ბექა ნაცვლიშვილი - რეზოლუციის პროექტს დავარეგისტრირებთ, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები განხორციელდეს

ფრაქცია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი” რეზოლუციის პროექტს დაარეგისტრირებს, სადაც გაწერილი იქნება საკითხები, რომელიც პროექტის ავტორების შეფასებით, ქვეყანაში ნორმალური არჩევნების ჩატარებისთვის უნდა განხორციელდეს.

როგორც ფრაქციის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, პროექტის მიხედვით სასამართლო და პროკურატურა უნდა გათავისუფლდეს მმართველი პარტიის წნეხისგან, ამასთან, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის იმ წარმომადგენლებს, “რომლებიც პირდაპირ არიან უსამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული, საქმიანობის უფლება უნდა შეუჩერდეთ”.

„დავარეგისტრირებთ რეზოლუციის პროექტს, რომლის საფუძველზე პარლამენტმა უნდა დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი. მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული არჩევნების ჩატარება არ იქნება საკმარისი, თუ ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, პარლამენტის წევრმა არ გაიზიარა ის პასუხისმგებლობა, რამ მოიყვანა ქვეყანა ამ ვითარებამდე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პარლამენტარი, რომელიც რეზოლუციის პროექტს მხარს დაუჭერს, აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები განხორციელდეს.

ჩვენ ჩამოვთვლით იმ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში ნორმალური არჩევნების ჩატარებისთვის და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყნის ცივილიზებულ სახელმწიფოდ გადაქცევისთვის.

სასამართლო და პროკურატურა უნდა გათავისუფლდეს მმართველი პარტიის წნეხისგან. შეუჩერდეთ საქმიანობის უფლება სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ არიან უსამართლო გადაწყვეტილებებეთან დაკავშირებული.

პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის თანამდებობის პირი, ვისაც ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების დროს აქვს დანაშაული და პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო არ დგას მათ მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი. სასწრაფოდ გადაწყდეს ხელისუფლების

მხრიდან უფლებაშელახული და ქონებაწართმეული მოქალაქეების საკითხი და მიანიჭოს მათ დაზარალებულის სტატუსი.

შეჩერდეს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე მმართველი პარტიის მიმართ ლოიალობის ნიშნით თანამშრომლების შერჩევა, რათა ერთხელ და სამუდამოდ განხორციელდეს სახელმწიფო ბიუროკრატიისა და მმართველი გუნდის ერთმანეთისგან გამიჯვნა.

განხორციელდეს თვითმმართველობის რეალური რეფორმა, რათა ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს ხალხს ადგილობრივ დონეზე საკუთარი ინტერესების მიხედვით რესურსების განკარგვისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლება. განხორციელდეს შრომის კანონმდებლობის რეალური რეფორმა. ყველა დასაქმებული დაცული იყოს პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით უსამართლო სამსახურის დაკარგვისგან, რათა მათ თამამად მიიღონ გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის.

დასრულდეს ადამიანების მანიპულირების მიზნით მათი სიღარიბეში ჩატოვების პოლიტიკა, ანტისოციალური პოლიტიკა და სოციალური პოლიტიკა გახდეს არა ადამიანების ფიზიკურ შენარჩუნებაზე ორიენტირებული, არამედ მათ განვითარებაზე ორიენტირებული. გატარდეს მკაცრი ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი საჯარო სიკეთეები და სახელმწიფო რესურსი არის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნეს ჯგუფების ხელში. დაწყებული ჯანდაცვიდან, გაგრძელებული ენერგეტიკით. ყველა სახელმწიფო საწარმოზე დამყარდეს საჯარო კონტროლი, რათა ისინი მოემსახუროს ხალხს და არა მარტო პარტიას”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, რეზოლუციის პროექტის მიხედვით, პოლიტიკოსების მხრიდან პროდასავლურებად და პრორუსულებად დაყოფა უნდა დასრულდეს.

ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროპორციული არჩევნები არაფრისმომცემი იქნება.

“პოლიტიკური პარტიების მხრიდან მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იქნას მკაფიო პროგრამული, მომავალზე ორიენტირებული პაექრობა. დასრულდეს პოლიტიკური პარტიების მიერ ტერიტორიული კონფლიქტებით საზოგადოებით მანიპულაცია და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ქვეყნის გამთლინების მიზნით, თუგინდ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გზით. დასრულდეს პოლიტიკოსების მხრიდან უსაგნო დაყოფა პროდასავლურებად და პრორუსულებად, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაში ანტიდასავლურ განწყობებს. მოხდეს საქართველოს ცივილიზაციული არჩევანის, ევროპასთან დაახლოების პრაქტიკული და გააზრებული განხორციელება. დასრულდეს ადამიანების გაყოფა პროგრესულებად და ჩამორჩენილებად. დასრულდეს პოლარიზაცია. ესაა ის პირობები, რომელიც აუცილებელი იქნება თუგინდ პროპორციულად ჩატარებული არჩევნების შედეგად ქვეყანაში განხორციელდეს საერთო ზეპარტიული კონსენსუსის საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები არაფრისმომცემი იქნება. ჩვენ ჩავრჩებით იმ სავალალო მდგომარეობაში, რომელშიც ვიმყოფებით”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს