ექსპერტი ლაშა პატარაია - საარჩევნო პერიოდში ქართულ კიბერსივრცეში რუსული სპეცსამსახურები გააქტიურდებიან

"რეფორმერის" წევრის, უსაფრთხოების ექსპერტის ლაშა პატარაიას განცხადებით, 2020 წელს არჩევნების პერიოდში რუსული სპეცსამსახურების მხრიდან საფრთხეები გაძლიერდება.

„ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველებით დაწყებული, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების კიბერუსაფრთხოების ექსპერტებით დამთავრებული, აქტიურად მიდის საუბარი რუსული სპეცსამსახურების გააქტიურებაზე 2020 წლის საარჩევნო პერიოდში აშშ-ში და არა მხოლოდ. 2016 წელს მათ გაავარჯიშეს შესაძლებლობები, რომლებმაც აჩვენეს მსოფლიოს, რომ კიბერშესაძლებლობებით შესაძლებელია, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების არჩევნებზეც კი იქონიო გავლენა და შესაბამისად, გადაწყვიტო გლობალურ ძალთა ბალანსი“, - განაცხადა პატარაიამ.

უსაფრთხოების ექსპერტმა ლაშა პატარაიამ არჩევნების დროს მომხდარ რუსულ კიბერშეტევებზე სპეციალური პუბლიკაცია მოამზადა, რომელიც სათურით Hacking the US Elections Amazon-ზეც არის ხელმისაწვდომი და წამყვან კვლევით ორგანიზაციებშიც. ახლახანს პოლონეთის საელჩოს დაკვეთით, მან ანალიტიკური პროექტი სახელწოდებით „ჩუმი ომი“ განახორციელა, რომელიც NewEasternEurope-ის (https://neweasterneurope.eu/) სპეციალურ გამოცემაში გამოქვეყნდა და რუსული სპეცსამსახურების მოქმედებებს ეხებოდა, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ისე შემდგომ კიბერ შპიონაჟზე. ამ პუბლიკაციაში ნათლად არის წარმოჩენილი რუსული სპეცსამსახურების მოქმედების მეთოდები, ხერხები, ძალები და საშუალებები.

„რუსული სპეცსამსახურებისთვის საქართველოს კიბერსივრცე ხშირად არის ერთგვარი სათამაშო ადგილი მათი კიბერშემტევი შესაძლებლობების ტესტირებისა და დახვეწისთვის. ბევრი რამ, რისი დახვეწა და განხორციელებაც ხდება რუსული სპეცსამსახურების მიერ, უფრო მასშტაბური მოდელით გამოიყენება დასავლეთის წინააღმდეგ. ამასთან ერთად, მიმდინარე ჰიბრიდული ომის პირობებში, წლევანდელი არჩევნები განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებისთვის. ჩვენ უნდა ველოდოთ კომპლექსურ კიბერშეტევებს არა მარტო ინფორმაციის მოპარვისა და პოპულარული ადგილობრივი ინტერნეტრესურსების დაზიანებას, როგორც ხდება ხოლმე, არამედ აქტიურ კიბერპროპაგანდისტულ მუშაობას. არჩევნებამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში ვიხილავთ “ტროლებს“, „ბოტებს“, საინფორმაციო დეზინფორმაციულ კამპანიებს, ყალბ ახალ ამბებს, ახალ ინექციებს საზოგადოებრივ განწყობაში და რუსული ნარატივის სრულ არქიტექტურას საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა პატარაიამ.

როგორც ლაშა პატარაია აღნიშნავს, უკვე გასაჯაროებული კვლევებიდან გამომდინარე და კიბერუსაფრთხოებისა და ეროვნული უსაფრთხოების პროფესიულ წრეებში გავრცელებული აზრით, პროფესიული ობზერვაციითა და ისტორიული მონაცემების ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო პერიოდში ვიხილავთ უცხო ქვეყნის მიერ განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნოლოგიური ასპექტით და რომლის მიზანებიც იქნება: კიბერშეტევები, რომლებიც მიმართული იქნება საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე და კიბერ ღონისძიებებს, რომლებიც გატარდება პოლიტიკურ პარტიებთან, ორგანიზაციებთან და სხვადასხვა კამპანიებთან მიმართებაში, ასევე გავლენის მოპოვებაზე მიმართულ ღონისძიებებს, მათ შორის, კომპრომეტირებისა და შანტაჟის აქტებს გადაწყვეტილების მიმღებ თუ მაღალი საზოგადოებრივი გავლენის მქონე პირებსა და ორგანიზაციებზე.

„აქტიური ღონისძიებების ფორმებად გამოყენებული იქნება დეზინფორმაციის გავრცელება, მონაცემებით მანიპულირება, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და ახალი ნარატივების ინექცია, ასევე სხვადასხვა კიბერ და პროპაგანდისტული დაჯგუფებების გამოყენება, წვდომის მოპოვება სხვადასხვა მნიშვნელოვან ელექტრონულ აქტივებზე, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნულ უსაფრთხოებასთან და სხვა ღირებულ ინფორმაციასთან.

ეს განცხადება არ ემსახურება ადამიანების ალარმიზებას და ისედაც დაძაბული საზოგადოების დასტრესვას, ჩვენი მიზანია შესაბამისმა სამსახურებმა გაითვალისწინონ აღნიშნული საფრთხის მნიშვნელობა, ამ სფეროს მიენიჭოს ადეკვატური პრიორიტეტულობა და გატარდეს შესაბამისი პრევენციული ზომები, სხვა შემთხვევაში, ისე როგორც იყო აქამდე, მოგვიწევს ყოფნა რეაქციულ რეჟიმში“, - განაცხადა პარტია "რეფორმერის" წევრმა, უსაფრთხოების ექსპერტმა ლაშა პატარაიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „რეფორმერი“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა