გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის შემდეგ მიიღეს, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

„მიმდინარე კვირაში, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის დაწყებიდან 12 წლისთავი აღინიშნება. დღეს მოვუსმინეთ გენერალური მდივნის თანაშემწის, მიროსლავ იენჩას ბრიფინგს და 2008 წლის 7 აგვისტოს შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ვიმსჯელეთ. გვახსოვს ისინი, ვინც დაიღუპა, ვინც სახლი დაკარგა და ვწუხვართ იმ მცირე პროგრესის გამო, რომელიც კონფლიქტის გადასაჭრელად 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების შემდეგ იქნა მიღწეული. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“- აღნიშნულია განცხადებაში.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მის მიერ ამ რეგიონების ე.წ. სუვერენიტეტის აღიარება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების უწყვეტი ყოფნა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. სუვერენიტეტის აღიარება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ისევე როგორც საერთაშორისო წესრიგის ნორმებს. ის კიდევ უფრო ჰყოფს საზოგადოებას და რისკის ქვეშ აყენებს ჯანდაცვასა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას.

ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაძლიერებით ბოლო წლის განმავლობაში, მათ შორის „კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემიის დროს. ამ ისედაც სირთულებიით სავსე დროს, დე -ფაქტო ხელისუფლებები ეფექტურად ახორციელებენ სასაზღვრო კონტროლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და განაგრძობენ თვითნებურ დაკავებებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ დე-ფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლება უარს აცხადებს სამედიცინო ევაკუაციასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ისინი ასევე შეშფოთებას გამოხატავენ პანდემიასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის გამო.

„ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ იმ დეზინფორმაციული კამპანიის გამო, რომელსაც რუსეთი პანდემიასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე აწარმოებს, ასევე, იმ ყალბი პროპაგანდის გამო, რომელიც ადამიანების სიცოცხლის გადამრჩენელი ლუგარის ცენტრის მიერ გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით ვრცელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ დღეს კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმება მოიცავს რუსეთის მხრიდან ვალდებულებას, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ასევე ავალდებულებს მხარეებს, დაამყარონ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების მიმართ.

„მნიშვნელოვანია, რომ ისინი საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ, ღირსეულად და ნებაყოფლობით, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, დაბრუნდნენ," - აღნიშნულია განცხადებაში.

„ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი საკითხი. მიუხედავად შერიგების თაობაზე მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ მიცემული თავდაპირველი დაპირებისა, ვწუხვართ, რომ რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში პროგრესის შეფერხების მიზეზი გახდა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები დე- ფაქტო ხელისუფლებებს მოუწოდებენ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესაბამისი ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების აქტორების წვდომა უზრუნველყონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს