2020 წლის 10 აგვისტოს სრულდება 100 წელი „სევრის ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან. მაშინ როცა სომხეთში „სევრს“ საკმაოდ ხშირად ახსენებენ (ქვემოთ ვიტყვი, რატომ), საქართველოში ამ ხელშეკრულების შესახებ მხოლოდ სპეციალისტებმა იციან.
ხელშეკრულება არ ყოფილა რატიფიცირებული მისი ხელმომწერი მხარეების მიერ და პირდაპირი გაგებით არც განხორციელებულა. მაგრამ „სევრის ხელშეკრულებამ“ ირიბად განაპირობა ისეთი გეოპოლიტიკური შედეგები, მათ შორის სამხრეთ კავკასიისათვის, რომლებიც დღემდე ძალაშია.
I მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიის მონაწილეობა დამარცხებით დასრულდა 1918 წლის 30 ოქტომბერს, როდესაც სულტნის მთავრობამ დიდ ბრიტანეთთან ხელი მოაწერა „მუდროსის დაზავებას“. პრაქტიკულად, ეს იყო კაპიტულაცია ანტანტის წინაშე: ოსმალეთის არმია უნდა დემობილიზებულიყო, მისი სამხედრო შეიარაღება გამარჯვებულ მხარეს უნდა განეკარგა, ოსმალეთის ნავსადგურები ანტანტას უნდა დაქვემდებარებოდა.
დამარცხებულ ოსმალეთთან საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების დადება კი დროში გაიჭიმა, რადგან გამარჯვებული მოკავშირეები დიდხანს ვერ შეთანხმდენ ხელშეკრულების პირობებზე.
საბოლოოდ, პარიზის გარეუბან სევრში, ფაიფურის სახელგანთქმული მანუფაქტურის სადემონსტრაციო დარბაზში, 1920 წლის 10 აგვისტოს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, ერთი მხრივ, ოსმალეთის იმპერიის მთავრობას და, მეორე მხრივ, ანტანტისა და მისი მოკავშირე ქვეყნების მთავრობებს შორის.
ხელმომწერთა შორის იყო სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციაც, რომელიც ძალიან აქტიურობდა წინასწარი მოლაპარაკების დროს. მას სომხური ლობიც ეხმარებოდა. საქართველო სევრში წარმოდგენილი არ ყოფილა.
„სევრის ხელშეკრულება“ ოსმალეთის იმპერიისათვის უმძიმესი იყო. მისი პირობებით ოსმალეთი უარს ამბობდა ყველა ტერიტორიაზე აზიასა და აფრიკაში. ომამდე კი ის ფლობდა არაბეთის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილს, მესოპოტამიას, სირიას, პალესტინას. ეგვიპტეც კი მისი ნომინალური ნაწილი იყო.
მცირე აზიაში (იმავე ანატოლიაში) მას სულ მცირე ტერიტორიას უტოვებდნენ, გასასვლელით შავ ზღვაზე. ევროპაში ოსმალეთს ფორმალურად რჩებოდა საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული სტამბოლი და ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების მომდებარე ტერიტორია (იხ. ნახაზი).
--
ნახ. ოსმალეთის დანაწევრების გეგმა 1920 წლის „სევრის ხელშეკრულების“ თანახმად
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, თავიდან -- რუსეთის იმპერია, მოგვიანებით -- იტალია ჯერ კიდევ მსოფლიო ომის დროს ფარულად გეგმავდნენ ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიის გაყოფას.
რუსეთის იმპერია 1917 წელს დაემხო, ხოლო ბოლშევიკური რუსეთი, 1918 წლის მარტში „ბრესტის ზავით“ სეპარატულად გაურიგდა მოწინააღმდეგეს და ანტანტას ჩამოშორდა. ამიტომაც რუსეთს ტერიტორიული ნადავლის წილი არ ეკუთვნოდა.
სხვა გამარჯვებულებმა კი თავისთვის დიდი ფართობი მოიზომეს გავლენის ზონების სახით. სირიას და ლიბანს საფრანგეთი დაეპატრონა, მესოპოტამია (ერაყს) -- ბრიტანეთი და ორივე გამარჯვებული უფრო ჩრდილოეთითაც აფართოებდა თავის გავლენის სფეროს. საბერძნეთს შეეძლო გაფართოებული დასავლეთ ანატოლიისა და აღმოსავლეთ თრაკიის ხარჯზე. „ხელშეკრულებაში“ ცოტა ბუნდოვნად ნახსენები იყო ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობაც კი.
აღმოსავლეთ ანატოლიის ნაწილები (ტრაპიზონის, ერზურუმის, ვანისა და ბითლისის ვილაიეთები), ფართობით 100 ათას კვ.კმ-ზე მეტი, უნდა გადასცემოდა იმ დროს დამოუკიდებელ სომხეთის რესპუბლიკას, რომელსაც ეჭირა რუსეთის იმპერიის დროინდელი ერევნის გუბერნია და ყარსის ოლქი. ახლა კი მას მკვეთრად ეზრდებოდა ტერიტორია და ის ფართო ფრონტით უნდა გასულიყო შავ ზღვაზე -- აჭარიდან თირებოლუმდე (ტრაპიზონის/ტრაბზონის დასავლეთით).
მაგრამ სომხეთისათვის გადასაცემი ტერიტორიის კონკრეტული საზღვრები „სევრის ხელშეკრულებაში“ მითითებული არ იყო და მათი არბიტრაცია ეთხოვა ამერიკის პრეზიდენტს ვუდრო ვილსონს. აშშ „სევრის ხელშეკრულებას“ ხელს არ აწერდა და, ამდენად, ნეიტრალურ არბიტრად იქნა მიჩნეული. პრეზიდენტ ვუდრო უილსონის ადმინისტრაციამ საზღვრები რუკაზე დაიტანა (ეს იყო ე.წ. „უილსონისეული სომხეთი“), მაგრამ ეს მოახერხა მხოლოდ 1920 წლის დეკემბერში, როდესაც ზედაპირზე სულ სხვა რეალობა შეიქმნა.
ხელშეკრულების დადების გაჭიანურებამ მისი შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა.
უკვე 1919 წლიდან ანატოლიაში ძალას იკრებდა თურქი ხალხის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა I მსოფლიო ომის დროს გმირობით გამორჩეული გენერალი მუსტაფა ქემალი (მომავალში ქემალ ათათურქის სახელით ცნობილი).
მის მიმდევრებს „ქემალისტები“ დაერქვათ. შუა ანატოლიაში, სადაც ანტანტის ჯარებს არ მიუღწევიათ, მათ დაიწყეს ოსმალეთის იმპერიის ძირგამომპალი რეჟიმის ოპოზიციური ძალების შემოკრება და არმიის ხელახალი ფორმირება. კონფლიქტები
პატრიოტული აღმავლობისათვის კატალიზატორის როლი ითამაშა ბერძნული არმიის მიერ სანახევროდ ბერძნებით დასახლებული სმირნის (იზმირის) დაკავებამ (1919 წლის 15 მაისი) და იქიდან დასავლეთ ანატოლიის სხვა ქალაქებსა და სოფლებში შესვლამ, რასაც ძალადობა და ეთნიკური კონფლიქტები ახლდა თან.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მტრის ხატმა დარაზმა დამარცხებული ქვეყნის იქამდე დემორალიზებული ხალხი: თურქები (სწორედ ამ სახელით, და არა როგორც „ოსმალები“) ახლა მამულისათვის იბრძოდნენ, მაშინ როცა მსოფლიო ომში არაბებით დასახლებული დამასკოს, იერუსალიმის, აკაბას თუ ბაღდადის დაცვის დროს ანატოლიელი თურქები ვერ გრძნობდნენ სამშობლოს. ქემალისტები ქვეყნის სახელად იყენებდნენ „თურქეთს“ (თიურქიე) და არა „ოსმალეთის იმპერიას“.
როდესაც სევრში ხელშეკრულების ხელმოწერა ხდებოდა, ქემალისტებს უკვე ჰყავდათ ბერძნებთან ბრძოლაში ნაწრთობი სამხედრო ნაწილები. უფრო ადრე, 1920 წლის თებერვალში, ოსმალეთის პარლამენტში მათ გაიყვანეს კანონი, რომელსაც „მისაკ-ი მილი“ (ეროვნული აღთქმა) ეწოდა.
მისი ექვსი მუხლი მეტნაკლები სიზუსტით განსაზღვრავდა ტერიტორიულ მოთხოვნებს მომავალი თურქეთისათვის. პირველი მუხლით ქემალისტები პრაქტიკულად უარს ამბობდნენ არაბებით დასახლებულ მიწებზე, როდესაც მათი მომავლის განსასაზღვრად რეფერენდუმის ჩატარებას თავაზობდნენ, მაგრამ თურქული უმრავლესობით დასახლებულ ტერიტორიას უპირობოდ აცხადებდნენ თურქი ერის სამშობლოდ.
„მისაკ-ი მილის“ მეორე მუხლი მოითხოვდა რეფერენდუმის ჩატარებას ყარსის, არტაანისა და ბათუმის სტატუსის განსასაზღვრად. ეს ტერიტორიები 1878 წლიდან რუსეთის იმპერიის, ხოლო 1918 წლიდან -- სომხეთისა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკების შემადგენლობაში იმყოფებოდა. რეალურად, ამ ტერიტორიის საგრძნობი ნაწილი თურქეთმა 1920-1921 წლებში დაიბრუნა ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე, სამხედრო ძალის გამოყენებით.
მართლაც, მთავარი იყო არა სიტყვიერი პროტესტი და აპელირება დასავლეთის დედაქალაქების მიმართ, არამედ რეალური სამხედრო ძალა. ქემალისტებმა შეძლეს აღედგინათ არმია და წარმატებით ეომათ ბერძნებთან-- დასავლეთით, სომხებთან -- აღმოსავლეთით, ფრანგებთან -- სამხრეთით.
ქემალისტებმა მოახერხეს საერთო ენა გამოენახათ საბჭოთა რუსეთთან, რომლისგანაც საკმაო სამხედრო-პოლიტიკური და ფინანსური დახმარება მიიღეს. ცნობილია მუსტაფა ქემალის 1920 წლის 26 აპრილის პირველი წერილი ვლადიმირ ლენინისადმი, სადაც ის წერდა, რომ მზადაა:
"აიღოს პასუხისმგებლობა მთელ ჩვენ მუშაობაზე, ყველა ჩვენ ოპერაციაზე რუსეთის ბოლშევიკებთან გასაერთიანებლად... თუ საბჭოთა ძალები გეგმავენ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დაწყებას... კავკასიიდან ინგლისელთა გასაძევებლად... თურქეთის მთავრობა თავის თავზე აიღებს ოპერაციებს იმპერიალისტური სომხეთის წინააღმდეგ და ვალდებულებას კისრულობს, აიძულოს აზერბაიჯანის რესპუბლიკა, შევიდეს საბჭოთა სახელმწიფოების წრეში".
კრემლი, უნდა ითქვას, განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე გამოეხმაურა ამ შეთავაზებას: მას დამოუკიდებლად მოქმედება ერჩივნა. მაგრამ ორი ძველი მეტოქე -- რუსეთი და თურქეთი -- ახალი ხელმძღვანელების -- ლენინისა და მუსტაფა ქემალის -- ხელმძღვანელობით გარკვეულ კომპრომისებზე წავიდა. 1921 წლის 16 მარტს მოსკოვის ხელშეკრულებით მათ სამხრეთ კავკასიაში ტერიტორიულ გამიჯვნას მიაღწიეს.
როდესაც ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ მსჯელობდნენ ოსმალეთთან დასადებ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, ქემალისტებმა გაწყვიტეს ურთიერთობა სტამბოლში მყოფ სულტნის მთავრობასთან და 1920 წლის აპრილში ქ. ანკარაში დააარსეს ახალი პარლამენტი -- „თურქეთის დიდი ეროვნული კრება (მეჯლისი)“.
სულტნის მთავრობის დელეგაციამ ხელი კი მოაწერა ხელშეკრულებას სევრში, მაგრამ მისი რატიფიკაცია ვერ მოხერხდა. ეს არც სხვა ხელმომწერ სახელმწიფოებს მოუხდენიათ.
„სევრის ხელშეკრულების“ ნაკლოვანება თავიდანვე ნათელი იყო: ყველა ხელმომწერ მხარეს საკუთარი ინტერესი ჰქონდა და ხელშეკრულების ყველა პუნქტის დაცვაზე არავინ ზრუნავდა.
იმდროინდელი მოვლენების მომსწრე ცნობილ ქართველ დიპლომატს ზურაბ ავალიშვილს კარგად ესმოდა, რომ სევრის ხელშეკრულება თვალთმაქცობა იყო. თავის წიგნში „საქართველოს დამოუკიდებლობა“ ავალიშვილმა ამ ხელშეკრულებას უწოდა „დასავლეთ ევროპის თვითმპყრობელობითი კოლექტიური აზრის ყველაზე უფრო ბოროტებით სავსე ნამოქმედარი“.
„სევრის ხელშეკრულების“ ცხოვრებაში გატარება მოითხოვდა ანტანტის სახელმწიფოების მიერ ათობით დივიზიის გაგზავნას ანატოლიაში. მაგრამ არც დიდ ბრიტანეთს და არც საფრანგეთს ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებიათ და ვერც გააკეთებდნენ, რადგან ომის დროს სისხლისაგან დაცლილი ორივე იმდროინდელი ზესახელმწიფოს მოსახლეობა მკვეთრად პაციფისტურად იყო განწყობილი.
საფრანგეთს სირიაში საკუთარი ტერიტორიული ამბიციის გარდა არაფერი აინტერესებდა. მცირერიცხოვანმა ფრანგულმა სამხედრო ნაწილებმა კილიკიელ სომხებთან ერთად ქემალისტებს რამდენიმე ბრძოლა გაუმართეს, დამარცხდნენ, მიატოვეს სომეხი მოკავშირეები და საბოლოოდ გაურიგდნენ თურქებს. 1920 წლის 20 ოქტომბერს ანკარაში დაიდო შეთანხმება (ფრანგულად -- Accord), რომლითაც განისაზღვრა სირია-თურქეთის საზღვარი: მისი დიდი ნაწილი დღემდე მიჰყვება „ბერლინ-ბაღდადის“ რკინიგზის ხაზს, რომლის ორივე მხარეს ქურთული ტომები ცხოვრობდნენ.
„ანკარის შეთანხმებით“ საფრანგეთმა დე-ფაქტო ცნო ქემალისტების მთავრობა და ფაქტობრივად გაააბათილა ორი თვით ადრე პარიზის გარეუბანში მის მიერვე ხელმოწერილი ხელშეკრულება! ფრანგული სამხედრო ნაწილები სირიაში წავიდნენ, საკუთარი შეიარაღება კი ქემალისტებს დაუტოვეს.
იტალიას არც უცდია მისთვის მიკუთვნებული გავლენის სფეროს დაუფლება.
ბრიტანელი გენერლები ამაოდ ურჩევდნენ საკუთარ მთავრობას არ მოეხვიათ ოსმალეთისათვის თავზე მისთვის ყოვლად დამამცირებელი ხელშეკრულება. ბრიტანული არმია დემობილიზებული იყო და ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ სიმბოლური ძალები ჰყავდა. მართალია, ბრიტანელებმა შეუნარჩუნეს თავისი გავლენის სფეროში მყოფ ერაყს ნავთობით მდიდარი მოსულის ვილაიეთი, რომელზეც პრეტენზია ჰქონდა თურქეთს. ვილაიეთის მოსახლეობა უმეტესწილად იყო ქურთი და არაბი, მცირე ნაწილი -- თურქმენები.
ამერიკის პრეზიდენტი ვუდრო უილსონი ძალიან ცდილობდა დაეყოლიებინა კონგრესი, რომ დახმარებოდა სომხეთის რესპუბლიკას. მაგრამ როდესაც 1920 წლის 24 მაისს ის შევიდა წინადადებით სენატში, რომ ამერიკას აეღო მანდატი სომხეთზე, სხვანაირად, მფარველობაში აეყვანა ის, სენატმა ერთი კვირის შემდეგ „პატივისცემით უარი განაცხადა პრეზიდენტის წინადადებაზე“: 96 სენატორიდან მხოლოდ 12-მა დაუჭირა მხარი პრეზიდენტს.
საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა ამერიკას იმ დროს არც უცვნია და არც რაიმე დახმარებას დაჰპირებია მათ.
ანტანტის „კეთილმა განზრახვამ“ -- ზემოხსენებულმა „სევრის ხელშეკრულებამ“ -- მკვეთრად დააჩქარა თურქეთის მიერ სომხეთთან ომის დაწყება და საზღვრების კონფიგურაციის შეცვლა სამხრეთ კავკასიაში.
1920 წლის სექტემბერში ქემალისტების არმიამ გენერალ ქიაზიმ კარაბექირის მეთაურობით დაიწყო ომი სომხეთის რესპუბლიკასთან, რომლის მთავრობა სრული სერიოზულობით მოითხოვდა „სევრის ხელშეკრულების“ დაუყოვნებლივ აღსრულებას. რეალურად კი სომხეთმა დაკარგა ისიც კი, რაც ადრე ჰქონდა.
მოგვიანებით ზოგიერთი სომეხი პოლიტიკოსიც სკეპტიკურად აფასებდა ამ ხელშეკრულების მუხლების აღსრულების შესაძლებლობას. მაგალითად, 1997 წელს სომხეთის რესპუბლიკის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა დაწერა: „როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ სევრის ხელშეკრულებაში მოხსენიებული ტერიტორიები, აღმოსავლეთ სომხეთის ნახევარი დავკარგეთ“.
სომეხმა პატრიოტებმა ეს და მსგავსი სიტყვები ტერ-პეტროსიანს არ აპატიეს და მომდევნო წელს ის იძულებული გახადეს გადამდგარიყო.
1920 წელს კი ქიაზიმ კარაბექირმა ორ თვეში დაამარცხა სომხეთის არმია და დაიპყრო ის ტერიტორიები, რომლებიც სომხეთს დარჩა რუსეთის იმპერიის კავკასიიდან გასვლის შემდეგ. კერძოდ, თურქებმა დაიკავეს ყარსის ოლქი და მასში შემავალი ქალაქები ყარსი, ოლთისი, სარიყამიში, ყაღიზმანი და ადრე ერევნის გუბერნიაში შემავალი (თავის დროზე რუსების მიერ სპარსეთისაგან დაპყრობილი) ნახჭევანი და სურმალუს მაზრა, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს არარატის მთა.
1920 წლის დეკემბრის დამდეგს ქ. ალექსანდროპოლში (ამჟამინდელი გიუმრი), სადაც უკვე იდგა თურქეთის ჯარი, ხელმოწერილი იქნა სომხეთისათვის კაბალური ხელშეკრულება, რომლითაც სომხეთის რესპუბლიკა აბათილებდა მის მიერვე ხელმოწერილ „სევრის ხელშეკრულებას“. სომხეთს რჩებოდა მხოლოდ ქ. ერევნისა და სევანის ტბის მიმდებარე რაიონები და ის პრაქტიკულად თურქეთის პროტექტორატი ხდებოდა.
მართალია, „ალექსანდროპოლის ხელშეკრულების“ ხელმოწერა მოხდა რამდენიმე საათით დაგვიანებით იმ მომენტიდან, როდესაც ერევანში შეიცვალა მთავრობა, რადგან იქ რუსეთის ბოლშევიკური არმია შევიდა და იქამდე მმართველმა პარტია „დაშნაკცუთიუნმა“ შექმნა კოალიცია სომეხ კომუნისტებთან. სომხურ ისტორიოგრაფიას შეუძლია ამტკიცოს, რომ „ალექსანდროპოლის ხელშეკრულებას“ იურიდიული ძალა არ ჰქონდა. ის, მართლაც, არ ყოფილა რატიფიცირებული არც ერთი მხარის მიერ. მაგრამ თურქეთის არმია უკვე იდგა სომხეთის მიერ „დათმობილ“ ტერიტორიაზე.
1921 წლის დასაწყისში თურქებმა დაიკავეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემავალი ართვინი, არტაანი და ბათუმი, იმ დროს, როდესაც საქართველოს უტევდნენ ბოლშევიკური რუსეთის არმიები.
ამ სამხედრო წარმატებების ფონზე მუსტაფა ქემალის მთავრობამ მიაღწია გარიგებას საბჭოთა მთავრობასთან და 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში გაფორმდა „მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულება“ ქემალისტურ თურქეთსა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის. თურქეთს ოფიციალურად გადაეცა 1878 წელს რუსეთის იმპერიისათვის დათმობილი ყარსის, ართვინისა და არტაანის ოლქები, რომლებსაც იმ დროისათვის რეალურად აკონტროლებდა თურქული არმია. თურქების მიერ ოკუპირებული ნახჭევანი, რომელზეც სომხეთს ჰქონდა პრეტენზია, აზერბაიჯანის სსრ-ს გადაეცა. ამავე დროს, მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად „თურქეთი უთმობდა საქართველოს სსრ-ს ქ. ბათუმსა და მიმდებარე ტერიტორიას“ მისთვის ადმინისტრაციული ავტონომიის მინიჭების პირობით.
თურქეთის მთავრობას სურდა ჰქონოდა იურიდიული გარანტია, რომ სამხრეთ კავკასიის თუნდაც გასაბჭოებული რესპუბლიკები (განსაკუთრებით, სომხეთი) მომავალში არ წაუყენებდნენ მას ტერიტორიულ პრეტენზიებს და მოითხოვა მათთანაც ხელშეკრულების გაფორმება, რაც, თეორიულად, ამ რესპუბლიკებს საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად აქცევდა, თუმცა, რეალურად, ისინი საბჭოთა რუსეთის მიერ იყვნენ ანექსირებული.
1921 წლის 13 ოქტომბერს „მოსკოვის ხელშეკრულების“ პირობების დუბლირებით ქ. ყარსში დაიდო „მეგობრობის ხელშეკრულება“ თურქეთსა და სამხრეთ კავკასიის სამ რესპუბლიკას შორის. ეს ხელშეკრულება ჯერაც ძალაშია.
სომხეთსა და მისი დიასპორის გამოცემებში დღემდე აქვეყნებენ „სევრის ხელშეკრულებით სომხეთისათვის მინიჭებული ტერიტორიების“ რუკას. სინამდვილეში ესაა „უილსონისეული სომხეთის“ რუკა, რომელიც მომზადდა მაშინ, როდესაც ზედაპირზე სულ სხვა პოლიტიკური რეალობა იყო შექმნილი. ასეთი კონფიგურაციის მქონე სომხეთს არასოდეს უარსებია.
უდღეური „სევრის ხელშეკრულების“ მაგალითი გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულება არ აძლევს პატარა ქვეყანას ხელშეუხებლობის გარანტიას, თუკი, რასაკვირველია, რომელიმე ზესახელმწიფოს მისთვის დახმარების გაწევა საკუთარი მიზნებისათვის არ დასჭირდა.
რევაზ გაჩეჩილაძე
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"