კრიტიკულ წერილებს და შენიშვნებს სათანადოდ არ აფასებდა, ვამბობდი, ჩვენი ხელისუფლება მანამდე არ გამოფხიზლდება, სანამ თავად მაიკ პომპეო არ დაგვიქნევს თითს-მეთქი. ეს დღეც დადგა. ახლა თავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიანიშნა გახარიას დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობაზე. საქართველოს პრემიერი რა პოზიტიურ დიალოგზე ლაპარაკობს, ძნელად გასაგებია. ამერიკელებთან უბრალოდ საუბარი მხარდაჭერას არ ნიშნავს. დიახ, ამერიკა საქართველოს მოკავშირეა, მაგრამ ეს არ არის ცალმხრივი ურთიერთობა. ორივე ქვეყანას ერთმანეთთან ვალდებულებები აქვს აღებული. ამერიკას ძალზე დიდი თანხა და რესურსი აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. სწორედ ამიტომ გააკეთა სახელმწიფო მდივანმა აქცენტი იმაზე, რომ მისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა და მაღალი დემოკრატიული სტანდარტი“, - აცხადებს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადებს ფსონს ვაშინგტონი?!

“პომპეომ დიახაც დააფიქსირა მხარდაჭერა, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ როგორც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა. ამერიკა ქვეყნის მოკავშირეა და არა რომელიმე პარტიის. ჩვენ არა ვართ საუდის არაბეთი, სადაც ქვეყნის მოკავშირეობა მმართველი დინასტიის მოკავშირეობას ნიშნავს. ამიტომ ამბობს პომპეო, რომ მისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალე პოლიტიკური პროცესი, დემოკრატიული არჩევნები და არა ის, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოიგებს ან წააგებს არჩევნებს. ამერიკელები ჩვენს ხელისუფლებას არასდროს მიუთითებენ, ხელისუფლებიდან წადიო. ისინი ლაპარაკობენ კონკურენტიანი გარემოს შექმნაზე, რომ მმართველმა ძალამ დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში არ შექმნას ძალის გადაბარების პრობლემა... პრობლემა ის არის, რომ დასავლელ პარტნიორებს საქართველოს დემოკრატიზაციის შეუქცევადობაში ეჭვი ეპარებათ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“პრობლემაა ისიც, რომ ნდობით ვერ სარგებლობენ ჩვენი ქვეყნის ის ინსტიტუციები, რომლებზეც ქვეყნის დემოკრატია უნდა იყოს დაფუძნებული. თავად ის, რომ უცხოელი პარტნიორები, კონგრესმენები და ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ პოლიტიკური ლიდერების დაკავება შესაძლოა პოლიტიკურად იყოს მოტივირებული, მიუთითებს, რომ საქართველოს არ აღიქვამენ დემოკრატიის გზით მიმავალ მყარად მდგარ ქვეყნად. უკვე ხშირად გვხვდება დასავლელი პარტნიორების ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დოკუმენტებში ისეთი ტერმინები, როგორიცაა არაფორმალური მმართველობა. პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს უდანაშაულო პატიმარს, პოლიტიკური პატიმარი ნიშნავს ადამიანის დაპატიმრებას პოლიტიკური მოტივით. რურუას კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩნდება ვარაუდი, რომ ადამიანმა კი ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ის დააკავეს იმიტომ, რომ ოპოზიციური მედიასაშუალების დამფუძნებელია. ჩვენი ტიპის ქვეყნებში, სადაც დემოკრატია ძალიან მყიფეა, სადაც დემოკრატიის რევერსის რისკებია, სადაც არაფორმალურ მმართველობაზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, მედიასაშუალების მფლობელის დაკავება ყოველთვის გააჩენს კითხვებს”, - ამბობს რესპონდენტი.

“ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი მანკიერება ის არის, რომ პოლიტიკური პარტიები ცდილობენ თავიანთი თავი გარე ძალების, ვაშინგტონი იქნება თუ მოსკოვი, ექსკლუზიურ მოკავშირედ, დასაყრდენად წარმოაჩინონ. წესით, ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე უნდა ფიქრობდეს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. გარწმუნებთ, ვაშინგტონი ფსონს არც ერთ პოლიტიკურ ძალაზე არ დადებს. არა მგონია, საქართველოში არსებობდნენ “ამერიკის კაცები”. ვაშინგტონი ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც განსაზღვრავს პოლიტიკურ კლიმატს საქართველოში. თავისთავად მეტ-ნაკლებად მისაღები პოლიტიკური ძალები იქნებიან როგორც ვაშინგტონისთვის, ისე მოსკოვისთვის, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რომელთაც საქართველოში ეკონომიკური ინტერესები აქვთ. თუმცა ქვეყნების სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობაში არსებითად არაფერი შეიცვლება _ ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, თვით “პატრიოტთა ალიანსიც” (თეორიულად ვამბობ, თორემ ეს შეუძლებლად მიმაჩნია), გარწმუნებთ, ვაშინგტონი მასაც გამოუცხადებს მხარდაჭერას და აიძულებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთის წინაშე აქვთ აღებული”, - განმარტავს გობრონიძე.

“ამერიკასაც და რუსეთსაც იმ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოუწევთ მოქმედება, რაც საქართველოში იქნება, და შეეცდებიან იმ პოლიტიკურ ჯგუფთან იმუშაონ, რომელიც ხელისუფლებაში მოვა. ვინც უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, ამერიკა ყველას შესთავაზებს თანამშრომლობის პოზიტიურ დღის წესრიგს, რუსეთის ფედერაცია კი ყველას წინააღმდეგ დაიწყებს მუშაობას - დესტრუქციით, დესტაბილიზაციითა და პოლარიზაციის შექმნის მცდელობით. ამერიკა იმიტომ კი არ მიუთითებს საქართველოს დემოკრატიის განვითარებაზე, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ვინ მოვა ხელისუფლებაში, არა, მისთვის მნიშვნელოვანი დემოკრატიული არჩევნებია. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო დემოკრატიული ქვეყანა იქნება საქართველო, მით უფრო დაშორდება რუსულ ორბიტას და მიუახლოვდება დასავლურ სამყაროს. ეს რუსეთმაც კარგად იცის. იცის, რომ დემოკრატიული საქართველო პრეცედენტი გახდება პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც შეიძლება დიდი საფრთხის წინაშე დააყენოს რუსეთის მმართველი პოლიტიკური კლასი. დიახ, მმართველი პოლიტიკური კლასი და არა რუსული სახელმწიფო. საქართველო ევროკავშირსა და ნატოში ისევე ვერ გახდება რუსეთის სახელმწიფოსთვის საფრთხე, როგორც დღეს არ არის, მაგრამ წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო შეიძლება სერიოზული სიგნალი იყოს პოსტსაბჭოთა საზოგადოებებისთვის და მათ შორის რუსი ხალხისთვის”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “თქვენც აღიარებთ ორი რუსეთის არსებობის თეორიას?” - პასუხობს:

“არა, აქ უფრო მარტივად არის საქმე. პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ დემოკრატია და ლიბერალიზმი გარყვნილება და ბოროტებაა. ამ დროს, თუ რუსი ხალხი დაინახავს, რომ დემოკრატიულ საქართველოში ხალხი კარგად ცხოვრობს, იკითხავენ, თუ სტაბილურობა და განვითარება დემოკრატიის გზითაც შესაძლებელია, ჩვენ რატომ უნდა ავიტანოთ პუტინის რეჟიმი 40 წლის განმავლობაშიო და პუტინს ხუხულასავით დაენგრევა ის საძირკველი, რომელზეც თავის პოლიტიკას აშენებს. რუსებს დღემდე უკვირთ, როგორ შეიძლება საქართველოში კორუფცია დამარცხებულიყო, რომ პოლიციელი ქრთამს არ იღებს, რომ უმაღლეს სასწავლებელში ლექტორს ჩათვლის წიგნაკში ფული არ უნდა ჩაუდო. შესაბამისად, დემოკრატიული საქართველო კონკრეტული პოლიტიკური კლასისთვის არის საფრთხე. სწორედ ამავე მიზეზით არის რუსეთისთვის დასავლეთი საფრთხედ აღქმული, თორემ იმიტომ კი არა, რომ საფრანგეთი, პორტუგალია ან ამერიკა გარისკავენ და ბირთვულ რუსეთს ომს დაუწყებენ. ამ რეალობის გათვალისწინებით, ვინც უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, რუსეთი საქართველოში ისევ აგრესიულ პოლიტიკას გაატარებს. ამით შექმნის მაგალითს, თუ რა შეიძლება დაემართოს ქვეყანას, რომელიც თუნდაც ერთხელ დასავლეთისკენ გაიხედავს”

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო