მიხეილ ჩხენკელი თავდაცვის უწყების ახალ პროექტზე - მოხარული ვართ შესაძლებლობით, ამ ძალზე მნიშვნელოვან პროექტში საკუთარი წვლილი შევიტანოთ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თავდაცვის უწყების მიერ დაწყებულ ახალ პროექტს დადებითად აფასებს, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.

ახალი პროექტი დღეს საზოგადოებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მნიშვნელობასა და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ზრუნვაზეა ორიენტირებული. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

„ჩვენი ქვეყნის განვითარების, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სამხედრო ძალებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას, გულისხმობს მრავალმხრივ განვითარებულ, თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ ჯარს, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო საქმეში მომზადებასთან ერთად, გამოირჩევიან მაღალი სამოქალაქო შეგნებით, ღრმად აცნობიერებენ სახელმწიფოსა და მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარების ამოცანებს. ამავე დროს, ეს გულისხმობს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისადმი სახელმწიფოს თანადგომას, საზოგადოების, განსაკუთრებით – ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებას შეიარაღებული ძალების როლისა და მნიშვნელობის შესახებ.

ამიტომ მივესალმებით თავდაცვის მინისტრის ინიციატივას, რომელიც ჯარისკაცზე ორიენტირებულ ახალ სოციალურ პოლიტიკას დაუდებს სათავეს. ბუნებრივია, ამ პროცესში განათლების სისტემას განსაკუთრებული როლი ეკისრება. ჩვენ მოხარული ვართ შესაძლებლობით, რომ ამ ძალზე მნიშვნელოვან პროექტში საკუთარი წვლილი შევიტანოთ“,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციებს, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებსა და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას ითვალისწინებს.

მათი ინფორმაციით, ასევე, იგეგმება პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ სტუდენტებისათვის პრეზენტაციების გამართვა საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის და სხვა თემატური საკითხების შესახებ.

„ახალი ინიციატივა ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესების, სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული მეცნიერების განვითარებისა და ქართული ჯარის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას დაესწრნენ პროექტში ჩართული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც პროექტში მონაწილეობისთვის მზაობა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა